ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჟურნალისტი: აღმოსავლეთ უკრაინა სულ უფრო ძნელი გასაკონტროლებელია


A pro-Russian gunman is seen behind barricades topped by a flag of the self-proclaimed Donetsk People's Republic, in Slovyansk, eastern Ukraine, May 8, 2014.
A pro-Russian gunman is seen behind barricades topped by a flag of the self-proclaimed Donetsk People's Republic, in Slovyansk, eastern Ukraine, May 8, 2014.
ამერიკის ხმის კორესპონდენტი პატრიკ ველსი კრამატორსკიდან მოგვითხრობს.

აქ ქალაქ კრამატორსკში შესასვლელია. კიევის მთავრობა ამბობს, რომ ის ამ ქალაქს მეტწილად აკონტროლებს. სეპარატისტები ამბობენ, რომ სლავიანსკისთვის ალყის შემოსარტყმელად მიმავალმა მთავრობის ძალებმა აქ კვირას გაიარეს, მათ საკონტროლო პუნქტებს ესროდნენ და ზოგიერთი დაშალეს.

მაგრამ სამთავრობო ჯარები წარმატების გასამაგრებლად არ დარჩნენ და ადგილზე ნათლად ჩანს, რომ პრო-რუსულმა ძალებმა ამ ტერიტორიის უმეტესი ნაწილის კონტროლი მტკიცედ დაიბრუნეს.

დონეცკსა და სლავიანსკს შორის 112 კილომეტრიან ტრასაზე, მხოლოდ ორი სამთავრობო საკონტროლო პუნქტის შენიშვნა მოხერხდა. გზის დანარჩენ ნაწილზე ამბოხებულები დომინირებდნენ, მათ შორის ბევრი კარგად იყო შეიარაღებული.


კრამატორსკის ცენტრში ჯერ ისევ ბარიკადებია აღმართული, რომელსაც კეტებით და რკინის ჯოხებით შეიარაღებული მამაკაცები იცავენ. ისინი ამბობენ, რომ უბრალო ადგილობრივები არიან, რომლებიც საკუთარი მიწის დაცვას ცდილობენ.

„კრამატორსკში უკრაინული ჯარი შემოვიდა. მათ ქალაქის გაწმენდა სურთ. მათ არავინ ესვრის და წინააღმდეგობას არ უწევს. ხალხი აქ რეფერენდუმის მოთხოვნით დგას, მათ კი სროლა უნდათ.“

მაგრამ რამდენიმე ადამიანმა, რომლებსაც გადაღების ძალიან ეშინოდათ, ჩუმად გვითხრა, რომ ესენი რუსეთის მიერ დაფინანსებული წვრილმანი დამნაშავეები იყვნენ, რომლებიც გაქცეულ პრეზიდენტ იანუკოვიჩთან იყვნენ დაკავშირებულნი.

წყნარ ქუჩებში, ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის, მოქალაქეები სულ ცოტა ხნის წინ დამწვარ ავტომობილებსა და ტრამვაის შორის დადიოდნენ და ნაღდი ფულის მისაღებ რიგში დგებოდნენ. ნაღდი ფული ამჟამად ნაკლებად ხელმისაწვდომია.

პენსიონერი ლუდმილა სიტნიკი ამბობს, რომ კიევის ახალ მთავრობას ვერ იტანს, მაგრამ სეპარატისტებისაც ეშინია.

„ბევრი საკონტროლო პუნქტის გავლა გვიწევს და გვეშინია, რომ ჩვენი მანქანა რომელიმე შეიარაღებულმა ყმაწვილმა არ წაგვართვას. ისინი აქ არ დგანან, ისე უბრალოდ. ისინი ადამიანებსაც ესვრიან. მათ ტვინი სულ არ აქვთ და არ ენაღვლებათ, თუ ვის ესვრიან.“

გზის გაგრძელებაზე, სლავიანსკის გარეუბანში, უკრაინელი სამხედროები მანქანებს იარაღის და საბრძოლო მასალების აღმოსაჩენად ამოწმებდნენ, თუმცა ბევრი შეტყობინება ვრცელდება, რომ ქალაქი სინამდვილეში ბლოკირებული არ არის და ის ამბოხებულები, რომლებმაც შემოვლითი გზები იციან, თავისუფლად გადაადგილდებიან.

ამ რეგიონში ჯარების გაგზავნის გადაწყვეტილებამ, ბევრ ადგილობრივ მოსახლეში კიევისადმი მხარდაჭერა შეამცირა. ბოლო დღეებში, ჯვარედინ სროლაში რამდენიმე სამოქალაქო პირი დაიღუპა. მათ შორის 21 წლის ექთანი.

„ყველა ეს ცუდი რამ მას შემდეგ დაიწყო, რაც აქ უკრაინის ახალი მთავრობა მოვიდა. იანუკოვიჩის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხალხი მშვიდად ცხოვრობდა. ეს ყველაფერი მაიდანის აჯანყებამ გამოიწვია.“

კონსტანტინოვკასთან მოწყობილ საკონტროლო პუნქტზე, სეპარატისტები, რომლებმაც კამერის წინ გამოჩენაზე უარი განაცხადეს, კალაშნიკოვის ავტომატებით, სნაიპერის შაშხანებით და ტყვიამფრქვევებით იყვნენ შეიარაღებულნი. ერთ მომენტში ადგილობრივი პოლიციელებით სავსე ფურგონმა ჩაიარა, მაგრამ მათთვის ყურადღება სულ არ მიუქცევიათ.

როგორც ჩანს, მთავრობის მცდელობის მიუხედავად, რეგიონი სულ უფრო ძნელი გასაკონტროლებელი ხდება.
XS
SM
MD
LG