დიდი ბრიტანეთი ჩრდილოეთ კორეაში მის საელჩოს დროებით ხურავს. ლონდონმა ქვეყნიდან ყველა დიპლომატი გაიყვანა. მიზეზი ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, ფხენიანის მიერ დაწესებული მკაცრი ზომებია.
ჩრდილოეთ კორეამ საზღვრები ჩაკეტა და აცხადებს, რომ ქვეყანაში კოვიდ-19-ის არცერთი შემთხვევა არაა.
საზღვრის დაკეტვა ბრიტანეთის განცხადებით, ხელს უშლის მათი თანამშრომლების როტაციას.
„ქვეყანაში შესვლის შეზღუდვებმა შეუძლებელი გახადა ჩვენი თანამშრომლების როტაცია და საელჩოს მუშაობის გაგრძელება“, - განაცხადა დიდი ბრიტანეტის საგარეო უწყების პრესსპიკერმა.
ლონდონი აცხადებს, რომ ისინი შეინარჩუნებენ დიპლომატიურ ურთიერთობებს ჩრდილოეთ კორეასთან და „წარმომადგენლობას აღადგენენ ფხენიანში, როგორც კი ეს შესაძლებელი გახდება“.
ახალი ვირუსის გავრცელებასთან ერთად, ფხენიანმა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები დააწესა. უცხოეთის ყველა მოქალაქეს საკუთარი საცხოვრებლის დატოვება აეკრძალა.
მოგვიანებით შეზღუდვები შემსუბუქდა. ფხენიანმა დიპლომატებს და სხვებს მარტში მისცა ქვეყნის დატოვების უფლება. ფხენიანში დიპლომატიური წარმომადგენლობა ბევრმა სახელმწიფომ შეაჩერა, მათ შორის - გერმანიის და საფრანგეთის საელჩოებმა.
ქვეყანაში ასობით უცხოელი რჩება.
Facebook Forum