ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა რუსეთთან ბირთვულ შეთანხმებას 6 თვეში ეტაპობრივად დატოვებს


ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ამერიკა შაბათს ოფიციალურად დატოვებს 1987 წელს საბჭოთა კავშირთან გაფორმებულ ბირთვულ შეთანხმებას, რომელიც მხარეებს საშუალო რადიუსის სახმელეთო ბირთვული ქობინების შექმნის უფლებას უზღუდავს.

ხელშეკრულებიდან გამოსვლამდე პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთს 60 დღიანი ვადა მისცა იმისთვის, რომ მოსკოვს შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესრულება დაეწყო. ხელშეკრულების დატოვების მიზეზად ამერიკული მხარე რუსეთის მიერ სწორედ მისი პირობების დარღვევას ასახელებს. კრემლი ამერიკული მხარის ბრალდებებს უარყოფს.

"რუსეთის მიერ შეთანხმების პირობების დარღვევა საფრთხეს უქმნის მილიონობით ამერიკელსა და ევროპელს. ჩვენ ვალდებულნი ვართ, რომ ამას შესაბამისი პასუხი გავცეთ", - განაცხადა დღეს სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე ამერიკის პირველმა დიპლომატმა, მაიკ პომპეომ და განმარტა, რომ ამერიკულმა მხარემ რუსეთს საკმარისზე მეტი დრო მისცა იმისთვის, რომ ვალდებულებების შესრულება დაეწყო.

"წლების განმავლობაში რუსეთი ხელშეკრულების პირობებს ყველანაირი სინანულის გარეშე არღვევდა", - განაცხადა პომპეომ.

2 თებერვლიდან 6 თვის განმავლობაში ამერიკა ეტაპობრივად დატოვებს ხელშეკრულებას.

პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამ შეთანხმების დატოვების შესაძლებლობაზე უკვე დიდი ხანია საუბრობდნენ. ისინი მოსკოვს ადანაშაულებდნენ იმაში, რომ რუსული მხარე მის პირობებს 2014 წლიდან არღვევდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG