ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტვიტერმა ტრამპის ე.წ. ტვიტს გაფრთხილება დაურთო


კვირას, სოციალურმა ქსელმა, "ტვიტერმა", პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ერთ-ერთი "ტვიტი" მონიშნა და მას სპეციალური გაფრთხილება დაურთო. პრეზიდენტმა დაწერა, რომ მას ახალი კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტი გამოუმუშავდა. "ტვიტერის" განმარტებით, პრეზიდენტის ეს განცხადება, არღვევს მათ წესებს, კოვიდ 19-ის შესახებ შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით.

პრეზიდენტის "ტვიტის" მიხედვით, თეთრი სახლის ექიმებმა მას უთხრეს, რომ ის გამოჯანმრთელდა და ეს იმას ნიშნავს, რომ კორონავირუსი აღარ დაემართება. "ტვიტერმა", პრეზიდენტის ეს განცხადება, მონიშნა და გაფრთხილება დაურთო.

"ამ "ტვიტმა", დაარღვია "ტვიტერის" წესები, კოვიდ 19-თან დაკავშირებული შეცდომაში შემყვანი და პოტენციურად საზიანო ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით", წერია "ტვიტერის" მიერ გამოქვეყნებულ განმარტებაში. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტის "ტვიტი" არ დაბლოკილა და ის კვლავ საჯაროა.

"ტვიტერის" წარმომადგენელმა, სააგენტო "როიტერს" უთხრა, რომ პრეზიდენტის განცხადება "შეიცავდა შეცდომაში შემყვან ინფორმაციას ჯანდაცვის საკითხთან დაკავშირებით".

კვირას, პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ, სრულად განიკურნა კოვიდ 19-ისგან და ის არ წარმოადგენს საფრთხეს სხვებისთვის. პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ აღარც მას დაემართება ვირუსი და არც სხვებს გადასდებს მას. ტრამპის თქმით, მას უკვე შეუძლია აქტიურად დაუბრუნდეს თავის წინასაარჩევნო კამპანიას და საპრეზიდენტო რბოლას, რომელიც ახლა გადამწყვეტ ფაზაშია.

პრეზიდენტმა, გასულ პარასკევს, 2 ოქტომბერს, ტვიტერის მეშვეობით აცნობა საზოგადოებას, რომ მას და პირველ ლედის კორონავირუსი ჰქონდათ. ამის შემდეგ, ტესტი გაუკეთეს მის გარემოცვას და აღმოჩნდა, რომ რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირს, ასევე დაუდასტურდა კოვიდ-19.

მეცნიერულად ჯერ არაა დაზუსტებული, თუ რამდენი ხნით გამოუმუშავდებათ ანტისხეულები ადამიანებს, ვინც კორონავირუსი გადაიტანა და რა დროის განმავლობაში არიან ისინი დაცული ხელმეორედ ინფიცირებისგან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG