ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი მედიაზე ზეწოლას აგრძელებს


პრემიერ-მინისტრი საინფორმაციო საშუალებებს ანტისამთავრობო გამოსვლების პოპულარიზებაში ადანაშაულებს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:22 0:00
ბმული

თურქ ჟურნალისტთა პროფესიული კავშირი ამტკიცებს, რომ ბოლო დროს მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლების გაშუქების გამო სულ ცოტა 22 ჟურნალისტი სამუშაოდან იქნა დათხოვილი. 37 ჟურნალისტი კი აიძულეს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება თვითონ დაეწერა. ამას გარდა, მემარცხენე გაზეთების რედაქციებში პოლიციამ ჩხრეკა მოაწყო და ჟურნალისტები ტერორიზმის წინააღმდეგ ბძოლის საბაბით დააპატიმრეს.

თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ ტაიპ ერდოღანი საინფორმაციო საშუალებებს ანტისამთავრობო გამოსვლების პოპულარიზებაში ადანაშაულებს. ის გამუდმებით იმეორებს, რომ თურქეთში მიმდინარე გამოსვლების მიღმა ეროვნული და საერთაშორისო მედია დგას და ეს ყველაფერი მის და მმართველი სამართლიანობის და განვითარების პარტიის წინააღმდეგ არის მიმართული. თუმცა, როგორც „სი-ენ-ენის“ თურქული განყოფილების ტელეწამყვანი, ასლი აიდინტაშბაში ამბობს, მთავრობის დევნა ამჯერად მედიის წამყვან საშუალებებზეც გავრცელდა.

„მედია მთავრობის სამიზნე მხოლოდ იმიტომ გახდა, რომ ისინი საინფორმაციო საშუალებებით ახალ ამბებს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აშუქებდნენ. რამდენიმე კვირის წინ მთავრობა ერთ-ერთ გაზეთს და ტელეარხს დაესაკუთრა და საკუთარი პარტიიდან პარლამენტის ყოფილი წევრები მთავარ რედაქტორებად დანიშნა. შედეგად მივიღეთ ის, რომ 9 წამყვანმა ჟურნალისტმა სამსახური დატოვა. გაზეთი კი ამ რამდენიმე კვირაში მთავრობის პოლიტიკის გამტარებელ საინფორმაციო საშუალებად იქცა. არიან ისეთებიც, ვინც სამსახური სამთავრობო მედიაში დაკარგა. ისინი ნაკლებად აგრესიულად აშუქებდნენ საპროტესტო აქციებს“ - ყვება „სი-ენ-ენის“ თურქული სამსახურის ტელეწამყვანი.

ივლისის თვეში საერთოდ დაიხურა ერთ-ერთი ძალზე პოპულარული ჟურნალი, რომელიც ანტისამთავრობო პროტესტების მიმდინარეობას დეტალურად აშუქებდა. მისი ბოლო ნომერი მთლიანად ეძღვნებოდა სტამბოლის გეზის პარკს. სწორედ იმ პარკს, რომელშიც მშენებლობის დაწყება იგეგმებოდა და რომლის გადარჩენის გამო დაწყებული აქციებიც მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციებში გადაიზარდა.

რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, გამოსვლების დასაწყისში მედია იმდენად პასიურობდა, რომ საზოგადოების საყოველთაო კრიტიკის საგანი გახდა. ევროკავშირიც კი თურქულ საინფორმაციო საშუალებებს მოვლენების არასაკმარისი გაშუქების გამო აკრიტიკებდა. იმ ღამით, როცა მდგომარეობა განსაკუთრებით გამწვავდა, ერთ-ერთ პოპულარულ ტელეარხზე გაუშვეს ხანგრძლივი დოკუმენტური ფილმი პინგვინებზე, რამაც მაყურებლის დიდი აღშფოთება გამოიწვია. ამის შემდეგ, დემონსტრანტებმა პინგვინი პროტესტის სიმბოლოდაც კი აქციეს. მოვლენებმა მედიას დიდი კვალი დაატყო, აღნიშნავს გაზეთ „მელიეთის“ პოლიტიკური მიმომხილველი კადრი გურსელი.

„ელექტროშოკის მაგვარი გავლენა ქონდა მთავარ მედიის საშუალებებზე. მათ აღმოაჩინეს, რომ ჯერ კიდევ ჰქონდათ შემორჩენილი ვაჟკაცობა და ნება. მიხვდნენ, რომ წინ მკითხველები და მაყურებლები, მათი მთავარი კლიენტები დგანან. თითქოს აქამდე, გეზის პარკის ამბებამდე მხოლოდ ერთი მაყურებელი ჰყავდათ, თავად ბატონი პრემიერ-მინისტრი. ახლა, პირველად გაჩნდა იმედისმომცემი სიგნალები. თუმცა, კატეგორიულად ოპტიმისტი ვერ ვიქნები“ - ამბობს პოლიტოლოგი.

მისი სიფრთხილე იმით არის გამოწვეული, რომ თურქული მედიის ძირითად ნაწილს დიდი ბიზნესების კონგლომერატი ფლობს, რომელთაც მხოლოდ ჟურნალისტიკა არ აინტერესებთ. კადრი გურსელს მიაჩნია, რომ ისინი მზად არიან ამ ეტაპზე ჟურნალისტებს ცოტა მეტი თავისუფლება მისცენ. თუმცა, ეს მიდგომა შეიძლება ძალიან მალე შეიცვალოს.

„მთავრობას ყოველთვის გააჩნია საკმარისი ბერკეტები, რომ მედიის საშუალებების მფლობელებზე წნეხი გამოიყენოს. მათ ისეთი ინტერესების შესახებ შეახსენოს, რომელიც არა ჟურნალისტიკის, არამედ ეკონომიკის სფეროებში დევს. დიდი ბიზნესების მოგება ხომ სამთავრობო რეგულაციებზე პირდაპირ არის დამოკიდებული“ - აღნიშნავს გაზეთ „მელიეთის“ პოლიტიკური მიმომხილველი.

ჯენგიზ აქტარი, პოლიტიკურ მეცნიერებათა სპეციალისტი სტამბოლის ბაღჩისარაის უნივერსიტეტიდან, თვლის, რომ მედია ისედაც დიდი ხანია, რაც თურქეთში დისკრედიტირებულია. პარალელურად ძლიერდება სოციალური მედია, რომელიც ტრადიციულ საშუალებებს დიდ კონკურენციას უწევს.

ჯენგიზ აქტარის თქმით, „ახალგაზრდებს მედია საერთოდ აღარ აინტერესებთ. ისინი ფეისბუქის, ტვიტერის, თუ სხვა ელექტრონული საშუალებით ეკონტაქტებიან ერთმანეთს. ტელევიზორს საერთოდ არ უყურებენ, არც გაზეთებს კითხულობენ. უბრალოდ საერთოდ აღარ არის ეს მოდაში. გინდ სიმართლე წერე და გინდ ტყუილი, უბრალოდ ვადაგასული და უიტერესოა მათთვის“.

თუმცა, პრემიერ-მინისტრს მხედველობიდან არც სოციალური მედია გამორჩენია. ერდოღანმა სოციალური მედია დაახასიათა, როგორც საზოგადოებისთვის ბოროტების შემცველი საფრთხე და დაიმუქრა კიდეც, რომ შესაბამის ზომებს მიიღებს. თურქეთში ანტისამთავრობო მიტინგების გაგრძელების ფონზე, უნდა ვივარაუდოთ, რომ მთავრობის ზეწოლა ქუჩებში და მედიის საშუალებებზე, სოციალური იქნება ეს თუ ტრადიციული, კიდევ უფრო გაძლიერდება.
XS
SM
MD
LG