„მედიატორის როლი მშვიდობის განმტკიცებაში: ახალი ნაბიჯები, მიდგომები და ინიციატივები“ - ამ სახელწოდებით გამართულ შეხვედრას სტამბულში სხვადასხვა ქვეყნების მოქმედი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრები და წამყვანი ექსპერტები ესწრებოდნენ. კონფერენცია თურქეთის და ფინეთის მიერ სტამბულში მედიაციის საერთაშორისო ცენტრის დაარსების ინიციატივის ერთ-ერთი ნაწილია.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმედ დავუთოღლუ, რომელიც ამ პროექტის არქიტექტორად ითვლება, თვლის, რომ თურქეთს ამ მიზნის განსახორციელებლად იდეალური გეოგრაფიული მდებარეობა გააჩნია:
“თურქეთისთვის ეს საკითხი იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ პრაქტიკულად ყველა მიმდინარე კრიზისის ეპიცენტრში ვიმყოფებით. ვგულისხმობ გეო-პოლიტიკურ ბიძგებს, რომელიც ბალკანეთიდან მოყოლებული ცენტრალური აზიის მთელ ტერიტორიას მოიცავს. თურქეთი ამ რეგიონის ცენტრშია მოთავსებული. ამიტომ თითოეული კრიზისი პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ისტორიულად ან კულტურულად სწორედ თურქეთს უკავშირდება“ - განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ინიციატივა სამი მიმართულებით უნდა განხორციელდეს: ამაღლდეს საერთაშორისო ინფორმირების დონე მედიატორის როლის შესახებ, გაიზარდოს მედიაციის მოცულობა როგორც გაეროში, ასევე რეგიონალურ დონეზე და მესამე: გაძლიერდეს თავად თურქეთის როლი საკუთარ რეგიონში. ინიციატივას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, კერძოდ კი გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის, ნასირ აბდულაზიზ ალ-ნასირის ფართო მხარდაჭერა აქვს. კონფერენციაზე გამოსვლისას მან განაცხადა, რომ მეტი აქცენტის გაკეთებაა საჭირო რეგიონალური მიდგომის საკითხებზე:
“რეგიონალური და ქვერეგიონალური შეთანხმებები უმნიშვნელოვანესია და მათი როლი კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. სავსებით ბუნებრივია, რომ ამ ორგანიზაციებმა სიტუაცია ადგილზე, საკუთარ რეგიონში უკეთ იციან და ესმით. ამასთან ერთად უნდა გაღრმავდეს გაეროს როლი ადგილობრივი ძალების ხელშეწყობაში, გამოსავლის მოძებნაში და ინიციატივების, თუ გადაწყვეტილებების მიღებაში“ - აღნიშნავს გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი.
სირიის საკითხი კონფერენციის განხილვების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. თურქეთს სირიასთან 900-კილომეტრიანი სასაზღვრო ზოლი აკავშირებს. ის გამუდმებით ცდილობს სირიაში მიმდინარე დაპირისპირების დარეგულირებაში წამყვანი როლი ითამაშოს. კრიტიკოსები თვლიან, რომ ანკარა დამასკოზე გავლენის მოხდენაში სრულებით უძლურია. თუმცა, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი სელჩუკ უნალი ამბობს, რომ ისინი ჯერ კიდევ მუშაობენ დიპლომატიური გამოსავლის მოძებნის საკითხებზე:
„სირიის კრიზისის დაწყების დღიდან ჩვენ დიპლომატიური გზებით საკითხის მოგვარებას ვცდილობთ. საქმეს მომავალშიც გავაგრძელებთ, სისხლისღვრის გაგრძელების ფონზე განზე დგომა და უმოქმედობა შეუძლებელია. არაბული ლიგის მცდელობებმა ნაყოფი არ გამოიღო, უძლური აღმოჩნდა გაეროს უშიშროების საბჭოც. ამიტომაც ჩვენ ტუნისის შეხვედრაზე რამდენიმე ახალი ინიციატივა წამოვაყენეთ“ - განაცხადა სპიკერმა.
ტუნისის შეხვედრის შემდეგ, რომელიც „სირიის მეგობრების“ სახელწოდებით ჩატარდა, გადაწყდა მომავალ შეკრებას სწორედ სტამბულმა უმასპინძლოს. სტამბულში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო კრიზისის, ირანის ბირთვული პროგრამების პრობლემის საერთაშორისო დარეგულირებისადმი მიძღვნილი შეხვედრებიც იმართება.
გასულ წელს თურქეთი გაეროში ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების წინააღმდეგ წავიდა, რის გამოც ანკარის ურთიერთობა დასავლელ პარტნიორებთან მკვეთრად გაუარესდა. მას შემდეგ თურქეთმა აზრი შეიცვალა და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიერ იმ სარაკეტო თავდაცვის სისტემების შექმნაში მონაწილეობაზე დათანხმდა, რომელიც კონკრეტულად ირანის საწინააღმდეგოდ იყო მიმართული.
ეს ნაბიჯი უარყოფითად ამჯერად თეირანს და ანკარას შორის არსებულ ურთიერთობებზე აისახა. ამის მიუხედავად საერთაშორისო ურთიერთობათა თურქ ექსპერტს სოლი ოზელს მიაჩნია, რომ თურქეთი ირანთან მოლაპარაკებაზე მაინც დიალოგის ერთ-ერთ მთავარ მონაწილედ მოიაზრება.
„ირანს თურქეთი ჯერ კიდევ სჭირდება და თვლის, რომ თურქეთის ნდობა მოლაპარაკების მაგიდასთან მას შეუძლია. ამ ნდობას ნაწილობრივ ისიც განაპირობებს, რომ თურქეთი დიდად არის დამოკიდებული ირანულ ენერგიის წყაროებზე“ - ამბობს თურქული გაზეთის „ჰაბერტუკის“ საერთაშორისო მიმომხილველი.
ამ ფაქტორების გათვალისწინებით თურქეთი ცდილობს მის მიერ ნაკისრი მედიატორის როლის გაღრმავებას უფრო ფორმალური სახე მისცეს. ამის წყალობით ქვეყანას რეგიონში მზარდი არასტაბილურობის დასარეგულირებლად კიდევ უფრო მეტი ინსტრუმენტი ექნება.