თურქეთი აცხადებს, რომ მისი სამხედრო დანაყოფები დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ამერიკის ჯარებთან ერთად დიდი სამხედრო ოპერაციისთვის მზად არიან. თურქეთი მოკავშირეებმა არაერთხელ გააკრიტიკეს დაჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაში „არასათანადო ძალისხმევისთვის“.
თურქეთმა და შეერთებულმა შტატებმა დაადასტურეს, რომ მათი დანაყოფები განლაგებულნი არიან თურქეთ-სირიის საზღვრის მახლობლად და სამხედრო ოპერაციის დასაწყებად მზად არიან. სინან ულგენის თქმით, რომელიც კარნეგის ცენტრის ევროპის ოფისის მკვლევარია, ეს ოპერაცია ანკარის მიმართ არსებულ კრიტიკას შეამსუბუქებს.
„თურქეთის ფრთხილმა მოქმედებამ საკმაოდ მკაცრი კრიტიკა გამოიწვია, დასავლელი პარტნიორები დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ უფრო მკვეთრ მოქმედებებს ელოდნენ. თურქეთს ასევე აკრიტიკებდნენ მისი გულგრილი პოლიტიკის გამო,“ ამბობს ულგენი.
თურქეთის სახელმწიფო ჯარებმა აქამდე იერიში ქურთ მეამბოხეებზე და სირიელი ქურთების გასამხედროებულ ჯგუფზე მიიტანეს. ეს უკანასკნელი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში ამერიკის მოკავშირეა, როცა თურქეთი მას „ქურთების მუშათა პარტიასთან“ კავშირებში ადანაშაულებს.
ამავდროულად, ამერიკა და თურქეთი „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ სირიის მითვისებული ტერიტორიების დაბრუნებაზე ვერ თანხმდებიან. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ეგრეთწოდებული „უსაფრთხო ზონის“ შექმნის და ამ ზონაში ფრენების აკრძალვის მომხრეა. ამ იდეას კონტრპროდუქტიული უწოდა პრეზიდენტმა ობამამ.
სემი იდიზი, ვებ-გვერდ ალ-მონიტორის პოლიტიკური მიმომხილველი ამბობს, რომ ანკარა კომპრომისზე წავა:
„სირიაში სამხედროების სახმელეთო ჩართულობას ველოდები, როცა მიდიხარ, აგზავნი დანაყოფებს, ასუფთავებ ტერიტორიას. ვფიქრობ თურქეთმა შესაძლოა ეს როლი შეასრულოს.“
დამკვირვებლების აზრით სირიაში თურქი სამხედროების სახმელეთო ჩართულობა თურქ მებრძოლებთან მათ დაპირისპირებას გამოიწვევს. მათივე თქმით, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის წარმატება იმაზეა დამოკიდებული თუ როგორ დააბალანსებს ვაშინგტონი ანკარის და სირიელი ქურთების ურთიერთგამომრიცხავ მოთხოვნებს.