გამოძიების ფედერალური ბიუროს გადაყენებულ დირექტორს, ჯეიმს კომის, სენატის დაზვერვის კომიტეტი ხუთშაბათს დაკითხავს. ჩაერია თუ არა რუსეთი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში და ცდილობდა თუ არა დონალდ ტრამპი ამ ფაქტის დასამალად კომიზე ზეწოლას - სანამ ამ კითხვებს პასუხი გაეცემა, ამერიკის პრეზიდენტი სახელმწიფო მდივანს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე მუშაობის გაგრძელებას სთხოვს.
რექს ტილერსონმა ოთხშაბათს თქვა, რომ ტრამპმა მას სთხოვა, არ მიაქციოს ყურადღება თეთრი სახლის ირგვლივ აგორებულ სკანდალებსა და სენატის დაზვერვის კომიტეტში ჩანიშნულ საჯარო დაკითხვებს, გააგრძელოს თავისი გეგმების შესრულება და გამონახოს რუსეთთან ურთიერთობის დალაგების გზები.
„პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ მთხოვა, რომ არ მივცე საშუალება პოლიტიკურ რეალობას შემაფერხოს იმ გეგმების განხორციელებაში, რასაც საჭიროდ ვთვლი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში. შესაბამისად, განვაგრძობთ იმ მიმართულებით მუშაობას, სადაც მგონია, რომ პროგრესი შესაძლებელია“, - განაცხადა ტილერსონმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ჰეტერ ნაუერტი კი ამბობს, რომ ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთი ის მიმართულებაა, რაზეც ამერიკასა და რუსეთს თანამშორმლობა შეუძლიათ.
„ჩვენ ვაპირებთ, რომ გამოვავლინოთ ის მიმართულებები, სადაც საერთო ინტერესები არსებობს, რაზეც შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ. თუმცა იმ საკითხებში, რომლებშიც ჩვენ ერთმანეთს არ ვეთანხმებით, განვაგრძობთ ჩვენი ინტერესების დაცვას, ჩვენი და ჩვენი პარტნიორების ღირებულებების დაცვას“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.
თუმცა ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მიმდინარე გამოძიებამ ისევე, როგორც კომის პასუხებმა, შესაძლოა ტილერსონს საქმე გაურთულოს.
სტივენ პაიფერი ბრუკინგსის ინსტიტუტიდან ფიქრობს, რომ ტილერსონის მცდელობა სავარაუდოდ კრახით დასრულდება.
„ვფიქრობ, მას შეუძლია სცადოს, მაგრამ მგონია, რომ ეს პოლიტიკურად არარეალისტურია. რუსეთთან ურთიერთობის შესახებ არსებული კითხვები კვლავ ბუნდოვანების ღრუბელში ხვევს ამ ადმინისტრაციას. ეს ყველაფერი კი დიდწილად საკუთარი თავისთვის მიყენებული ზიანია. რადგან სამწუხაროდ, პრეზიდენტი და თეთრი სახლი ამ ფაქტებს ისე მოეკიდნენ, რომ ეს უფრო გვაფიქრებინებს, რომ ისინი მართლაც ცდილობენ რაღაცის დამალვას.
პაიფერის აზრით, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებში მკვეთრი გაუმჯობესება ვერ მოხდება მანამ, ვიდრე რუსეთის პრეზიდენტის პოზიცია უკრაინის მიმართ არ შეიცვლება.
Facebook Forum