პატრიკ შანაჰანმა, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა, მინისტრის პოსტზე სენატში განხილვების დაწყებამდე, საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. განცხადება პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს გააკეთა.
შანაჰანი ამბობს, რომ სურს ოჯახთან მეტი დრო დაჰყოს. მედიაში გაჟონილი ინფორმაციის მიხედვით, თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელს პრობლემა შეექმნა 9 წლის განმავლობაში მიმდინარე ოჯახური კონფლიქტის გამო, რომელსაც გამოძიების ფედერალური ბიურო სწავლობდა მინისტრობის კანდიდატურის წარდგენამდე. საქმეში, შანაჰანის მაშინდელი მეუღლე კიმბერლი ფიგურირებს.
შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის მოვალეობას დღეიდან მარკ ესპერი შეასრულებს. ის წამყვან კანდიდატად განიხილებოდა იმ შემთხვევაში, თუ სენატი შანაჰანს არ დაამტკიცებდა.
პატრიკ შანაჰანი თავდაცვის მდივნის მოვალეობას გასული წლის ბოლოდან ასრულებდა და სენატში ამ პოსტზე დამტკიცებას ელოდა. 2018 წლის დეკემბერში პოსტი დატოვა თავდაცვის მაშინდელმა მდივანმა ჯეიმს მატისმა. მას შემდეგ, შეერთებულ შტატებს თავდაცვის მდივანი აღარ ჰყოლია.
Facebook Forum