ევროპაში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვიზიტს დიდი ოცეულის სამიტზე, შემდეგ კი რუს ლიდერთან შეხვედრას, დიდი მოლოდინები უძღოდა წინ, რასაც შესაბამისად ხმამაღალი და არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. მოკლე ჩანართის სახით აღნიშნვის ღირსია მოვლენების ქრონოლოგიური განვითარება: გასულ კვირას, დიდი ოცეულის ლიდერები ჰამბურგში შეიკრიბნენ, რათა გლობალურ გამოწვევებზე ორი დღის განმავლობაში ემსჯელათ. ამ საკითხებს შორის, როგორც ცნობილია, იყო ფინანსური ბაზრების რეგულაცია, ბრძოლა ტერორიზმთან, კლიმატის ცვლილების შედეგებთან გამკლავება და დაპირისპირება გადამდებ დაავადებებთან. პუტინისა და ტრამპის ხანმოკლე შეხვედრა სამიტის გახსნამდე შედგა. მოგვიანებით, ორმხრივ ფორმატში ლიდერებმა დაგეგმილზე მეტი ითათბირეს. ამერიკელმა ლიდერმა რუს კოლეგასთან შეხვედრა “ძალიან კარგად” შეაფასა. თავის მხრივ, პუტინმა აღნიშნა, რომ მოხარული იყო პირადად შეხვედროდა აშშ-ის პრეზიდენტს.
კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის რობერტ ლეგვოლდის აზრით (ის ამერიკის ხმის რუსულ რედაქციას ესაუბრა), პირველი, უმაღლესი დონის შეხვედრის მიზანი სულაც არ იყო კონკრეტული შეთანხმებების მიღწევა, არამედ მისი მტკიცებით: “მხარეები , როცა შეხვედრას ამზადებდნენ, არ ცდილობდნენ კონკრეტული შეთანხმებები განეჭვრიტათ. ამ შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო ერთმანეთის შეფასება, გარკვეული დასკვნების გამოტანა და პასუხის გაცემა რამდენიმე მარტივ კითხვაზე: შეძლებენ კი ისინი ერთად მუშაობას, რამდენად გულწრფელია მეორე მხარე და მზად არის ის თანამშრომლობისთვის? თუ პირიქით, მხარეები არ მიესადაგებიან ერთმანეთს და ერთად მუშაობა შეუძლებელია. ეს იმ შემთხვევაში, თუ მხარეები არაკომპეტენტურად, არასანდოდ და არაადექვატურად მოიაზრებდნენ ურთიერთს.“
ლეგვოლდის აზრით, რომელიც ცოტა ხნის წინ “ვალდაის კლუბში”, ვლადიმირ პუტინთან გამართულ ერთერთ შეხვედრას უძღვებოდა, ბოლო ნახევარი წელი პუტინი და მისი უახლოესი წრე აშშ-სთან ურთიერთობის ნორმალიზების შესახებ დაფიქრდა. "გარდა იმისა, რომ რუსული მხარე უნდა დაფიქრდეს, თუ რა წვლილის გაღება შეუძლია მას ამ მიზნის მისაღწევად, ზოგადი პოლიტიკური სიტუაცია ვაშინგტონში ამ კუთხით შესაძლოა პრობლემას წარმოადგენდეს,”-თქვა მან.
ვაშინგტონში, ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსი მკვლევარი იანუშ ბუგაისკი, აშშ-სა და ევროპის ქვეყნების ურთიერთობებს ხანგრძლივი დროის მანძილზე იკვლევს. მისი გამცხადებით ქართულ რედაქციასთან, პრეზიდენტმა ტრამპმა ევროპაში, კერძოდ ვარშავაში ვიზიტის დროს საჭირო აქცენტები დასვა და პუტინთან შეხვედრამდე, ცენტრალური და სამხრეთ ევროპის 12 ლიდერს შეხვდა. მისი აზრით, ეს აქტი სიმბოლურიცაა მაშინ, როდესაც ტრამპმა სწორედ ვარშავაში ნატოს წესდების მეხუთე მუხლის შესრულების მნიშვნელობაზე და უკრაინაში, ასევე სხვაგან მსოფლიოში, რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა. “ვფიქრობ, ამერიკის მოკავშირეები აღმოსავლეთ ევროპაში სრულად დარწმუნდნენ, რომ აშშ მათი სამხედრო შესაძლებობების განვითარებაზე, სუვერენიტეტის მხარდაჭერასა და დაცვაზე იზრუნებს. დონალდ ტრამპმა აჩვენა, რომ ასეთია აშშ-ის ადმინისტრაციის პრიორიტეტი. ამასთან, ამერიკის პრეზიდენტი მათ მოუწოდებს საერთო თავდაცვის განმტკიცებაზე იზრუნონ.”
ვაშინგტონში, ამერიკის უნივერსიტეტის პროფესორის გარეტ მარტინის მტკიცებით, პუტინ-ტრამპის შეხვედრის წინ მას ვერ ექნებოდა განსაკუთრებული მოლოდინი, რადგანაც პირველი შეხვედრის დროს მხარეები ზოგადად, პარტნიორის განწყობას და დამოკიდებულებას აკვირდებიან, ასევე იმიტომაც, რომ რუსეთის საკითხი ლამის შიდა განხილვების თემაა აშშ-ში არერთი მიმდინარე გამოძიბის გამო რუსეთის სავარაუდო ჩარევის მიზეზით აშშ-ის არჩევნებში. „ეს საკითხი საკმაოდ სენსიტიური თემაა ამერიკაში ორივე პოლიტიკური პარტიისთვის. დონალდ ტრამპს დიდი სიფრთხილე მართებდა, რომ ის ზედმეტად დაინტერესებული, გადაჭარბებულად მეგობრული ან მონდომებული არ გამოჩენილიყო, ეს კი მხოლოდ გააძლიერებდა პუტინთან მისი გარიგების ეჭვებს. მიმაჩნია, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის, ისევე როგორც ორ პრეზიდენტს შორის, ფუნდამენტური განსხვავებები არსებობს: დიდია განსხვავებები უკრაინის საკითხში, ნატოს თემაზე, სირიაში, რაც თავისთავად ართულების კოორდინირებული გამოსავლის მოძებნას. იმათთვის, ვინც შეხვედრას არ დასწრებია, რთულია განისაზღვროს მისი წარმატების ან წარუმატებლობის ხარისხი, მითუმეტეს, რომ ბევრი დეტალი არც ახლა ვიცით. საინტერესოა, რომ რუს და ამერიკელ საგარეო მინისტრებს განსხვავებული აღქმა ჰქონდათ, ვთქვათ, არჩევნებში ჩარევის თემაზე. ერთი რამ ცხადია, რომ არაფერს განსაკუთრებულად დიდს ამ შეხვედრიდან არ მივიღებთ.”
მარტინმს თქმით, მისთვის უცნობია იყო თუ არა ნახსენები უფრო დეტალურად უკრაინის საკითხი, თუმცა იმის გათვალისინებით, რომ კონფლიქტში აშშ აქტიურად თავიდანვე არ ყოფილა ჩართული და მოლაპარაკებების სტრუქტურა ნორმანდიის სახელით იყო გაფორმებული, პრეზიდენტი ტრამპი პრეზიდენტობის ადრეული ეტაპიდანვე ფოკუსირებული იყო იმიგრაციაზე, ტერორიზმზე, ექსტრემიზმზე. “მითუმეტეს, რომ უკრაინაში ახლა მწვავე ესკალაცია არ გრძელდება და არც რუსეთია მონდომებული ამ თემის ირგვლივ ურთიერთობის აწყობით. მიზეზი ალბათ ამაში უნდა ვეძებოთ.”
პარტნიორების დარწმუნებას რაც შეეხება, მარტინის აღქმით პრეზიდენტმა ტრამპმა მოახერხა აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორების დარწმუნება, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია მათ მხარს დაუჭერს. ამის მიზეზი, კი განსხვავებით ბრიუსელის ვიზიტისგან, იყო ის ფაქტი, რომ ხაზგასმით აღინიშნა ნატოს წესდების მეხუთე მუხლის შესრულების მნიშვნელობა.
ევროპული ტურნის შემდეგ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად შეიძლება დავასახელოთ აშშ-ის პრეზიდენტის დამოკიდებულება უკრაინასთან: გასულ კვირას, კიევში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი ჩავიდა, რომელსაც თან ახლდა უკრაინის საკითხებში პრეზიდენტის მიერ ახლადდანიშნული საგანგებო ელჩი უკრაინის საკითხებში კურტ ვოლკერი.
„კურტ ვოლკერის საგანგებო ელჩად დანიშვნა ძალიან მნიშვნელოვანია. ის გამოცდილია: ძალიან კარგად იცნობს უკრაინასა და რუსეთს. ის, ალბათ, გადაწყვეტს, სამშვიდობო პროცესში სადაა აშშ-ის ადგილი. ამერიკა უფრო მეტად უნდა ჩაერთოს იქ. მას მინსკი 2-ის შეთანხმებაზე ხელი არ მოუწერია. ასე ვიტყოდი, რუსეთმა და ევროპელებმა ამერიკა გვერდზე გაწიეს. მაგრამ დღეს ის პროცესების ეპიცენტრში უნდა ჩადგეს. საკითხის გადაწყვეტას, შესაძლოა, ალტერნატიული ფორმატი დასჭირდეს. მაგრამ საბოლოოდ, რუსეთს მოუწევს დონბასიდან გასვლა და რეგიონის უკრაინის იურისდიქციაში დაბრუნება. სამომავლოდ, იგივეს გაკეთება მოუწევს მას ყირიმშიც,“-გვითხრა ბუგაისკიმ.
Facebook Forum