ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი: ჩემსავით უსამართლოდ არც ერთ პოლიტიკოსს არ მოქცევიან


"არც ერთ პოლიტიკოსს არ მოქცევიან იმაზე უსამართლოდ და იმაზე ცუდად, ვიდრე მე", - განაცხადა დღეს დონალდ ტრამპმა კონექტიკუტში.

ამერიკის პრეზიდენტი ახალ ლონდონში ამერიკის სანაპირო დაცვის აკადემიას დღეს ესტუმრა, 2017 წლის სასწავლო კურსის გამოსაშვებ ცერემონიას დაესწრო, კადეტებს სიტყვით მიმართა და დიპლომები გადასცა. პრეზიდენტს მისი პოლიტიკის მომხრეები და მოწინააღმდეგეები აქციებით და ხმამაღალი შეძახილებით დახვდნენ.

"ცხოვრებაში ყველაფერი სამართლიანად არ ხდება და თანდათან ამას მიხვდებით. ზოგჯერ ისეთი რამაც შეგემთხვევათ, რასაც არ იმსახურებთ, მაგრამ არ უნდა დანებდეთ, უკან არ დაიხიოთ, იბრძოლოთ და ყველაფერი გამოსწორდება. ამის მაგალითად კი მე შემომხედეთ, ხედავთ, როგორ მექცევიან, განსაკუთრებით კი მედია. მე ვარ ისტორიაში პირველი პოლიტიკოსი, რომელსაც ამდენად უსამართლოდ და ასე ცუდად ექცევიან. არ მისცეთ კრიტიკოსებსა და მოწინააღმდეგეებს უფლება, რომ თქვენს ოცნებებს წინ აღუდგნენ", - მიმართა პრეზიდენტმა კადეტებს.

ტრამპის თქმით, "რეკლამა უფრო ძლიერს გხდის" და ის თავად ამის საუკეთესო მაგალითია, რადგან არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა.

"არ უნდა შეწყვიტოთ იმის კეთება, რაც იცით, რომ სწორია. რაც უფრო სამართლიანია თქვენი ბრძოლა, მით უფრო დიდია წინააღმდეგობა. მე არ გავმხდარვარ პრეზიდენტი იმისთვის, რომ ვემსახურო ვაშინგტონის მედიას, მე ამირჩიეს ხალხის სამსახურისთვის და სწორედ ამას ვაპირებ, არ შევწყვეტ თქვენთვის და ამერიკელი ხალხისთვის ბრძოლას", - განაცხადა პრეზიდენტმა.

სიტყვით გამოსვლის დასასრულს კი თავის მოახლოებულ პირველ ოფიციალურ საერთაშორისო ვიზიტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თითოეულ ქვეყანაში მის სტუმრობას სხვადასხვა მიზანი ექნება:

"მე გავაძლიერებ მეგობრობას არსებულ პარტნიორებთან და მოვძებნი ახალ მოკავშირეებს, ისეთებს, რომლებიც დაგვეხმარებიან და არა ისეთებს, რომლებიც მხოლოდ ჩვენგან იღებენ სარგებელს; ჩვენი დახმარებისთვის კი ისინი საფასურს გადაიხდიან, ამას ბევრი არაა მიჩვეული, მაგრამ ამასთან შეგუება მოუწევთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, საუდის არაბეთში ის მუსლიმ ლიდერებს დაელაპარაკება და ექსტრემიზმის დამარცხებისა და მშვიდობიანი მომავლის შექმნის გზებზე იმსჯელებს; ესტუმრება ამერიკის ერთგულ მოკავშირე ისრაელსაც, ვატიკანში რომის პაპთან ქრისტიანული სწავლების როლზე ისაუბრებს, დიდი შვიდეულის და ნატოს სამიტებზე კი უსაფთხოების გაძლიერებაზე.

ინაუგურაციის შემდეგ ეს პრეზიდენტის პირველი ვიზიტი იყო კონექტიკუტში. არჩევის შემდეგ კი მეორე გამოსაშვები ცერემონია, რომელზეც მან სიტყვა წარმოთქვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG