ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უმცროსი დონალდ ტრამპი და მისი კავშირი რუს ადვოკატთან


ამერიკაში იმეილების მორიგი სკანდალი აგორდა. ამჯერად მთავარი გმირი არა ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი ჰილარი კლინტონია, არამედ ქვეყნის პრეზიდენტი - დონალდ ტრამპი.

სამშაბათს საღამოს, შეერთებული შტატების პრეზიდენტის უფროსმა ვაჟმა საკუთარი ელექტრონული მიმოწერა გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ უმცროსი დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო კამპანიის პერიოდში, მას შემდეგ, რაც მამამისმა რესპუბლიკური პარტიის ნომინაცია მოიპოვა, სიხარულით დათანხმდა შეხვედრას „რუსეთის მთავრობის ადვოკატთან“, რომელიც მას ჰილარი კლინტონის კამპანიის საზიანო ინფორმაციას პირდებოდა. ეს უნდა ყოფილიყო „ძალიან მაღალი დონის და ძალიან მგრძნობიარე ინფორმაცია, რომელიც რუსეთის მთავრობის და მის მიერ მისტერ ტრამპის მხარდაჭერის ნაწილია“ - იტყობინება ელექტრონული წერილი.

მიმოწერის გამოქვეყნებას წინ უძღოდა „ნიუ-იორკ თაიმსის“ პუბლიკაცია, რომელიც უმცროსი დონალდ ტრამპის რუსულ კავშირებს აღწერდა და ამტკიცებდა, რომ მან ჯერ კიდევ შეხვედრამდე იცოდა, რომ ნატალია ვესელნიტსკაია რუსეთის მთავრობის ადვოკატი იყო. სწორედ ამის შემდეგ მოხდა მისი იმეილების გასაჯაროვება, რასაც თეთრი სახლი სწრაფად გამოეხმაურა.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადება პრესსპიკერმა სარა ჰაკაბი სანდერსმა გაახმოვანა: „ჩემი შვილი მაღალი სტანდარტების მქონე პიროვნებაა და მე მის გამჭვირვალეობას მივესალმები“. ამ თემასთან დაკავშირებულ დანარჩენ საკითხებს რაც შეეხება, პრეზიდენტმა თქვა, რომ თავად დასამატებელი აღარაფერი აქვს.

ოპოზიციაში მყოფ დემოკრატიული პარტიის წევრებს მომხდარზე მძაფრი რეაქცია ჰქონდათ. ისინი ტრამპის საარჩევნო კამპანიას მკაცრად აკრიტიკებენ და მას ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ რუსეთთან ერთად მოწყობილ ე.წ. შეთქმულებაში ადანაშაულებენ.

„იმეილებმა წერტილი დაუსვა აზრს, რომელსაც ადმინისტრაცია და პრეზიდენტი ავითარებდნენ: რომ არ არსებობს [რუსეთთან] კოორდინაციის და შეთქმულების სურვილის დამადასტურებელი“ ფაქტები - განაცხადა სენატორმა ჩაკ შუმერმა. ის შეერთებული შტატების სენატში უმცირესობის ლიდერია.

რესპუბლიკელები აღიარებენ, რომ იმეილები მართლაც ცუდი შემთხვევაა, იმის მიუხედავად, რომ თავად რუსი ადვოკატი კრემლის აგენტობას უარყოფს და აცხადებს, რომ მაკომპრომეტირებელი ინფორმაცია მას არ გააჩნდა. მიმდინარე გამოძიებას მხარს უჭერს სენატის უმრავლესობის ლიდერიც, რესპუბლიკელი სენატორი მიტჩ მაკკონელი. „უზარმაზარ ნდობას ვუცხადებ ჩვენი დაზვერვის კომიტეტის მიერ წარმართულ გამოძიებას. მას სენატორი ბარი და სენატორი უორენი აკონტროლებენ და მათ აზრს მოგვიანებით მოვისმენთ“.

უმცროსი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის. მან ამ საქმესთან დაკავშირებით ადვოკატიც დაიქირავა.

ტრამპის იმეილების გამოქვეყნებამ კიდევ ერთი საკითხი წამოწია წინ. ეს არის საარჩევნო კანონის დარღვევის ალბათობა. „შექმნილი სიტუაციის ანალოგი, მსგავსი პრეცედენტი არ გაგვაჩნია. ასე რომ, საქმე გვაქვს კანონებთან, რომელიც ფურცელზე წერია, მაგრამ არასოდეს აგვიმუშავებია იმ მოცემულობაში, რომელიც დღეს გვაქვს და რომელიც ძალიან უჩვეულოა, წარმოუდგენლად უჩვეულო“ - ამბობს საარჩევნო კანონის ექსპერტი ჯეიმს გარდნერი, რომელიც ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ბუფალოს იურიდიული სკოლის თანამშრომელია.

უმცროსი დონალდ ტრამპი თავს დამნაშავედ არ გრძნობს. ის აცხადებს, რომ რუს ადვოკატს მისთვის მნიშვნელოვანი კომპრომატები არ გადაუცია. ჯერჯერობით უცნობი რჩება ის, თუ რაზე საუბრობდნენ ამ ყბადაღებულ შეხვედრაზე. მხოლოდ ის ვიცით, რომ ამ შეხვედრიდან ძალიან მალე, „ვიკილიქსზე“ ჰილარი კლინტონის მაკომპრომეტირებელი იმეილები გამოქვეყნდა, რამაც საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიული კანდიდატის პოზიციები მნიშვნელოვნად შეარყია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG