ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის საიმპიჩმენტო კენჭისყრა, სავარაუდოდ, წლის ბოლოს ჩატარდება


ხუთი დღის განმავლობაში თორმეტი მოწმის ჩვენება... საჯარო საიმპიჩმენტო მოსმენებმა, ტრამპსა და ზელენსკის შორის 25 ივლისს შემდგარი სატელეფონო საუბრის უშუალო მოწმეებისგან მიღებული ჩვენებები გახადა ხელმისაწვდომი.

ვიცე-პოლკოვნიკმა ალექსანდერ ვინდმენმა, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში ევროპის საქმეების დირექტორია, განაცხადა, რომ „შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის შეუფერებელია, რომ უცხო ქვეყნის მთავრობას ამერიკის მოქალაქის და პოლიტიკური მეტოქის გამოძიება მოსთხოვოს.“

მოწმეებმა კანონმდებლებს უთხრეს, რომ პრეზიდენტის პირადი ადვოკატი რუდოლფ ჯულიანი უკრაინელ ოფიციალურ პირებზე ზეწოლას ახდენდა, რათა მათ გამოძიების შესახებ განცხადება გაეკეთებინათ.

ევროკავშირში შეერთებული შტატების ელჩმა გორდონ სონდლენდმა კანონმდებლებს უთხრა, რომ „ყველას გვესმოდა, რომ თუ ბატონ ჯულიანისთან მუშაობაზე უარს ვიტყოდით, დავკარგავდით მნიშვნელოვან შესაძლებლობას, შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის ურთიერთობა გაგვემაგრებინა. ამიტომ, პრეზიდენტის ბრძანებები შევასრულეთ.“

მაგრამ არცერთ მოწმეს, ჯულიანის მოთხოვნები პირდაპირ ტრამპთან არ დაუკავშირებია. რესპუბლიკელები ამტკიცებენ, რომ დახმარების გადაცემის შეყოვნება, თეთრი სახლის შეშფოთებით იყო განპირობებული, რომელიც კორუფციასთან იყო დაკავშირებული.

წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერმა კევინ მაკარტიმ აღნიშნა, რომ "პრეზიდენტს უკრაინაში მთავრობის ცვლილების უფრო მეტად სჯეროდა, ვიდრე ამის შესახებ ადრე აცხადებდა. მას სურდა დარწმუნებულიყო, რომ ცვლილებები მოხდა.“

წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის თქმით, მოსმენებმა დაამტკიცა, რომ ტრამპმა თანამდებობა ბოროტად გამოიყენა. პელოსის თქმით, „როდესაც ვხედავთ კონსტიტუციის დარღვევას, მოქმედების გარდა არაფერი გვრჩება. სამხილები ნათლად აჩვენებს, რომ პრეზიდენტმა თავისი თანამდებობა საკუთარი, პირადი სარგებლის მისაღებად გამოიყენა. მან შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას ძირი გამოუთხარა იმით, რომ რუსების სასარგებლოდ, უკრაინისადმი შეერთებული შტატების სამხედრო დახმარება შეაყოვნა. ამით მან ჩვენი არჩევნების საიმედოობას ძირი გამოუთხარა.“

საიმპიჩმენტო კენჭისყრის დრო ჯერ დადგენილი არ არის. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ჯერი ნადლერი,დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე ადამ შიფისგან გამოძიებას გადაიბარებს, რათა სიმპიჩმენტო მუხლები ჩამოაყალიბოს. დემოკრატები ჯერ კიდევ გამოწვევის წინაშე დგანან, მათ ამერიკული საზოგადოება უნდა დაარწმუნონ.

ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის მკვლევარი ჰანს ნოელი ამბობს, რომ სავარაუდოდ ქმედებათა უმრავლესობის საიმპიჩმენტო დარღვევებთან დაკავშირება ძნელად გასაგებია. ეს საკმაოდ რთულია. ტრამპი უკრაინის მხარესაა თუ უკრაინის წინააღმდეგ? ზუსტად რა ხდება, ამომრჩეველთა უმრავლესობისთვის ძნელი გასაგებია. ამიტომ, ამომრჩეველთა უმრავლესობა ვითარებაში გასარკვევად მისთვის სანდო წყაროს მიმართავს. დემოკრატები, დემოკრატიულ წყაროებს მიმართავენ, რესპუბლიკელები კი რესპუბლიკურ წყაროებს უსმენენ.

ბოლო თვეებში ტრამპის იმპიჩმენტისადმი მხარდაჭერა გაიზარდა. დემოკრატები იმედოვნებენ, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება და ემზადებიან რომ კონგრესში საიმპიჩმენტო მუხლებზე კენჭისყრა და სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისში, სენატში სასამართლო გარჩევა ჩაატარონ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG