ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი დიდი ოცეულის სამიტზე პუტინს და სხვა ლიდერებს შეხვდა


ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უთხრა, არ ჩაერიოს ამერიკის არჩევნებში და რუსი კოლეგისთვის ამის გამეორების დროს, მისი მიმართულებით საჩვენებელი თითი გაიშვირა.

იაპონიის ქალაქ ოსაკაში, პარასკევს გამართული შეხვედრა ტრამპსა და პუტინს შორის, პირველი პირისპირ იყო ამერიკაში სპეციალური გამოძიების დასრულების შემდეგ, რომლის მიზანიც 2016 საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამოძიება იყო. გამოძიებამ დაადგინა, რომ რუსეთი ამერიკის არჩევნებში ჩაერია, თუმცა არ დაადასტურა ის ეჭვი, რომ ტრამპის საარჩევნო კამპანია რუსეთს გაურიგდა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ტრამპი და პუტინი შეთანხმდნენ, რომ ბირთვული იარაღის ახალ შესაძლო შეთანხმებაში ჩინეთიც უნდა ჩაერთოს. ამასთან, ორმა ლიდერმა ისაუბრა მიმდინარე სიტუაციაზე ირანში, სირიაში, ვენესუელასა და უკრაინაში.

დიდი ოცეულის სამიტის პირველი დღე დონალდ ტრამპმა მასპინძელი ქვეყნის, იაპონიის პრემიერ-მინისტრ შინზო აბესთან შეხვედრით დაიწყო, რასაც მოჰყვა მოკლე შეხვედრები ინდოეთის პრემიერ ნარენდრა მოდისთან და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან. მერკელთან შეხვედრამდე რამდენიმე სათით ადრე კი ტრამპმა მერკელი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

შაბათს ტრამპი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდება და მასთან სავაჭრო თემებზე ისაუბრებს. ეს მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის ტარიფებთან დაკავშირებული მოლაპარაკებები გასულ თვეში ჩაიშალა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG