მართალია, ამერიკის მომავალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კენჭი რესპუბლიკური პარტიიდან იყარა, მაგრამ მისი პლატფორმა იმდენად იყო დაფუძნებული ისტებლიშმენტის წინააღმდეგ მიმართულ ხედვებზე, რომ ვაშინგტონში და ამერიკის საზღვრებს გარეთაც არ წყდება სპეკულირება თემაზე: როგორი იქნება შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ? შეიცვლება თუ არა ამერიკის დამოკიდებულება რუსეთთან, რომელიც ყირიმის ანექსიის შემდეგ მკვეთრად გაუარესდა?
ვიდეო:
რესპუბლიკელები ტრადიციულად რუსეთის იმპერიული ამბიციების მიმართ გაცილებით მკაცრი პოლიტიკით გამოირჩეოდნენ, თუნდაც ეს მხოლოდ რიტორიკის დონეზე ყოფილიყო. მაგრამ, დონალდ ტრამპი პოლიტიკაში აუტსაიდერია და შესაბამისად, ზემოთ დასმული ბევრი კითხვა უპასუხოდ რჩება. სიტუაციაში გარკვევას ხელს არ უწყობს დონალდ ტრამპს და ვლადიმირ პუტინს შორის აშკარად გამოხატული ურთიერთ სიმპათიები.
რუსეთთან დიალოგში და ურთიერთობის გაუმჯობესების მცდელობაში ზოგადად, ახალი არაფერია. 2001 წელს, ოფისში შესვლისთანავე ამას შეეცადა რესპუბლიკელი პრეზიდენტი ჯორჯ ბუშ უმცროსი. კარგად გვახსოვს მისი ცნობილი ფრაზა, პუტინს რომ თვალებში ჩახედა და სანდო ადამიანი დაინახა. შემდეგ, 2009 წელს ე.წ. „გადატვირთვის“ პოლიტიკით იგივე სცადა ახლადარჩეულმა დემოკრატმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.
ამ მცდელობების მიუხედავად, ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა რუსეთის მიმართ ზოგადად არ შეცვლილა. ყველაზე დიდ მეზობელ, რუსეთთან საუბარი ყოველთვის აუცილებელია და ეს არც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის პოლიტიკას ეწინააღმდეგება - ამბობს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი:
„შეერთებული შტატები სირიის საკითხებზე რუსეთთან სისტემატურ მოლაპარაკებას აწარმოებს... რუსეთმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ირანთან დადებულ საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებაში. რუსეთთან საუბარი, დიალოგი და მოლაპარაკება ნატოს პოლიტიკასთან და მის გადაწყვეტილებებთან აბსოლუტურ თანწყობაშია. ამიტომ ეს არ არის ის საკითხი, რომელზეც ჩვენ შეშფოთებული უნდა ვიყოთ“.
თუმცა, ანალიტიკოსების ნაწილი პრობლემას იმაში ხედავს, თუ როგორ აღიქვამს თავად რუსეთი მისკენ გადადგმულ კეთილგანწყობილ ნაბიჯს და როგორ გამოიყენებს მას საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ. მითუმეტეს მაშინ, როცა ყირიმი ჯერ კიდევ ანექსირებულია და მკაცრი ეკონომიკური სანქციების დაწესების მიუხედავად, კრემლის მხრიდან საგარეო პოლიტიკაში უკანდახევის ნიშანი არცერთ ფრონტზე არ ჩანს.
„ყველა ნიშანია იმის, რომ ტრამპი რუსეთთან დაახლოებას და შეთანხმების მიღწევას ცდილობს. პრობლემა იმაშია, რომ მოსკოვი შეთანხმებას ამერიკის მხრიდან იმის აღიარებად ჩათვლის, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები კვლავ კრემლის გავლენის სფეროში მოექცევიან... შეთანხმება უმეტესწილად საშინელება იქნება ამერიკის და ევროპისთვის, ეწინააღმდეგება ორივეს ინტერესებს და ღირებულებებს, ეწინააღმდეგება კავკასიის ქვეყნების, უკრაინის, დანარჩენი პოსტ-საბჭოთა ქვეყნების დამოუკიდებლობის ინტერესებს“ - ამბობს სტივენ ბლენკი, ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი.
დემოკრატი სენატორის ბენ კარდინის აზრით, რუსეთზე დაწესებული ეკონომიკური სანქციები ახალი ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს. ამასთან, აუცილებელია, მკაცრი პასუხი გაეცეს რუსეთის კიბერ-თავდასხმებსაც.
„რუსეთი თავს დაესხა ამერიკას. კომპიუტერის თაგუნათი იყო თუ არა, ეს მაინც შეტევაა. კიბერ-თავდასხმა მოხდა და ამას პასუხი უნდა გაეცეს. ისინი გარკვევით შეეცადნენ ჩვენი არჩევნების პროცესის სისუფთავე შეელახათ. ეს საპასუხო რეაქციას ითხოვს. რუსეთი ჯერ კიდევ აქტიურადაა ჩართული უკრაინაში, იწვევს არეულობას და მსხვერპლს. ამაზე მათ პასუხი უნდა აგონ. რუსეთი ყირიმში იმყოფება და ამით საერთაშორისო კანონმდებლობას არღვევს. სიტუაცია სირიაში... ამ ყველაფერზე რეაგირება აუცილებელია“ - აცხადებს სენატორი კარდინი.
დონალდ ტრამპი რამდენიმე დღის წინ ტელეფონით ესაუბრა ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს და ასევე უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსაც. მათი საუბრის შინაარსიდან გამომდინარე, ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა რუსეთის მიმართ, ასევე ნატოს, კოლექტიური თავდაცვის და უსაფრთხოების გარანტიების მიმართ, წესით, არ უნდა შეიცვალოს.