ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კომი: "ტრამპი ერთგულების დადასტურებას ითხოვდა"


გაზეთ “ნიუ-იორკ თაიმსში” ხუთშაბათ საღამოს გამოქვეყნებულ სტატიაში, ჯეიმს კომი ამბობს, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას ერთგულება არაერთხელ მოსთხოვა. პირველად ეს მოხდა იანვარში, თეთრ სახლში, აცხადებს გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორი, რომელიც ტრამპმა სამშაბათს თანამდებობიდან დაითხოვა.

როგორც გაზეთი იუწყება, კომიმ პრეზიდენტს პირადი ერთგულების დაპირების ნაცვლად, აღუთქვა, რომ მასთან “ყოველთვის გულწრფელი იქნებოდა”.

შეერთებულ შტატებში გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი პარტიული გავლენებისგან დაცვის მიზნით, 10 წლის ვადით ინიშნება. ჯეიმს კომის გათავისუფლების შემდეგ, გაჩნდა კითხვები იმის თაობაზე, ჰქონდა თუ არა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას პოლიტიკური სარჩული. ვაშინგტონის ზოგიერთ წრეებში საკონსტიტუციო კრიზისზეც კი საუბრობენ.

ტელეკომპანია “ენ-ბი-სისთვის” ცოტა უფრო ადრე მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კომისთან თეთრ სახლში შეხვედრა თავად გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის მოთხოვნით შედგა. პრეზიდენტის განმარტებით, კომიმ შეხვედრის სურვილი სამსახურის შენარჩუნების მიზნით გამოთქვა. დონალდ ტრამპს არაფერი უთქვამს მისდამი ერთგულების მოთხოვნასთან დაკავშირებით. თუმცა, აღნიშნა, რომ კომის ჰკითხა, გამოძიებაში ფიგურირებდა თუ არა პრეზიდენტის სახელი, რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG