ორშაბათს თეთრმა სახლმა 2020 წლის ბიუჯეტის გეგმა წარმოადგინა. შეერთებული შტატების მთავრობის ხარჯვითი ნაწილი 4.7 ტრილიონ დოლარს შეადგენს.
ბიუჯეტში წინა წელთან შედარებით, კიდევ უფრო გაზრდილი რაოდენობით შევიდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო დაპირება - კედელი მექსიკასთან. თეთრი სახლი ფიზიკური ბარიერის აგებას სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან უკანონო იმიგრაციის შემცირების მიზნით ითხოვს. მის ასაშენებლად 2020 წლის ბიუჯეტში 8.6 მილიარდი დოლარია გათვალისწინებული.
ბიუჯეტის ეს ნაწილი პრეზიდენტის და კონგრესის მორიგ დაპირისპირებას გამოიწვევს. 2019 წლის ბიუჯეტზე დაწყებული ანალოგიური დებატები ამერიკის მთავრობის რეკორდული ვადით, 35 დღით დახურვით დასრულდა. მაშინ ტრამპი კედლისთვის 5.7 მილიარდს ითხოვდა.
2020 წლის ბიუჯეტი პენტაგონის სამხედრო და არასამხედრო ხარჯების 5-5 პროცენტით გაზრდას ითვალისწინებს. თავდაცვის დეპარტამენტის ბიუჯეტი, კონგრესში დამტკიცების შემთხვევაში, 715 მილიარდიდან 750 მილიარდამდე გაიზრდება.
შემცირებულია მოხუცების და დაბალშემოსავლიანთა ჯანდაცვის დახმარების პროგრამების დაფინანსება, რომელიც მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მკვეთრად მცირდება სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუჯეტი, ძირითადად - საერთაშორისო დახმარებების მიმართულებით.
Facebook Forum