ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მადლიერების დღე ქვეყნის სასამართლო სისტემაზე დისკუსიის განახლებით დაიწყო. ხუთშაბათს, მან ამერიკელ ჯარისკაცებს მიმართა და ტელეკონფერენციისას თქვა, რომ სასამართლო ერთგვარ შიდა დაბრკოლებად იქცა.
პრეზიდენტის ამ კომენტარამდე რამდენიმე დღით ადრე, მან ის მოსამართლე გააკრიტიკა, რომელმაც ამერიკაში თავშესაფრის მაძიებელთა შესახებ მისი ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილება დაბლოკა და მას „ობამას მოსამართლე“ უწოდა. რობერტსმა კი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, რომელიც პრეზიდენტის მხრიდან სასამართლო ხელისუფლების კრიტიკას აქამდე არ გამოხმაურებია, ამჯერად დუმილი დაარღვია, დონალდ ტრამპის კრიტიკას უპასუხა და თქვა, რომ ასეთი განცხადებები მის მიერ სასამართლოს როლის გაუაზრებლობაზე მიანიშნებს.
"ჩვენ არ გვყავს ობამას, ტრამპის, ბუშის ან კლინტონის მოსამართლეები. ჩვენ გვყავს თავდადებული მოსამართლეები, რომლებიც აკეთებენ ყველაფერს, რაც შესაძლებელია იმისთვის, რომ მათ წინაშე წარმდგარი ადამიანების მიმართ თანაბარი მიდგომა გამოიყენონ. დამოუკიდებელი სასამართლო კი არის ის, რისიც ყველანი მადლიერნი უნდა ვიყოთ", - განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ პრეზიდენტის კრიტიკის პასუხად.
თუმცა ტრამპი ამან არ შეაჩერა და მან საპასუხო განცხადებაც გამოაქვეყნა "ტვიტერზე", სადაც ამბობს, რომ სასამართლო სისტემაში ნამდვილად არიან "ობამას მოსამართლეები", რომელთა შეხედულებებიც ქვეყნის უსაფრთხოების საწინააღმდეგოდ მოქმედებს.
Facebook Forum