ეს სისუსტეა და "ქართული ოცნების" შიგნით ნაპრალების გაჩენას შეუწყობს ხელს - ასე აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას "მაკკეინის ინსტიტუტის" გლობალური პროგრამების ხელმძღვანელი ლორა თორნტონი. მისი აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმწიფო მდივანმა მისი სანქცირება ანტიდემოკრატიულ ქმედებებთან ერთად, რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებას პირდაპირ დაუკავშირა.
- რატომ დაუწესა ამ ეტაპზე სანქციები ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უშუალოდ ბიძინა ივანიშვილს და რა არის ვაშინგტონის მთავარი გზავნილი?
- ვფიქრობ, ეს ბევრი მიზეზითაა მნიშვნელოვანი. მაგრამ ვიტყოდი, რომ ყველაზე მთავარი მიზეზი ისაა, რომ ეს „ქართულ ოცნებას“ და მთელ ქართულ საზოგადოებას უგზავნის მესიჯს, რომ ის არ არის უძლეველი. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა დიდი დრო დახარჯეს ჩვენთვის იმის მტკიცებაში, რომ ეს არასდროს მოხდებოდა, რომ ეს ყველაფერი ცარიელი მუქარა იყო, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ეს მოხდა, და ეს ნიშნავს, რომ ის [ივანიშვილი] მოწყვლადია. ვფიქრობ, ყველაზე დიდი შესაძლო გავლენა ამ სანქციებისა ისაა, რომ ამას შეუძლია აჩვენოს, რომ არსებობს სისუსტე, რამაც შესაძლოა გააჩინოს სხვადასხვა ბზარი და ნაპრალი „ქართული ოცნების“ ლიდერებს შორის.
ენტონი ბლინკენის განცხადება ძალიან კონკრეტული იყო იმის თაობაზე, რომ ივანიშვილი ისჯება არა მხოლოდ საქართველოში არადემოკრატიული ქმედებებისთვის, არამედ რუსეთის [სასარგებლოდ] მოქმედებისთვის.
ამ სანქციებს გავლენა ექნება უფრო პრაქტიკული მიზეზებითაც, ეკონომიკური მიზეზით. ივანიშვილმა ალბათ უკვე გადამალა თავისი ფული, მაგრამ ეს ყველაფერი ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებას უკიდურესად ართულებს. სანქციების ტექსტი, ენა ძალიან ზოგადი და ძალიან ფართოა. ასე რომ, ეს შეიძლება შეეხოს საბანკო ოპერაციებსაც. მაგალითად, თუკი ქართული ბანკები არ დაემორჩილებიან სანქციებს, ეს მათ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან და სვიფტის სისტემისგან მოწყვეტს. ამას გავლენა ექნება [ივანიშვილის] ამერიკის გარეთ არსებულ ბიზნეს ინტერესებზეც, თუკი არის რომელიმე მეწილე ან ინტერესი ამერიკაშიც. ნახსენებია ივანიშვილთან არაპირდაპირი კავშირიც, ეს შეიძლება მოიცავდეს მის შვილებსაც კი. ვფიქრობ ამაში უფრო მეტი გზავნილია: რომ არ არის ხელშეუხებელი ბატონი, რომელიც საეთავეშია. ის აბსოლუტურად ხელშესახები კაცია. ასევე, ამას მოჰყვება ძალიან პრაქტიკული ფინანსური შედეგები საქართველოსთვისაც, ეს კი გაცილებით უფრო ფართო იქნება, ვიდრე უშუალოდ ივანიშვილი.
- პრემიერ-მინისტრი კობახიძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი დე-ფაქტო ისედაც სანქცირებული იყო და ამერიკის ეს გადაწყვეტილება არაფერს ცვლის გარდა იმისა, რომ არის საფასური, რომელსაც ისინი “ეროვნული ინტერესების დაცვისთვის იხდიან. რას ფიქრობთ ამ პასუხებზე?
- არ მგონია პრემიერ-მინისტრსაც ბევრი არჩევანი ჰქონდეს. მე სულაც არ მიკვირს, რომ ის ცდილობს თავი მოიკატუნოს, თითქოს ამას არანაირი გავლენა არ ექნება და დაარწმუნოს ქართული საზოგადოება, რომ კვლავ ისინი მართავენ სიტუაციას, მაგრამ სინამდვილე ისაა, რომ ბიძინა ივანიშვილი არ იყო სანქცირებული, “კრედიტ სუისი” (შვეიცარული ბანკი, რომელთანაც მას დავა ჰქონდა) ამერიკასთან არაფერ შუაშია. ასე რომ, ვფიქრობ, ყველას, ვისაც კი მცირედი ინტელექტი ან მცირე მოკვლევის უნარი მაინც აქვს, შეუძლია გაიგოს, რომ ეს უბრალოდ სიცრუეა. ისინი კი კვლავ ეცდებიან დაამშვიდონ [საზოგადოება] და თავი მოაჩვენონ, თითქოს დიდი არაფერი მომხდარა. ზუსტად ისევე, როგორც ეს სხვა სანქცირებული მაღალჩინოსნების შემთხვევაში გააკეთეს. როდესაც ისინი დააწინაურეს და გამოიყენეს სახელმწიფო ფინანსები იმისთვის, რომ მათთვის სანქციების ფინანსური წნეხი დაებალანსებინათ. მათ ამის გაკეთება დასჭირდათ, რათა რეჟიმის შიგნით საკუთარი რიგებივე შეენარჩუნებინათ. და ეს ჩემი აზრით, მათ სისუსტეს აჩვენებს.
- როგორ ფიქრობთ, უტოვებენ თუ არა სივრცეს ამერიკელები ივანიშვილსა და მის გუნდს ძველ კურსზე დასაბრუნებლად და რა არის ის, რისი მიღწევის იმედიც ამ ზომის მიღებას ახლავს თან?
- სანქციები არის წნეხის ინსტრუმენტი, რათა მიზნამდე მივიდეთ. მე არ ვარ ამერიკის მთავრობაში, მაგრამ ჩემი აზრით, შეერთებული შტატების მიზანი ისაა, რომ საქართველო დემოკრატია იყოს. იდეა ეფუძნება იმის იმედს, რომ ეს [სანქციები] გავლენას მოახდენს „ქართული ოცნების“ ქცევაზე და საბოლოოდ დააბრუნებს მას მოლაპარაკების პოზიციაში, სადაც [განხილვის საგანი] შეიძლება იყოს ახალი არჩევნები გარდაქმნილი საარჩევნო კომისიის პირობებში, გარდაქმნილი შინაგან საქმეთა სამინისტროს პირობებში და სხვა...
იდეა ისაა, რომ თუ მათ სურთ დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობა, ახალი არჩევნების ჩატარებაში მონაწილეობა და წინ წასვლა, ცხადია, ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. მაგრამ ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი რამ ამ სანქციების შესახებ ისაა, რომ ენტონი ბლინკენის განცხადება ძალიან კონკრეტული იყო იმის თაობაზე, რომ ივანიშვილი ისჯება არა მხოლოდ საქართველოში არადემოკრატიული ქმედებებისთვის, არამედ რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებისთვის. აი, აქ კი ყველაფერი უფრო რთულდება და ვფიქრობ, აქედან შემოტრიალება უკვე რთული იქნება. არავინ სულელდება იმით, თითქოს „ქართული ოცნება“ როგორღაც დამოუკიდებელია რუსეთისგან. ეს ძალიან ნათელია, ჩვენ ვგრძნობთ ამას და ვხედავთ, რომ ის მოქმედებს, როგორც რუსეთის აქტივი.
- რას ნიშნავს ის, რომ ჯერ კონფიდენციალური სავიზო შეზღუდვების, შემდეგ კი ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსნების სანქცირების შემდეგ, პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის სანქციების შესახებ შევიტყვეთ. რას ნიშნავს ის, რომ არ გვინახავს მსგავსი ნაბიჯები მოქმედი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების, თუნდაც პრემიერ-მინისტრის მიმართ?
- ვფიქრობ, იყო წინა სანქციებისას გარკვეული იმედგაცრუება. რას ვაკეთებთ? - ბევრი კითხულობდა ამას. ჩვენ ხომ ვიცით, ვინაა ამ ყველაფრის სათავეში, რა აზრი აქვს ამ სხვა ხალხის დასჯას, როცა ვიცით, ვინ გასცემს ბრძანებებს, ვის წინაშეა ეს ხალხი ანგარიშვალდებული? ასე რომ ვფიქრობ, აბსოლუტურად მართებულია, რომ ივანიშვილის მიმართ მოქმედებით, ვშლით ყველანაირ არასაჭირო ფასადს, რომ თითქოს ის არაა მმართველი. არა, ისაა მთავარი. ყველა აღიარებს ამას. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შემდგომი სანქციები არ დაუწესდება კობახიძეს, კალაძეს ან სხვებს “ქართულ ოცნებაში”. და ეს სანქციები ნამდვილად გზავნის მესიჯს: რომ თუ ის [ივანიშვილი] ხელშესახებია, მაშინ ყველას შეიძლება შეეხონ. ასე რომ, სჯობს ფრთხილად იყოთ. არ მგონია, რომ ეს დასასრულია. მაგრამ იმის გარეშე, რომ მას არ მიემართებოდეს ეს ზომები, არ იქნება სწორი გზავნილი საზოგადოებისთვის.
- თქვენც და ბევრი სხვა ანალიტიკოსიც ვაშინგტონში ხშირად გვეუბნებოდით, რომ ბიძინა ივანიშვილი დიდი ხნის წინ უნდა დასანქცირებულიყო. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ეს ნაბიჯი ან დაგვიანებულია, ან არ ექნება საკმარისი გავლენა ან შედეგი?
- ჩვენ, საქართველოს ბევრი მეგობარი დიდი ხანია მოვუწოდებდით [ამერიკის მთავრობას] სანქციების დაწესებისკენ, განსაკუთრებით კი “უცხოეთის აგენტების კანონის” მიღების შემდეგ, მანამდეც კი. შეიძლება, ამას ჰქონოდა გავლენა საარჩევნო პროცესზე, თუკი ეს სანქციები მანამდე დაწესდებოდა, მაგრამ ეს ყოველივე შეუძლებელი დაშვებაა მას შემდეგ, რაც ეს უკვე მოხდა. შეუძლებელია იმის ცოდნა, თუ რა მოხდებოდა, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე - არასდროს. მგონია, რომ ამის გაკეთება ახალი პრეზიდენტის დანიშვნამდე, მნიშვნელოვანი სიგნალია. რა თქმა უნდა, ვისურვებდით, რომ ეს უფრო ადრე მომხდარიყო, მაგრამ ამას აქვს გავლენის მოხდენის შესაძლებლობა.
- ბოლო დღეების განმავლობაში რესპუბლიკელ კანონმდებელთა მხრიდან არაერთი განცხადება მოვისმინეთ იმის თაობაზე, რომ საქართველოს მართავს გუნდი, რომელიც ამერიკის მოწინააღმდეგეებს ემეგობრება. გამოჩნდა ირანის, "ჰამასის" და "ჰეზბოლას" ლიდერების გვერდით, სტრატეგიულ პარტნიორად კი ჩინეთს აცხადებს. რას ნიშნავს ამგვარი შეფასებების გახშირება ვაშინგტონიდან?
"ქართული ოცნება" ლამის სასაცილოც კია იმით, რომ ისინი ფიქრობენ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მოვა და მათ რაღაცნაირად გადაარჩენს. ეს ასე უბრალოდ არ მოხდება.
- მე მოხარული ვარ, რომ ჩვენ ეს გავაკეთეთ, რომ ეს საკითხი უფრო ფართო, ავტოკრატების კორპორაციის კონტექსტში გავაერთიანეთ. ცხადია, ყველამ ვიცით საქართველოში რუსეთის გავლენის შესახებ, ამაზე ბევრი გვისაუბრია. ასევე ცხადია ჩინეთის ჩართულობის და შავ ზღვაში ანაკლიის პორტის შესახებაც, შავი ზღვის უსაფრთხოების თაობაზე. საქართველოში ჩემი ბოლო ვიზიტისას, რამდენიმე კვირის წინ, გამაოცა იმან, რომ მარნეულში ეთნიკურად აზერბაიჯანული მოსახლეობაც კი გვეუბნებოდა, თუ როგორი გავლენა აქვს ირანს არა მხოლოდ სკოლების, ბიზნესების თუ სხვა დაწესებულებების მხარდაჭერაში, რაც აქამდეც ხდებოდა, არამედ - აქტიურად და უშუალოდ იმ გზავნილების გავრცელებაში, რაც წინასაარჩევნოდ "ქართული ოცნების" კამპანიის მესიჯებს შეესაბამებოდა. ანტიდასავლური გზავნილები, არალიბერალური ღირებულებები, ლგბტქ თემის საწინააღმდეგო გზავნილები, ომისა და მშვიდობის ნარატივები და სხვა. ეს არაა მხოლოდ რუსეთი და ჩინეთი, აქაა ირანიც, ავტოკრატების ეს ნაწილი. და ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში ხალხს აქ, ამერიკაში ეს უკვე კარგად ესმის.
ვფიქრობ, კონგრესმენი უილსონი ძალიან საზრიანად უსვამს ამას ხაზს, რომ ეს არაა მხოლოდ რუსული გავლენა, რომ საუბარია ჩინეთზე, ირანზე, და რომ კობახიძის დგომა ირანში დაკრძალვაზე, სადაც ადამიანები გაჰყვირიან: "სიკვდილი ისრაელს", მას არ შესძენს მეგობრებს არც დემოკრატიულ და არც - რესპუბლიკურ პარტიაში.
ვფიქრობ, "ქართული ოცნება" ლამის სასაცილოც კია იმით, რომ ისინი ფიქრობენ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მოვა და მათ რაღაცნაირად გადაარჩენს. ეს ასე უბრალოდ არ მოხდება. ბოლო დროს რესპუბლიკელების მიერ კონგრესში გაკეთებულ განცხადებებს თუ დააკვირდებით, ისინი საქართველოს შესახებ უფრო ხმამაღალ განცხადებებსაც კი აკეთებენ, ვიდრე - დემოკრატები. და ერთი საკითხი იმ ცოტა საკითხთაგან, რაზეც დემოკრატები და რესპუბლიკელები თანხმდებიან, არის ის, რომ "ქართული ოცნების" მთავრობა ავტოკრატიული მიმართულებით მიდის. საქართველოს მთავრობის მოლოდინები ძალიან უადგილოა.
- სძენს თუ არა დამატებით მნიშვნელობას ამ სანქციებს მათი გამოცხადების დრო? ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე?
- ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული იყო, რომ ეს სანქციები მანამდე გამოცხადდა. და დემოკრატ ქართველებს, აქტივისტებს, მათ, ვინც დემოკრატიისთვის იბრძვის, ეს მართლაც სჭირდებოდათ. მნიშვნელოვანია, რომ ამ თარიღის, 29 დეკემბრის წინ ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ თქვენს მხარეს ვართ, ჩვენ თქვენ მხარს გიჭერთ. ამას სერიოზულად ვიღებთ და დემონსტრანტების ყველაზე დიდ მოწოდებას - რაც ივანიშვილის სანქცირებას ეხებოდა - ვასრულებთ, ამას გაძლევთ. ჩვენ აქ ვართ, თქვენი პარტნიორები და მეგობრები ვართ.