ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მეცამეტე მსხვერპლი სირიაში


თულფან ბორჩაშვილი
თულფან ბორჩაშვილი

თულფან ბორჩაშვილი საქართველოს რიგით მე-13 მოქალაქეა, რომელიც სირიის ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა. 23 წლის ახლაგაზრდა სოფელ ძიბახევიდან იყო, ეს სოფელი ახმეტიდან ჩრდილოეთით, პანკისის ხეობაში მდინარე ალაზნის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს.

ნათესავების თქმით, თულფანი ხუთი თვის წინ თურქეთში წავიდა, სამუშაოს პოვნის იმედად. თუმცა, დიდი ალბათობით, იგი მალევე გადავიდა სირიის საზღვარზე და „ისლამური სახემწიფოს“ ტერორისტებს შეუერთდა. ერთ-ერთ რუსულ სოციალურ ქსელში, თულფან ბორჩაშვილი ბოლოს, 2015 წლის 8 თებერვალს არის შემოსული.

სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე დაღუპული საქართველოს 13 მოქალაქიდან, 12 პანკისის ხეობელი ქისტია. ხეობის უხუცესთა საბჭო კიდევ ერთხელ მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, რომ აღკვეთოს ისლამისტ ტერორისტთა მხარეს ქისტი ახალგაზრდების გადინება. პანკისის უხუცეს ქალთა საბჭოს ხელმძღვანელი თინა დაქიშვილი ამბობს:

„რა თქმა უნდა, სახელმწიფო საზღვარზე კონტროლი უნდა გაამკაცრონ. არ უნდა გადაუშვან, არა მხოლოდ არასრულწლოვანი, არამედ სრულწლოვანი ახალგაზრდებიც. არის რაიმე მექანიზმი შესამუშავებელი, რომ სპეციალურმა სამსახურმა, დაურეკოს და გააგებინოს მშობელს, რომ მისი შვილი საზღვარზე გადადის. ყველამ ვიცით, რომ ეს ბავშვები, როგორც წესი, უჩუმრად, მშობლების ნებართვის გარეშე მიდიან.“

პანკისის ხეობაში ვაინახების იგივე ქისტების ჩამოსახლება 17 საუკუნიდან დაიწყო და პერიოდულად გრძელდებოდა. ერთ-ერთი ბოლო დიდი გადმოსახლება კავკაკასიის მთების ჩრდილო კალთებიდან მე-19 საუკუნის 20-იან წლებში მოხდა.

ქისტები ისტორიულად ცხოვრობენ მდინარე ალაზნის გასწვრივ მდებარე სოფლებში: ომალოში, დუისში, ჯოყოლოში, ძიბახევში, ბირკიანში, ხალაწანსა და ქორეთში. დღეს მდგომარეობით, ეთნიკურად ქისტი, საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა პანკისის ხეობაში 10 ათას აღწევს, ამას ემატება 1000-მდე ჩეჩენი დევნილი რუსეთის ფედერაციიდან.

საქართველოს მასშტაბით, პანკისის ხეობაში უმუშევრობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონეა დაფიქსირებული. პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ხეობაში, ახალი ეკონომიკური ინიციატივების დაწყება, რამაც ისლამურ ფუნდამენტალიზმს გასაქანი მისცა:

„ყველა ხელისუფლება მთავარს აუცილებლად ივიწყებდა - ეს არის ხეობაში სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ახალგაზრდების დასაქმება. მათი გამოყენება, ინტეგრაცია საზოგადოებაში, ამ პროცესის სტიმულირება.

ქისტები, ყველა სხვა ეთნიკურ უმცირესობაზე მეტად, ვინც საქართველოში ცხოვრობს, არიან ინტეგრირებულნი ქართულ საზოგადოებაში, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული რელიგიური ნიშნის მატარებლები არიან. ამ ფაქტორის არგამოყენება ეს იყო დანაშაული და ყველა ხელისუფლებას, ცალ-ცალკე მიუძღვის წვლილი ამ დანაშაულში.

პანკისის ხეობაში, ისევე როგორც, სხვა ადგილებში, სადაც უკვე ჩანს რელიგიური ფუნდამენტალიზმი, მხოლოდ უშიშროების და შსს-ს ძალებით, სიტუაციის გაკონტროლება ვერ მოხდება.“

საქართველოს ხელისუფლებიდან, ჯერჯერობით, ყველაზე აქტიურად პანკიის ხეობაში სწორედ ძალოვანი უწყებები მუშაობს. ორი კვირის უკან დაკავებულ, სოფელ ჯოყოლოს იმამს, აიუფ ბორჩაშვილს, რომელიც კონტრტერორისტული ცენტრის მტკიცებით, „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელია საქართველოში, ორ თვით წინასწარი პატიმრობა მიესაჯა.

ნიშანდობლივია, რომ ბოლო სპეცოპარციის დროს, დაკავებულთა შორის აღმოჩდნენ, თბილისში მცხოვრები ახალგაზრდები: 18 წლის დავით ფირისებია, 21 წლის გიორგი კუპრავა და 23 წლის გიორგი ხუტუნიშვილი. კონტრტერორისტული ცენტრის ინფორმაციით, ეს ახალგაზრდები სირიაში საბრძოლველად წასვლას გეგმავდნენ. ყველა ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი და არცერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს.

სირიის სამოქალაქო ომში დაღუპული საქართველოს მოქალაქეები (2013-2015)

ჰამზათ აჭიშვილი

ხალიდ აჭიშვილი

რუსლან მაჩალიკაშვილი

ბესო კუშტანაშვილი

რუსტამ გელაევი

აბდულ-მალიქ მუთოშვილი

გურამ გუმაშვილი

დავით სვიაკაური

ისრაფილ ცათიაშვილი

ზელიმხან ცათიაშვილი

იბრაჰიმ ცათიაშვილი

ლევან ნაკაიძე

თულფან ბორჩაშვილი

XS
SM
MD
LG