დღეს ამ იშვიათი ჯიშის ინდაურს ცოტა თუ აშენებს. ვაშინგტონთან მდებარე კლოდ მურის კოლონიურ ფერმა მათ შორისაა. ოღონდ ბრინჯაოს ჯიშის ინდაურს იქ უფრო სამუზეუმო დანიშნულება აქვს და ისტორიული სურათის აღდგენას ემსახურება. სამერსმა აქ მოხალისედ მუშაობა 11 წლის ასაკში დაიწყო და ამბობს, რომ ეს უჩვეულო ფრინველი მას შემდეგ შეუყვარდა.
„მათი ისტორია და დღევანდელი მდგომარეობა რომ შევისწავლე, მივხვდი, რომ გადაშენების გზაზე არიან და მათი გადარჩენა აუცილებელია,“ - ჰყვება ის.
გაქრობის რისკი მაღალია, რადგან მათი კომერციული გამოყენება არ ხდება, ამბობს ჯული ლონგი სოფლის მეურნეობის დეპარტამენტიდან და აღნიშნავს, რომ ის ჯიში, რომელიც ბევრად უფრო მომგებიანია, ზომით და კანის სითეთრით არის შერჩეული.
„ის 50-იან წლებში გახდა პოპულარული და მალე ბაზარი მთლიანად დაიპყრო,“ - აღნიშნავს შინაური ცხოველების სპეციალისტი.
შედეგად, ბრინჯაოს ჯიში თითქმის გადაშენდა. მათი რაოდენობა დღეს 10 ათასს არ აღემატება, აცხადებს ამერიკის შინაური ცხოველების და ფრინველების დაცვის ორგანიზაცია. შინაური ცხოველების ჯიშები ბევრ ქვეყანაში ნადგურდება. ბაზარი ცხოველურ ცილებზე მოთხოვნის შესაბამისად, ეფექტურობას მრავალფეროვნებაზე მაღლა აყენებს. ჯული ლონგის აზრით, მათი დაკარგვა შეცდომა იქნებოდა.
„გამრავლება ერთგვარი გენეტიკური დაზღვევაა. შეიძლება გენი არც არასოდეს გამოიყენო, მაგრამ თუ დაკარგე, ვეღარასოდეს აღადგენ,“ - ამბობს ის.
ამ ე.წ. „გენეტიკურ დაზღვევას“ კლიმატური ცვლილებებით გამოწვეულ მკაცრ პირობებთან შეგუება შეეძლება. ალბათ ახალ დაავადებებთან გამკლავებასაც უფრო შეძლებს. ფრინველთა საკვების გაძვირების დროსაც გამოსადეგი გახდება, აღნიშნავენ სპეციალისტები.
უცნაურია, მაგრამ იმასაც ამბობენ, რომ მათი გადარჩენის გზა შეიძლება სამზარეულოც იყოს. ჯონ კრიჩლი ვაშინგტონის ცენტრში რესტორან „ურბანას“ მთავარი მზარეულია და ამტკიცებს, რომ ბრინჯაოს ჯიშის ინდაური ბევრად უფრო გემრიელია.
„მეჩვენება, რომ ფაქტურა, გემო, არომატიც უკეთესი აქვს... უფრო პიკანტურია,“- ამბობს შეფი.
კულინარები დღეს უკვე ძველ არომატებს ეძებენ, რომელიც საკვების კომერციალიზაციის გამო დაიკარგა. ამაზე მადლიერების დღეზე ბრინჯაოს ჯიშის ინდაურებზე მოთხოვნის ზრდაც მეტყველებს. რეიჩელ სამერსი იმედოვნებს, რომ უნიკალური ჯიშის ინდაურს მხოლოდ გემოს გამო არ გაამრავლებენ.
„მადლიერების დღისთვის გასაყიდად ნამდვილად არ ვზრდი. მინდა, რომ მსოფლიოს შემოვუნახო და საჭიროების შემთხვევაში ხელთ იყოს. ჩემს პატარა ფერმაში რამოდენიმეს მაინც მოვუვლი და გადავარჩენ,“- აღნიშნავს სამერსი და იმედს გამოთქვამს, რომ ბრინჯაოს ჯიშის ინდაურები მადლიერების დღის ტრადიციასთან ერთად, საკუთარ უნიკალურობასაც დიდხანს შეინარჩუნებენ.