9 აპრილს თბილისში დატრიალებული ტრაგედიიდან 30 წლის შემდეგ, საქართველოს დედაქალაქში დამატებით 6 ქუჩას დაარქმევენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა სახელებს. სახელდების და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბანის ქუჩებს დაერქმევა: მზია ჯინჭარაძის, თამუნა დოლიძის, თინა ენუქიძის, მანანა ლოლაძის, ელისო ჭიპაშვილისა და თამარ მამულაშვილის სახელები.
თბილისში უკვე არსებობს 9 აპრილის კიდევ ორი მსხვერპლის - თამარ ჭოველიძის და ეკა ბეჟანიშვილის - სახელობის ქუჩები. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, პროცესი მომავალშიც ეტაპობრივად გაგრძელდება.
„ყველა ის ადამიანი, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა და შეეწირა საქართველოს თავისუფლებას, იმ ჩვენი თანამოქალაქეების, გმირების სახელდებით მოხდება სხვა ქუჩებიც. შესაბამისად, ეს პროცესი იქნება გაგრძელებული და დღევანდელი გადაწყვეტილებით მიენიჭება 6 ქუჩას, ხოლო შემდეგ უკვე - დანარჩენი ქუჩები იქნება სახელდებული", - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
30 წლის წინ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე მთავრობის სასახლესთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქციები საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიმდინარეობდა. აქციებში ათობით ათასი ქართველი მონაწილეობდა.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა არმიის ნაწილებმა მომიტინგეები გაუგონარი სისასტიკით დაარბიეს. საბჭოთა ძალებმა საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენეს მხუთავი აირი, სასანგრე ბარები, ცეცხლსასროლი იარაღი, ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები.
21 ადამიანი, მათ შორის, 17 ქალი შეეწირა იმ დღეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. ასობით ადამიანი მოიწამლა მხუთავი აირით, ბევრი დაშავდა. თბილისში კომენდანტის საათი გამოცხადდა. მომხდარიდან ორი წლის შემდეგ, საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, 9 აპრილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.
Facebook Forum