ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართველი შეფ-მზარეულის ბიზნესი ნიუ-იორკში


რესტორანი "თამუ ლოლა" ნიუ იორკში
რესტორანი "თამუ ლოლა" ნიუ იორკში

ფრანგული სტილის ლაუნჯი, ფრანგული მუსიკით, ევროპული, ქართული და აღმოსავლური მენიუთი მანჰეტენის შუაგულში, ორი თვის წინ ქართველმა თამუნა მახარაძემ გახსნა. ლოლა მისი ამერიკული სახელია, რომელიც თავიდან მეგობრებმა ხუმრობით შეარქვეს, თუმცა როდესაც ამერიკის მოქალაქეობა მიიღო, მისმა ფრანგმა მეუღლემ პასკალ ლეუფერმა თავისი ახალი სახელი ბერძნული მითოლოოგიიდან აიღო და თამუნამაც ასე, მეუღლის ხათრით დაირქვა ლოლა. რესტორანი ქალის ორი სახელით მანჰეტენზე პოპულარული მალე სწორედ მისი კერძების გამო გახდა.

თამუნა მახარაძე: დიდი სურვილი მაქვს ჩვენს მენიუში დროულად, ნელნელა დავამატო რამდენიმე ქართული კერძი გარდა იმისა, რაც უკვე გვაქვს მენიუში. ამ ეტაპზე გვაქვს ნიგვზიანი ბადრიჯანი, რომელსაც ვაზის ფოთოლში გახვეული სუნელებიან ბრინჯთან და ბროწეულიან ისპანახთან ერთად ვთავაზობთ სტუმარს. თემატურად აღმოსავლური და ევროპული სამზარეულო ავირჩიეთ. არ მინდოდა კონკრეტული ერთი ქვეყნის სამზარეული აგვერჩია, რადგან ძალიან ბევრი გერმიელი კერძი არსებობს ევროპაში და მინდოდა გამეკეთებინა ექსპერიმენტები, შეგვექმნა ახალი კერძები, გავკეთებინა სინთეზი სხვადასხვა სამზარეულოების. მე, რადგან ქართველი ვარ ჩვენს ქართულ შტრიხებს ყოველთვის შევინარჩუნებ მენიუში.

ამბობს, რომ ფრანგული კულინარიის ინსტიტუტში სწავლის გადაწყვეტილებაც მისმა მეუღლემ პასკალმა უბიძგა. ჩამოაყალიბა საკუთარი ივენტების კომპანია- "Toque Verte", რომელიც მალე ისეთი წარმატებული გახდა, რომ მასთან კონტრაქტს დევიდ კოფერფილდი და მსოფლიოში სხვა ცნობილი ადამიანები დებდნენ. დიდი ხნის განმავლობაში ამერიკელი დიზაინერის ტომი ჰილფიგერის პირად მზარეულად მუშაობდა. მისი საყვარელი კერძი თამუნას რეცეპტით მომზადებული ბორშჩი იყო.

თამუნა მახარაძე
თამუნა მახარაძე

თამუნა მახარაძე: ტომი ჰილფიგერის პირადი შეფი ვიყავი დიდი ხნის განმავლობაში. მის სახლში ვმუშაობდი, რაც საკმაოდ კარგი გამოცდილება იყო ჩემთვის. ძალიან ბევრი ცნობილი ხალხი გავიცანი მათთან. ძალიან მოსწონდათ ჩემი ნახელავი საჭმელები, ვუქმნიდი მენიუს. ყველაზე კარგი ის იყო, რომ მათთვის ფინანსური პრობლემა არ არსებობდა. ხშირად ვმოგზაურობდი მათთან ერთად. ხორცს იტალიიდან გვიგზავნიდნენ. მართლა მაღალი ხარისხის და განსაკუთრებულ ინგრედიენტებთან მქონდა შეხება. ძალიან უყვარდათ ბორშჩი. იცოდნენ, რომ მე ვიყავი ქართველი და ვეუბნებოდი რომ ეს არ იყო ქართული კერძი, თუმცა სულ ითხოვდნენ ბორშჩის გაკეთებას.

მზარეულობამდე იყო სააგენტო "ელლი" და სამოდელო კარიერა, რომელიც თბილისში დაიწყო. დღეს ეცინება, რომ ახსენდება რამხელა კონტრასტი იყო თბილისში მიღებულ ჰონორარს, 50 ლარსა და ამერიკულ სამოდელო სააგენტოში გამომუშავებულ საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას შორის. თბილისში მცდელობა ჰქონდა გამხდარიყო ექიმი, ცოტა ხანი სამედიცინოზე ისწავლა, შემდეგ სპარსული ენის სპეციალისტი, სატელევიზიო წამყვანი... თუმცა ეს ყველაფერი ისევ საქართველოში არსებული უპერსპექტივობის განცდის გამო ამერიკამ გადაწონა, მაგრამ აქაური სასწაულების მაინც არ სწამდა.

"თამუ ლოლას" ინტერიერი
"თამუ ლოლას" ინტერიერი

თამუნა მახარაძე: სიმართლე რომ გითხრა, რაღაც დიდი მოლოდინი არ მქონია, რომ აქ ჩამოსვლით რაიმე სასწაული მოხდებოდა. უბრალოდ იმედი მქონდა, რომ რაღაცას მე თვითონ შევქმნიდი და გავაკეთებდი. რადგან ყოველთვის ვიყავი შრომისმოყვარე. მინდოდა ჩემს თავში აღმომეჩინა შესაძლებლობები და რაც შემეძლო ის გამეკეთებინა. აქ რომ ჩამოვედი ნელ-ნელა დავმკვიდრდი, ბევრი რამე ვისწავლე და ჩემი თავი აღმოვაჩინე კულინარიაში.

"ნიუ-იორკ თაიმსის" მიერ ქართული სამზარეულოს და ნიუ-იორკში არსებული ქართული რესტორნების მიმოხილვა უკვე ტრადიციაა. ქართული ხაჭაპურის ნაირსახეობის და ხინკლის განსაკუთრებულ გემოზე აქ დიდ ხანს წერდნენ.

ერთი თვის წინ, ორი თვის წინ გახსნილ "თამუ ლოლას" ლაუნჯ-რესტორნის შესახებ "ნიუ-იორკ თაიმსი წერდა: "რესტორნის მენეჯერი თამუ-ლოლა თბილისელია, ამერიკაში ფრანგული კულინარიის ინსტიტუტი დაამთავრა.

რესტორნის მენიუში ევროპული და აღმოსავლური სამზარეულოა შესული. დროდადრო თავის წარმომავლობას ხაზს უსვამს ნიგვზის სოუსის შემცველი კერძებით, ისპანახის ფხალეულით და აჯიკით, რომელიც ცხარე საკაზმია. აჯიკა, რომელიც მანჰეტენს პირველად ქართველმა გოგომ ორი სახელით, "თამუ ლოლამ" გაასინჯა.

XS
SM
MD
LG