ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაივანი ამბობს, რომ ყოფილი ჩინელი კაპიტანი დააკავა, რომელიც ტაიპეის სადგურში კატერით შევიდა


ტაივანის სანაპირო დაცვამ კვირას ჩინელი მამაკაცი დააკავა, რომელიც სამართალდამცავების ცნობით, საზღვაო ძალების ყოფილი კაპიტანია და შესაძლოა კუნძულის თავდაცვითი შესაძლებლობების გამოცდა სურდა. დაკავებული პირი ტაიპეის ნავსადგურში მდინარის მიმართულებით, კატერით შევიდა, რის შედეგადაც სანაპირო დაცვამ დააკავა.

ტაივანსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ამ დრომდეც დაძაბულია. ჩინეთი დემოკრატიულად მართულ კუნძულს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. კუნძული კი ამას არ ეთანხმება.

ტაივანის ოკეანის საქმეთა საბჭოს ხელმძღვანელი კუან ბი-ლინგი, რომელსაც სანაპირო დაცვაც ექვემდებარება, ამბობს, რომ დაკავებული მამაკაცი ყოფილი მაღალი რანგის სამხედრო იყო.

კუანმა თქვა, რომ გასულ ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში 18 მსგავსი შემთხვევა მოხდა. ძირითადად ტაივანის მიერ კონტროლირებად იმ კუნძულებზე, რომლებიც ჩინეთის სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს.

"ბოლო პერიოდში დაგროვებული შემთხვევების გათვალისწინებით, ვერ გამოვრიცხავთ, რომ ეს გამოცდაა", - თქვა მან და განმარტა, რომ სავარაუდოდ ჩინეთი ამოწმებს, შეუძლია თუ არა ტაივანს მსგავსი პატარა ხომალდების დაფიქსირება.

ჩინეთის არც თავდაცვის სამინისტროს და არც ტაივანის საქმეთა ადმინისტრაციას ამ თემაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

XS
SM
MD
LG