„ბავშვების უმეტესი ნაწილი ქვეყანას ტოვებს. მათ სკოლაში სიარულის საშუალება აღარ გააჩნიათ, ძალადობის გარემოცვაში იზრდებიან და ყალიბდებიან. არანაირი უფლება არ გვაქვს ასობით ათასი ბავშვის მსგავსი ტრავმული მდგომარეობის გახანგრძლივებას ვუყუროთ და ამასთან დაკავშირებით არაფერი მოვიმოქმედოთ“ - აცხადებს გაეროს ბავშვთა ფონდის სპიკერი.
სირიის კონფლიქტი კი მართლაც ჭიანურდება და ჯერ დასასრულის ნიშანწყალი არ ეტყობა. „იუნისეფის“ სპიკერის თქმით, საუბარია ნახევარ მილიონზე მეტ ბავშვზე და კიდევ უფრო მეტ თინეიჯერზე. 4 მილიონამდე სირიელს ქვეყნის შიგნით ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროება. მათი დაახლოებით ნახევარი 18 წლის ან უფრო პატარაა.
სირიაში ინფრასტრუქტურა მოშლილია. საჯარო სამსახურები სისტემატური ნგრევის გამო ძირითადად აღარ ფუნქციონირებს. ჯანდაცვის და განათლების სისტემები კოლაფსის საშიშროების წინაშე დგას. „იუნისეფის“ მონაცემებით, 5 სკოლიდან თითო ან დანგრეულია, ან დევნილთა თავშესაფრად გამოიყენება.
„ამ ომს დასასრული არ უჩანს. ჩნდება საშიშროება, რომ მთელი თაობა ისე გაიზრდება, ძალადობის მეტს არაფერს ნახავს და ისწავლის. ყველაფერთან ერთად, ანალოგიური მდგომარეობა ზოგჯერ ციკლურ ხასიათს იღებს და მომავალშიც მისი განმეორების საშიშროება იარსებებს“ - აღნიშნავს პატრიკ მაკორმიკი, „იუნისეფის“ სპიკერი.
გაეროს ბავშვთა ფონდი დამატებით სუბსიდირებას ითხოვს, რათა სირიაში და მის ფარგლებს გარეთ დევნილ ბავშვებს წყალი, საკვები, მედიკამენტები, ჰიგიენის საშუალებები მიაწოდოს და მინიმალური განათლების საშუალება მაინც მისცეს. „იუნისეფი“ აცხადებს, რომ მათ დღეს სახსრები არ ჰყოფნით.
ამ ეტაპზე ფონდმა სირიელი ბავშვების და ქალებისთვის განკუთვნილი დახმარების 70-მილიონიანი დაპირების მხოლოდ 20 პროცენტი მიიღო. „იუნისეფის“ სპიკერის თქმით, მსგავსი პოლიტიკური კრიზისის დასახმარებლად სახსრების მოზიდვა ბევრად უფრო რთულია და ნელა მიმდინარეობს, ვიდრე სტიქიური უბედურებების დროს. როგორც წესი, სუბსიდირებისთვის აუცილებელი თანხების შეგროვების წარმატებულ კამპანიაზე ერთდროულად რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს.
„ეს დამოკიდებულია საგანგებო სიტუაციის ტიპზე, ქვეყნაზე, ასევე დონორებზე. და მე აქ არ ვგულისხმობ მხოლოდ მთავრობებს, არამედ კერძო პირებსაც. სტიქიური უბედურებების დროს ინდივიდუალური დახმარება საკმაოდ დიდ მასშტაბებს იღებს. ჩვენს შემთხვევაში სირიის კონფლიქტის დასარებულირებლად თანხების მოზიდვა ძალიან გართულებულია“ - აცხადებს „იუნისეფის“ სპიკერი.
გაეროს ბავშვთა ფონდი სირიას, ისევე როგორც მრავალ სხვა ქვეყანას საგანგებო სიტუაციების გარეშეც სისტემატურად ეხმარება. წარსულში „იუნისეფმა“ პარტნიორებთან ერთად სირიაში 1 300 000 ბავშვი აცრა, 4 მილიონ ადამიანს სუფთა წყალი მიაწოდა, 400 ათასი ბავშვი და ქალი კი მინიმალური საარსებო საშუალებებით დააკმაყოფილა.