ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიელი ქურთები პოზიციების დათმობას არ აპირებენ


ქურთული ქალაქების ხელმძღვანელებმა ადგილობრივი საკონტროლო-გამშვები პუნქტები დააწესეს

სირიაში საომარი მოქმედებების გააქტიურების შემდეგ, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე ქურთული ქალაქი დატოვეს. ქურთული ქალაქების ხელმძღვანელებმა ადგილობრივი საკონტროლო-გამშვები პუნქტები დააწესეს და აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორ დასრულდება სირიაში მიმდინარე კონფლიქტი, საგუშაგოების მოხსნას არ აპირებენ.

აფრინი სირიაში მდებარე ქურთული ქალაქია. მას შემდეგ, რაც ოპოზიციასთან შეტაკებების შედეგად სირიის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქის ტერიტორია დატოვეს, ქალაქზე კონტროლი ქურთების დემოკრატიული კავშირის პარტიამ დააწესა. ამასთან ერთად, პარტიის შეიარაღებულმა ფრთამ ქალაქის შესასვლელებთან საკონტროლო-გამშვები პუნქტები დააწესა და ქურთული დროშაც აღმართა.

აფრინთან ახლოს მდებარე სოფელ ჯოლბულში ადგილობრივი მაცხოვრებლის დაკრძალვაზე ასობით ადამიანი შეიკრიბა. გარდაცვლილი მეამბოხე იყო. ის ქურთების სეპარატისტული მოძრაობის წევრი იყო, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე ქვეყნის მთავრობის წინააღმდეგ თითქმის 30 წელია იბრძვის და ქურთისტანის დამოუკიდებლობას მოითხოვს.

სირიაში მცხოვრები ქურთების უმრავლესობა დამოუკიდებელი ქურთისტანის იდეის მომხრეა. ქურთები სირიის მოსახლეობის 10 პროცენტს შეადგენს, მაგრამ სირიის მთავრობა მათ ეთნიკურ ჯგუფად გამოყოფაზე უარს აცხადებს. ქურთების დემოკრატიული კავშირის პარტიის რეგიონალური ხელმძღვანელი, სახელად ჰასანი, ამბობს, რომ პარტია სირიაში ქურთების მიერ დაკავებული ტერიტორიის თითქმის ნახევარს უკვე აკონტროლებს. თუმცა, მისივე თქმით, ამ ტერიტორიაზე არა ქურთული დასახლებებიც შედის:

„რეგიონის დემოგრაფიული აგებულება დამოუკიდებლობის მოთხოვნის საშუალებას არ იძლევა. ჩვენ დამოუკიდებლობას არც ვითხოვთ. ჩვენ მხოლოდ ჩვენი უფლებების დაცვას, თვითდამკვიდრების მხარდაჭერას და დემოკრატიულ ავტონომიას მოვითხოვთ.“

სირიაში 17 თვის წინ დაწყებულ კონფლიქტში, რომელიც დღემდე გრძელდება, ქურთები არცერთ მხარეს არ უცხადებენ მხარდაჭერას. ჰასანი ამბობს, რომ არც სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი და არც მისი მოწინააღმდეგე თავისუფალი სირიის არმია არ აღიარებს ქურთების ეთნიკურ უფლებებს. ამიტომ, მისი თქმით, ისინი ბრძოლას მხოლოდ საკუთარი ინტერესების დასაცავად გააგრძელებენ:

„რაც არ უნდა მოხდეს, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, თუ მთავრობა ქურთი ხალხის წინააღმდეგ თავდასხმებს არ შეწყვეტს და ჩვენთან მიმართებაში იგივე პოლიტიკას გააგრძელებს, ჩვენ სისხლის უკანასნელ წვეთამდე გავაგრძელებთ ქურთი ხალხის უფლებებისთვის ბრძოლას.“

ახლო აღმოსავლეთში დაახლოებით 30 მილიონი ქურთი ცხოვრობს, რომლებიც თურქეთში, სირიაში, ერაყსა და ირანში ცხოვრობენ. თვითდამკვიდრებისთვის ათწლეულების მანძილზე მათი ბრძოლა ამ ქვეყნების ცენტრალური მთავრობებისთვის მნიშვნელოვანი თავსატეხია. სირიაში მცხოვრები ქურთები ყველა მხრიდან კონფლიქტური რეგიონებით არიან გარემოცული, რაც მათ განსაკუთრებით დელიკატურ ვითარებას უქმნის. თუმცა, როგორც სირიელი ქურთები აცხადებენ, სამოქალაქო ომმა მათ დამოუკიდებლობის შეგრძნება მისცა, რასაც ისინი არასოდეს არ დათმობენ.
XS
SM
MD
LG