რამდენიმე დღიანი დუმილის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ 7 თებერვალს სირიაში მომხდარი საჰაერო შეტევისას რუსეთის ხუთი მოქალაქე დაიღუპა.
საგარეო საქმეთა პრეს-სპიკერმა მარია ზახაროვამ აფეთქებისას ასობით ადამიანის დაღუპვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას დასავლური პრესის "კლასიკური დეზინფორმაცია" უწოდა. ზახაროვამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საუბარი იყო რუსეთის მოქალაქეებზე და არა "რუს სამხედროებზე", თუმცა მომხდარის დეტალებზე მას არ უსაუბრია.
სააგენტო „როიტერის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გასულ კვირას სირიაში საჰაერო იერიშის შედეგად, კრემლის მიერ დაქირავებული კერძო სამხედრო კომპანიის 300-მდე თანამშრომელი დაიღუპა ან დაშავდა.
„როიტერი“ ამ ინფორმაციას სამ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტო ასევე ეფუძნება რუსი სამხედრო ექიმის მონაყოლს, რომლის თქმითაც, დაღუპულია ასამდე ადამიანი.
მათი დაღუპვა დროში ემთხვევა 7 თებერვალს სირიის ქალაქ დეირ ალ-ზორთან მომხდარ აფეთქებებს, რომელიც ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, შეერთებული შტატების მეთაურობით შემდგარ კოალიციას და ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერებს შორის მოხდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ გუშინ გააკეთა მომხდართან დაკავშირებით პირველი განცხადება. სამინისტროს თქმით, სირიაში, შეერთებული შტატების მიერ წარმართული საჰაერო ოპერაციისას რუსეთის ხუთი მოქალაქე დაიღუპა. მანამდე რუსი და ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ რუსეთის დაღუპულ მოქალაქეებზე ინფორმაციას არ ფლობდნენ.
დამკვირვებლები ამბობენ, რომ სირიაში მყოფ რუს სამხედროებს და იქ მომუშავე კონტრაქტორებს შორის სათანადო კოორდინაცია არ ხდებოდა.
ფარხანურ გავრილოვამ შვილის დაღუპვის შესახებ ტელეფონით გაიგო. მას უთხრეს, რომ იმ დღეს რუსი და ამერიკელი მებრძოლები ერთმანეთს პირველად შეეჯახნენ.
მისი 37 წლის რუსლან გავრილოვი, სავარაუდოდ, კომპანია „ვაგნერის“ მიერ იყო დაქირავებული, რომელიც თავის მხრივ კრემლის კონტრაქტორია.
„ის ნაწილებად იყო დაშლილი. ცოცხალი რომ ყოფილიყო ამდენი ხანი დამირეკავდა,“ ყვება 67 წლის დედა სააგენტო „ასოშიეთედ პრესთან“ ინტერვიუში.
მისი თქმით, ის ცდილობდა შვილი სირიაში წასვლისგან გადაერწმუნებინა, მაგრამ ის მაღალი ანაზღაურების გამო წავიდა, რომლითაც სახლს არემონტებდა.
გასულ დეკემბერს სირიის რუსულ ბაზაზე ვიზიტისას, პუტინმა სირიაში ომი გამარჯვებულად გამოაცხადა და რუსი სამხედროების ნაწილის გაყვანის ბრძანება გასცა. რუსეთის მთავრობას აქამდე არასდროს უღიარებია, რომ სირიაში რუს ჯარისკაცებთან ერთად კონტრაქტორებიც იმყოფებოდნენ. რუსეთის კანონი სამხედრო ოპერაციებისთვის კონტრაქტორების დაქირავებას კრძალავს.
ხუთი სხვადასხვა წყაროს ცნობით, დაჭრილები სირიიდან რუსეთის სამხედრო ჰოსპიტალებში გადაიყვანეს. მოსკოვში მდებარე სამხედრო ჰოსპიტალის ექიმის ცნობით, შაბათ საღამოს 50-ზე მეტი დაჭრილი მიიღო, მათ 30 პროცენტს სერიოზული დაზიანებები აღენიშნება.
“ესოშეითიდ პრესის“ ცნობით, სირიაში რუსი კონტრაქტორების მისია ნავთობით მდიდარი ტერიტორიების დაცვა იყო. სააგენტოს მიერ შარშან მოპოვებული კონტრაქტის თანახმად სირიის მთავრობა რუსეთს ამისთვის ნავთობის შემოსავლის 25 პროცენტს გადაუხდიდა.
სხვადასხვა წყაროების ცნობით, კრემლი „ვაგნერის“ თანამშრომლებთან გასაიდუმლოებულ კონტრაქტებს დებდა და ამით სირიაში ოფიციალური მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას მალავდა. ოფიციალური მოსკოვის ინფორმაციით, გასულ წელს სირიაში სულ 19 ჯარისკაცი დაიღუპა. ეს მონაცემი არ მოიცავს კონტრაქტორებს, რომლებიც რუსულ არმიაში არ ირიცხებიან.
ერთ-ერთი დაღუპულის დედა ამბობს, რომ მის შვილს სამხედრო სავალდებულო სამსახური არ გაუვლია: „ჯანმრთელობის გამოკვლევაც კი არ ჩაუტარებიათ, კრასნოდარიდან დამირეკა და მკითხა რომელი ჯგუფის სისხლი მაქვსო“, იხსენებს გავრილოვა.
„ვაგნერის“ მისიაში გავრილოვის კიდევ ერთი თანასოფლელი ალექსანდრე პოპოვია, რომლის ნახევარ ძმაც ამბობს, რომ მისი 54 წლის ძმა პატრიოტული მოტივებით იბრძვის. სირიაში წასვლამდე ის ხე-ტყის ქარხანაში მუშაობდა.
მოსკოვიდან 1400 კილომეტრით დაშორებულ სოფელ კედროვოეში ადგილობრივები ახლა სირიაში წასულების სიას ადგენენ და მათზე ბოლო ინფორმაციების მოპოვებას ცდილობენ. მათი თქმით, სირიაში სულ 7 ადგილობრივია წასული.
Facebook Forum