ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში ძალადობა კიდევ უფრო იზრდება


სირიაში ერთ კვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება დაირღვა, მას შემდეგ რაც სირიის უშიშროების ძალების ექვსი ოფიცერი ააფეთქეს. მთავრობამ ამ თავდასხმას ოპოზიციური ქალაქების დაბომბვის განახლებით უპასუხა.

სირიაში ძალადობა კიდევ უფრო იზრდება ქვეყანაში გაეროს დამკვირვებლების ჩასვლის შემდეგ. თვითმხილველთა განცხადებით სამთავრობო ძალებმა დამასკოს გარეუბანში საპროტესტო დემოსნტრაციას გაუხსნეს ცეცხლი.

ასევე დაიბომბა ქალაქ ჰომსის ხალიდას რაიონი. სირიის არტილერია აგრძელებს ამ ქალაქის გარეუბნების დაბომბვას. ასადის რეჟიმის საინფორმაციო საშუალებების განცხადებით იდლიბის პროვინციაში შეიარაღებულმა ტერორისტებმა გზაზე დამონტაჟებული ნაღმი ააფეთქეს, ქალაქ დარააში კი სნაიპერმა პოლიციის ოფიცერი მოკლა.

სირიის ხელისუფლების განცხადებით მას ტერორისტებთან ბრძოლის სრული უფლება გააჩნია. სირიაში გაეროს დამკვირვებლების მეთაური მაროკოელი ოფიცერი, პოლკოვნიკი აჰმედ ჰიმიჩი აცხადებს, რომ მიუხედავად ძალადობისა მისიამ თავისი მუშაობა არ უნდა შეწყვიტოს.

მისი თქმით: გაეროს ჯგუფი სირიის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შუამავლის ფუნქციას ასრულებს.

პეკინში ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვალიდ ალ-მოალემმა განაცხადა, რომ დამასკო გაეროს დამკვირვებლების მისიის გაფართოებას უჭერს მხარს.

მისი თქმით: დამკვირვებლების უმრავლესობა სწორედ ცხელ წერტილებში უნდა იყვნენ განლაგებულნი და სირიის მთვარობა მათი რაოდენობის 250-მდე გაზრდას მოითხოვს.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ სირიაში არსებული მისია შვეულმფრენებით და სხვა ტექნიკით უნდა მოამარაგონ და ამ საქმეში დახმარება სთხოვა ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს. სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით ამ ქვეყნის საჰაერო ძალები მზად არიან გამოყონ შესაბამისი ტექნიკა გაეროს მონიტორინგის მისიის დასახმარებლად.

ლიბანში გაეროს სამშვიდობოების მისიის ყოფილი წარმომადგენლის ტიმორ გოკსელის განცხადებით გაეროს დამკვირვებლები სირიაში 1974 წლიდან იმყოფებიან და გოლანის სიმაღლეებზე მათი ორი ბაზა დღემდე მოქმედებს. ამ ხალხს დიდი გამოცდილება აქვთ სირიაში სამშვიდობო მისიის შესრულებაში.

ბატონი გოკსელის განცხადებით გაეროს მისია ვერ მოაგვარებს პრობლემას სირიაში, მაგრამ დაძაბულობის შენელებას ნამდვილად შეუწყობს ხელს.

XS
SM
MD
LG