ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის სამგზავრო თვითმფრინავიდან შეიარაღება ამოიღეს


სავარაუდოდ, იარაღი სირიის სამთავრობო ძალებისთვის იყო განკუთვნილი

თურქეთის პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ თურქეთის აეროპორტში დაკავებულ სირიულ თვითმვრინავს, რომელიც მოსკოვიდან დამასკოში მიფრინავდა, საბრძოლო დანიშნულების ტვირთი გადაქონდა. თვითმფრინავის დაკავებამ კრემლის მწვავე რეაქცია გამოიწვია. „ამერიკის ხმის" კორესპონდენტი სტამბოლიდან მოგვითხრობს.

თურქეთის პრემიერ მინისტრმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სირიული სამგზავრო ავიალაინერის დაკავება გაამართლა. „სამგზავრო ავიალაინერს ტყვია წამალი და იარაღი არ უნდა გადაქონდეს", - თქვა მან და დასძინა, რომ სწორედ ეს მასალები იქნა თვითმფრინავის ბორტზე აღმოჩენილი.

აღსანიშნავია, რომ მოსკოვი და დამასკო უარყოფენ ანკარას მტკიცებებს, რომ თვითმფრინავით მართლაც იარაღი გადაქონდათ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ძალიან მალე დაგმო მომხდარი ფაქტი და განაცხადა, რომ ინციდენტმა მგზავრების სიცოცხლე და უსაფრთხოება საფრთხეში ჩააგდო. ორი დედაქალაქის მტკიცება საკმარისი მაინც ვერ აღმოჩნდა ერდოღანის გუნდისთვის, რომელმაც ორივე ქვეყანა თურქეთის მიერ დაწესებული ემბარგოს დამრღვევად მოიხსენია. იარაღზე ემბარგოს თანახმად, თურქეთის გადაწყვეტილებით, არავის არ აქვს უფლება სირიას იარაღი მიაწოდოს.

„იარაღი და ამუნიცია რუსი მწარმოებლისგან სირიის თავდაცვის სამინისტროსთვის იყო გამიზნული,“ - გაიმეორა თურქეთის პრემიერ მინისტრმა.

როგორც ცნობილია, თვითმფრინავი ანკარაში თურქულმა სამხედრო თვითმფრინავებმა ოთხშაბათს დააკავეს, რის შემდეგაც სირიული ავიალაინერი თურქეთის დედაქალაქში დაეშვა. ერდოღანის რწმუნებით, თურქეთს შესატყვისი სადაზვერვო ინფორმაცია გააჩნია, თუმცა იგი დეტალების გამოაშკარავებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს. პრემიერ მინისტრს ასევე არ დაუკონკრეტებია რუსი მწარმოებლის ვინაობა, თუმცა აღნიშნა, რომ რუსული კომპანია უდიდესი თურქული მექანიკურ-ტექნიკური მწარმოებელი კორპორაციის ექვივალენტია.

თურქეთის მთავრობისგან ბოლოს მიღებული ინფორმაციით, ჯერ კიდევ მოწმდება თვითმფრინავის სრული შემცველობა. თვითმფრინავის ბორტზე 30 ადამიანის, მათ შორის რუსეთის 17 მოქალაქე იმყოფებოდა.

გასულ წელს სირიაში არეულობის დაწყების შემდეგ, რუსეთი უარს აცხადებს დამასკოს მხარდაჭერა შეწყვტიოს. ამ დროს თურქეთი ბაშარ ალ ასადის კრიტიკით არის დაკავებული.

თურქეთსა და სირიას შორის ურთიერთობები განსაკუთრებით გასულ კვირას დაიძაბა, როდესაც სირიამ თურქეთის საზღვარზე მდებარე ქალაქ აქჩაკალეში თავდასხმისას 5 მშვიდობიანი თურქი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ინციდენტისას თურქეთმა საპასუხო ცეცხლი გახსნა და თურქეთის შეიარაღებული ძალების მეთაურმა ისიც თქვა, რომ მომავალში ანალოგიური ფაქტის განმეორების შემთხვევაში თურქეთის რეაქცია კიდევ უფრო ძლიერი იქნება.
XS
SM
MD
LG