შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ ამერიკის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კრიტიკოსების საქმეს შემდგომი მსვლელობა აღარ მისცა. ისინი ყოფილ პრეზიდენტს "ტვიტერზე" დაბლოკვისთვის უჩიოდნენ, რაც მათი მხრიდან პრეზიდენტის კრიტიკას მოჰყვა.
სასამართლომ ორშაბათს განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც სოციალურმა ქსელმა ტრამპის ანგარიში სამუდამოდ დაბლოკა და ის პრეზიდენტი აღარ არის, საქმის გაგრძელებამ აზრი დაკარგა. უზენაესმა სასამართლომ ასევე უგულვებელჰყო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტობის დროს ტრამპმა კრიტიკოსების დაბლოკვით და გაჩუმებით, მათი უფლება - სიტყვის თავისუფლება - დაარღვია.
"ტვიტერმა" ტრამპი კაპიტოლიუმზე მისი მხარდამჭერების მიერ მიტანილი სისხლიანი იერიშიდან ორ დღეში დაბლოკა. კომპანიამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება "ძალადობის შემდგომი წახალისების რისკებიდან გამომდინარე" მიიღო.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ კლარენს ტომასმა კი თქვა, რომ ეს საქმე გაცილებით დიდ პრობლემას აშიშვლებს, რაც ციფრული პლატფორმების დომინირებას ეხება. "როგორც "ტვიტერმა" გარკვევით განაცხადა, სიტყვის შეწყვეტის პრეროგატივა ძლევამოსილ კერძო ციფრულ პლატფორმებს აქვთ" - თქვა მან. ტომასი კოლეგებთან ერთად, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეთანხმება, თუმცა ამბობს, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, გაცილებით "საინტერესო და მნიშვნელოვანმა კითხვებმა წამოიწია წინ".
საქმე ეხებოდა დონალდ ტრამპის ანგარიშს "ტვიტერზე" - @realdonaldtrump. მას 88 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავდა. ყოფილი პრეზიდენტი ამბობდა, რომ ეს მისი პირადი საკუთრება და პირადი სივრცეა, სადაც ის ოპონენტებს არ აძლევს საშუალებას, მისივე ეზოში თავისი პლაკატები და ლოზუნგები ჩაარჭონ.
მას შემდეგ, რაც ტრამპმა თეთრი სახლი დატოვა და ოფისი ამერიკის 46-ე პრეზიდეტნმა, ჯო ბაიდენმა დაიკავა, სასამართლო საქმის სახელშიც ტრამპი ბაიდენით ჩანაცვლდა. შესაბამისად, უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა.
Facebook Forum