ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსსა და რუსეთს შორის, ურთიერთობები ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა ცივი ომის შემდგომ. ნატოს გენერალური მდივნის ეს განცხადება, მოსკოვის მიერ, ნატოში მისი ოფისის დახურვას უკავშირდება.
„ცივი ომის შემდეგ, მსგავსი სირთულე არ გვქონია“, - განაცხადა სტოლტენბერგმა, ნატოში დაგეგმილი მინისტერიალის წინ.
თვის დასაწყისში, ნატომ ალიანსში აკრედიტირებული, რვა რუსი გააძევა იმ მიზეზით, რომ ისინი რუსეთის დაზვერვას ემსახურებოდნენ. ნატომ ასევე ალიანსში რუსეთს აკრედიტაციის კვოტა 10-მდე შეუმცირა.
საპასუხოდ, რუსეთმა ნატოში მისი მისია დახურა და მოსკოვში ალიანსის ოფისის დახურვის ბრძანება გასცა.
„ჩვენ გვრჩება გზები და კომუნიკაციის არხები რუსეთთან, თუმცა სამწუხაროა რუსეთის გადაწვეტილება დახუროს მოსკოვში ნატოს ორი ოფისი და შეწყვიტოს მისი აქტივობა ნატოს მისიაში“, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა. „ნატოს მიდგომა რუსეთისადმი რჩება იგივე, რაც აქამდე, ეს გულისხმობს სანდო შეკავებას და თავდაცვას, რომელსაც თან ერთვის ღირებული დიალოგის მცდელობა რუსეთთან“, - დაამატა მან.
ბრიუსელში, ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა იმართება, სადაც განხილული იქნება ალიანსის გეგმა, თუ როგორ გაუმკლავდნენ რუსეთის შესაძლო სამხედრო აგრესიას ბალტიისპირეთსა და შავ ზღვაში. ალიანსი ასევე განიხილავს საერთო თავდაცვის და შეკავების სტრატეგიას, ჩინეთის აღზევების საკითხს, ავღანეთსა და ახალ ტექნოლოგიებში ინვესტიციებს.
Facebook Forum