ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის სახალხო დამცველი: საქართველოში შემოსვლისას 40 წუთი დამაყოვნეს და გამომკითხეს


ლუდმილა დენისოვა, უკრაინის სახალხო დამცველი
ლუდმილა დენისოვა, უკრაინის სახალხო დამცველი

უკრაინის ომბუდსმენი აცხადებს, რომ თბილისში ჩაფრენის შემდეგ, საზღვარზე 40 წუთის განმავლობაში კითხვებს უსვამდნენ და მისი ვიზიტის დეტალებით დაინტერესდნენ. ლუდმილა დენისოვამ ამის შესახებ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, მედიასთან ისაუბრა.

„გუშინ არ შემოუშვეს უკრაინელი ადვოკატი. მე უნდა ვთქვა, უბრალოდ ეს არ მითქვამს გუშინ და დღეს დილითაც არ მინდოდა ამის თქმა, რომ არ ყოფილიყო პრობლემა სააკაშვილთან ციხეში შესვლასთან დაკავშირებით - გუშინ 40 წუთის განმავლობაში მე მეკითხებოდნენ, რისთვის ჩამოვედი საქართველოში. მხოლოდ რამდენიმე ზარის შემდეგ შემომიშვეს. როგორც ჩანს, ყველაფერი არც ისე მარტივად არის“ - აცხადებს დენისოვა.

უკრაინის ომბუდსმენი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდომირ ზელენსკის მიაწოდებს. ვიზიტის ფარგლებში, დენისოვა ქართველ კოლეგას, ნინო ლომჯარიასაც შეხვდება.

მანამადე, დენისოვამ მედიას სააკაშვილის პოზიცია გააცნო. მისი თქმით, სააკაშვილი თავს პუტინის პატიმრად აცხადებს და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი კითხვის ნიშნების გამო, უარს ამბობს გადავიდეს ციხის სამკურნალო დაწესებულებაში.

„მან თქვა, რომ ყოველდღე სუსტდება. ჰქონდა ოთხი კრიზისი, მათგან ორი - ჰიპერტონიული. ციხის კართან მორიგეობს რეანიმაციის ბრიგადა იმისთვის, რომ აუცილებლობის შემთხვევაში სისხლი გადაუსხან ან გულის მასაჟი გაუკეთონ, თუკი ამის საჭიროება იქნება. მაგრამ, ჩვენ კარგად ვიცით, რომ შიმშილობის 27-ე დღეს არსებობს საფრთხე, რომ რომელიმე ორგანომ შეწყვიტოს ფუნქციონირება და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შესაძლოა მას ამ შემთხვევაში ვერ უშველოს, შეიძლება კლინიკაში გადაყვანა უკვე დაგვიანებული იყოს.“ - აცხადებს დენისოვა.

დენისოვა მიიჩნევს, რომ საქართველოში ირღვევა სააკაშვილის უფლება, ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოთი.

„მას სურს, რომ სასამართლოში საჯარო განხილვები დაიწყოს მის საქმეებზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ადვოკატების თხოვნა უგულებელყოფილია ქართული სასამართლოს მიერ. ეს ადამიანის უფლებების კონვენციის დარღვევაა. დარღვეულია სისხლის სამართლის საქმეებზე გონივრულ ვადაში განხილვის ვადებიც - 8 წელი არ არის ის დრო, რა დროც სჭირდება სისხლის სამართლის საქმეების განხილვას” - ამბობს ომბუდსმენი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. დაკავების შემდეგ, სააკაშვილი პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG