„მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი საკითხები კვლავ გადაუჭრელი რჩება, მხარეებმა უკვე მოახერხეს ფართო საარჩევნო რეფორმებზე ურთიერთგაგების მიღწევა, რაც მათი მიღების შემდგომ, არსებითად გააუმჯობესებს საქართველოს მომავალ არჩევნებს“ - ნათქვამია ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ერთადაა შედგენილი.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მოლაპარაკებებში მონაწილე მხარეების განსახილველ საკითხებს, ქვეყნის დემოკრატიული მომავლის წინაშე პასუხისმგებლობით მოეკიდნენ. ფასილიტატორებს სწამთ, რომ მხარეები მკვეთრად განსხვავებული პოზიციების შეჯერებას შეძლებენ.
„დიალოგი მოიცავდა რთულ და მნიშვნელოვან საკითხებს. ამ საკითხებს მხარეები მიუდგნენ ქვეყნის დემოკრატიული მომავლის წინაშე პასუხისმგებლობით. ასეთი ტიპის ღია და პატივისცემაზე დამყარებული დებატები უაღრესად მნიშვნელოვანია, მაშინ, როდესაც საქართველო მიიწევს წინ უფრო პლურალისტური პოლიტიკური ლანდშაფტისკენ, რომელშიც უფრო მრავალფეროვანი შეხედულებები და ინტერესებია წარმოდგენილი. ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, გვჯერა, რომ მხარეები შეძლებენ მკვეთრად განსხვავებული პოზიციების შეჯერებას“ - ნათქვამია განცხადებაში.
ფასილიტატორები წუხილს გამოთქვამენ იმის გამო, რომ ახლადარჩეული პარლამენტის პირველ შეკრებამდე, ფართო შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. ამერიკის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა, მოუწოდებს მხარეებს, საგულდაგულოდ განიხილონ შესაძლებლობები, შეთანხმების მისაღწევად.
„ვწუხვართ, რომ ვერ მოხერხდა ფართო შეთანხმების მიღწევა ახლადარჩეული პარლამენტის პირველ შეკრებამდე, მიუხედავად პარტიების ლიდერების ძალისხმევისა.
ახლა, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, საგულდაგულოდ განიხილონ შესაძლებლობები შეთანხმების მისაღწევად, რომელიც საშუალებას მისცემს პარლამენტს, შეასრულოს თავისი სრულყოფილი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი საქართველოს დემოკრატიის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების დასაცავად და გასაძლიერებლად“ - ნათქვამია განცხადებაში.
პარტიების თხოვნის საფუძველზე და „შეთანხმების ჭეშმარიტი პოლიტიკური სურვილის არსებობის შემთხვევაში“, ამერიკის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა მზადყოფნას გამოთქვამს, გააგრძელონ ამ ძალისხმევის მხარდაჭერა.
Facebook Forum