მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა საკუთარი მესაზღვრეები ჩააყენა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი" კვლავაც უკონტროლო ტერიტორიებად რჩება - ასეთი შეფასებაა გაკეთებული ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში - „ტერორიზმი 2009 წელს“.
ვაშინგტონმა, ამ მოხსენებით, მიანიშნა, რომ დიდი გავლენის მიუხედავად, მოსკოვი მთლიანობაში ვერ ფლობს სიტუციას, მის მიერვე აღიარებულ ქართულ ანკლავებში, იქ უკონტროლოდ შედიან ტერორისტები, კრიმინალები, შეედინება აღურიცხავი იარაღი.
ანალიტიკოსი კახა კაციტაძე “ამერიკის ხმასთან” აღნიშნავს, რომ რუსეთმა შეიძლება კავკასიაში რამდენიმე ჩეჩნეთი და რამზან კადიროვის ტიპის ლიდერი მიიღოს.
“ავიღოთ რამზან კადიროვის რეჟიმი ჩეჩნეთში, ფაქტიურად, მას გარკვეულ ტერიტორიაზე, აქვს აბსოლიტურად არაკონტროლირებადი ხელისუფლება. იმ ტერიტორიაზე შეუძლია ყველაფერი აკეთოს, რომ ჰქონდეს ტექნოლოგიური შესაძლებლობლები, შეიძლება ბირთვული ნედლეულის გამდიდრებაც კი აწარმოოს, საბედნიეროდ იქ ამისი შესაძლებლობები არ არის. ეს უკონტროლო ტერიტორიები თვითონ რუსეთის ხელისუფლებამ შექმნა.
აფხაზეთში ცოტა სხვა სიტუაციაა, იქ გაცილებით რესპექტაბელური რეჟიმია, მაგრამ ედუარდ კოკოითზე ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ მინი კადიროვია. კადიროვამდე რასაკვირველია ბევრი უკლია, როგორც რესურსების, ისე მასშტაბების თვალსაზრისით, მაგრამ ეს მსგავსება ნამდვილად არის.
მაგალითად, თვითონ რუსებს ვერ გაუგიათ სად გააქრო კოკოითმა ამდენი ფული, რომელიც "სამხრეთ ოსეთის" რეაბილიტაციისთვის გადმოირიცხა. იმის გამო, რომ აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი" რუსეთის მიერ არის კონტროლირებადი, ეს ტერიტორიები, ბუნებრივად ებმება ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებს და ეს არის ძალიან უსიამოვნო პროცესი.
ანუ, არასტაბილურობის მუხტი, რომელიც რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიაშია ჩადებული, მოედინება კავკასიონის სამხრეთით, სწორედ ამაზე მიანიშნებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ეს მოხსენება.“
სახელმწიფო დეპარტამენტი მოხსენებაში ასევე ხაზს უსვამს, საქართველოს ხელისუფლების ღვაწლს, ავღანეთის ანტიტერორისტულ ოპერაციაში ქართველი სამხედროების მონაწილეობის გამო. ცალკეა გამოყოფილი, თბილისის კეთილი ნება, რომ ნებისმიერ ამერიკულ სამხედრო ან სამოქალაქო ავიალაინერს, რომელიც ავღანეთის სამხედრო ოპერაციაშია ჩაბმული, შეუძლია საქართველოს საჰაერო სივრცეში უპრობლემოდ იფრინოს. პანკისის ხეობასთან დაკავშირებით, რუსეთის პრეტენზიების გამო, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი კერძოდ ამბობს
რუსეთის პრეტენზიები, რომ თითქოს ჩეჩენ ტერორისტებს და ასეთი ტიპის ადამიანებს საქართველო მხარს უჭერს და აძლევს საშუალებას თავი შეაფარონ პანკისის ხეობას უსაფუძვლოა. საქართველოს აქვს გამჭვირვალე პოლიტიკა, რაც საშუალებას აძლევს საქართველოს ხელისუფლებას ეს დაუმტკიცოს საერთაშორისო თანამეგობრობას.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ირაკლი სესიაშვილი ყურადღებას ამახვილებს, იმ ფაქტზე, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ეს მოხსენება ვრცელდება იმ ფონზე, როცა საერთაშორისო თანამეგობრობა ცრდილობს აიძულოს რუსეთი, შეუშვას საერთაშორისო დამკვირვებლები ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ირაკლი სესიაშვილი კერძოდ ამბობს
„პირველ რიგში, გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ საერთაშორისო საზოგადოება ვერ აკონტროლებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიტუაციას. საერთაშორისო დამკვირვებლებს არ აქვთ საშუალება შევიდნენ ადგილზე, გააკონტროლონ და ჰქონდეთ, სულ მცირე წარმოდგენა იმაზე, თუ რა ტვირთები, რა ხალხი მოძრაობს, რა საფრთხეებია, ხომ არ ჩნდება იქ ტერორიზმის ბუდეები ან სხვა სხვა არაკანონიერი ქმედებები.
ამ შემთხვევაში, ერთადერთი ქვეყანა, რომელიც იქ სიტუციას ფლობს, აკონტროლებს და გარკვეულწილად, პირდაპირ თუ არაპირდაპირ პასუხისმგებლობას იღებს - ეს არის რუსეთი. ამიტომ, ამ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია, რომ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს რუსეთმა არის ბუნებრივი.
ვინაიდან, რუსეთი თავად ეწინააღმდეგება საერთაშორისო ჩართულობას და კონფლიქტის რეგიონებში საერთაშორისო მისიების შესვლას, შესაბამისად, ის შეფასება, რომელიც წარმოადგინა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა არის აბსოლიტურად ადექვატური რეალობასთან.“
ვაშინგტონი მოხსენებაში ასევე აღნიშნავს, წარმატებულ რეფორმას საქართველოს საზღვრის დაცვის პოლიციაში, მეხუთე სარადარო სისტემის მონტაჟს შავი ზღვის აკვატორიაში და ქართულ-ამერიკულ თანამშრომლობას ყველა სასაზღვრო-გამტარ პუნქტზე რადიაციის დეტექტორების დამონტაჟების მიზნით.
ანალიტიკოსი კახა კაციტაძე განმარტავს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებებს ამერიკის საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში.
„არა მხოლოდ ამ ანგარიშზე, რომელიც ტერორიზმთან დაკავშირებულ სიტუაციას ეხება, არამედ, ზოგადად, რომ ავიღოთ, ყოველწლიური ანგარიშები, რაც ქვეყნდება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, იგივე ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, სხვა და სხვა სფეროებში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია დოკუმენტებია, იმ თვალსაზრისით, რომ ამ დოკუმენტების ერთიანობა იძლევა ხედვას, რომელიც ჩამოყალიბებულია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მხოფლიოში მიმდინარე პროცესებზე.
ამერიკაში ბუნებრივია, ბევრი უწყება მუშაობს მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ანალიზზე, მაგრამ შემაჯამებელ შეფასებებს, საბოლოოდ მაინც სახელმწიფო დეპარტამენტი აკეთებს.“
სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენების მიხედვით, 2009 წელს მსოფლიოში 11 ათასი ტერორისტული აქტი მოხდა, რასაც 15 ათას შვიდასი ადამიანი ემსხვერპლა, ყველაზე მეტი ტერაქტი სამხრეთ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში განხორციელდა ამის მიუხედავად, როგორც მოხსენებაშია, აღნიშნულია, უკვე მეორე წელია, რაც მსოფლიოში ტერორისტული აქტების კლების ტენდენცია შეინიშნება.