ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო დეპარტამენტის ყველაზე კრიტიკული ანგარიში


შერჩევითი სამართალი - ეს ტერმინი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა პირველად გამოიყენა საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის დახასიათების დროს.

ვარდების რევოლუციიდან შვიდი წლის შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში უმთავრეს პრობლემებად საქართველოში კვლავ დასახელებულია - კანონის შერჩევითი გამოყენება, სასამართლოს დამოკიდებულება აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, თავისუფალი მედიის შეზღუდვა, მედიისა და ოპოზიციის ფინანსური მხარდაჭერით დაინტერესებულ ბიზნესმენებზე ზეწოლა და კორუფცია საქართველოს მთავრობაში.

სპეციალურ ვიდეომიმართვაში, რომელიც ყოველწლიური ანგარიშის გამოქვეყნების გამო თბილისში ამერიკის საელჩომ გაავრცელა, ელჩი ჯონ ბასი კერძოდ ამბობს:

„ჩვენ კვლავ გვაღელვებს მოწოდებული ანგარიშები კანონის შერჩევით გამოყენებაზე. შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების ნაკლებობაზე, მედიის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტებზე. ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებზე განხორციელებულ ზეწოლასა და მთავრობის ჩარევაზე პროფესიული კავშირების საქმიანობაში.

ეს ტენდეციები იწვევს განსაკუთრებულ წუხილს ჩვენი ადმინისტრაციის მიერ აღებული ვალდებულებების ფონზე, ჩართოს თანამშრომლობაში და მხარი დაუჭიროს და დაიცვას სამოქალაქო საზოგადოების და ადამიანის უფლებათა დამცველები.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია სხვა სამწუხარო ტენდენცია - მრავალი გამოძიება მთავრობის წარმომადგენლების მიერ მიმდინარე და გასული წლის განმავლობაში სავარაუდო არასამართლებრივი ან უკანონო ქმედების შესახებ, წლის ბოლოსთვის დაუსრულებელი იყო.

საპირისპიროდ, საქმეები მთავრობის ოპონენტების მიერ ანალოგიური ქმედებების ჩადენის შესახებ სწრაფად სრულდებოდა და გადაეცემოდა ბრალდებით სასამართლოს.“

ერთ-ერთი ასეთ დაუსრულებელ საქმედ ანგარიშში დასახელებულია თავდაცვის სამინისტროს მზვერავის ბათუმელი როინ შავაძის უსასტიკესი მკვლელობა, რომელიც 2008 წლის 16 აგვისტოს მოხდა. შავაძის საქმეში პირდაპირ იკვეთება თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროების მაღალი თანამდებობის პირთა დანაშაული, თუმცა გამოძიება დღემდე უშედეგოდ გრძელდება.

შავაძე კონსტუტუციული უსაფრთხოების დეპარტამენტის სპეცრაზმა ბათუმში დააკავა, საღამოს კი მისი დასახიჩრებული გვამი ქაქუთის ტერიტორიაზე იპოვეს. წინასწარი დასვნის მიხედვით, შავაძე ჯერ აწამეს, შემდეგ კი მინიმუმ ხუთი ავტომატიდან დახვრიტეს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის ანალიზისას საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ბაკურ კვაშილავა „ამერიკის ხმასთან“ ამბობს:

„ეს არის სასამართლო ხელისუფლება, რომელზეც არის ყურადღება აქცენტირებული და სასამართლოს დამოკიდებულება აღმსარულებელ ხელისფლებაზე. ერთ-ერთი მნიშვნელონავი არის მნიშვნელოვანი არის კორუფციის მოხვედრა ამ მოხსენებაში და აქ პირდაპირ არის აღნიშნული, რომ კორუფცია ავტომატურად არ ნიშნავს ერთი მოქალაქის მიერ მეორესთვის ფულადი თანხის გადაცემას.

კორუფცია შეიძლება იყოს ბიზნესის და მთავრობის ზედმეტად ახლო კავშირი; კორუფცია ასევე შეიძლება იყოს დამოუკიდებელი საჯარო სამსახურის არარსებობა ანუ როდესაც, საჯარო სამსახური არის პოლიტიკური ნიშნით მთლიანად, ეს უკვე ქმნის კორუფციას.

კორუფცია ამ შემთხვევაში სხვა არაფერია თუ არა სახელმწიფო სტრუქტურის და ინსტიტუტების არაეფექტიანი მოწყობა. ეს არის, ალბათ, ის ძირითადი კომპონენტები, რომელზეც გაკეთებულია აქცენტი. როგორც ტიპიურად კეთდება ხოლმე აქცენტი მსგავსი ტიპის მოხსენებებში.“

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ყველაზე დიდი ადგილი ქართულ საპატიმროებში არსებული უმძიმეს მდგომარეობას ეთმობა. გასულ წელს, საქართველოში პატიმართა სიკვდილიანობამ 56 პროცენტით მოიმატა, სულ 142 პატიმარი გარდაიცვალა, მათ შორის სამი ქალბატონი.

გარდაცვლილთა 28 პროცენტი 31-დან 40 წლამდე ასაკობრივ ჯგუფზე მოდის. ბოლო 7 წლის მანძილზე ეს არის საპატიმროებში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. განათლების ყოფილი მინისტრი, პოლიტოლოგი გია ნოდია ამბობს:

„პრინციპული სიახლე წინა წლების ანგარიშებთან აქ არ არის. არის მოცემული რაღაც პოზიტიური ტენდენციები, თუმცა არის კრიტიკა. კრიტიკა ძირითადად ეხება საპატიმროების მდგომარეობას, პოლიტიკური მოტივით შერჩევით მართლმსაჯულებას, აგრეთვე ცალკეულ შემთხვევებს და ბრალდებებს კონკრეტული ადამიანების მიმართ ცემის ან არასათანადო მოპყრობისა საპატიმროებში.

ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, საგანგაშო და არასასიამოვნო კრიტიკა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობისა, რომელიც ამ დოკუმენტში არის.“

ამერიკის ელჩმა ანგარიშზე საუბრისას, ასევე აღნიშნა, რომ უფრო ძლიერი ქართული დემოკრატია საჭიროებს მაქსიმალურად კონკურენტულ გარემოს 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.

XS
SM
MD
LG