საბჭოთა მმართველობის პერიოდში, არაერთი ეკლესია, მათ შორის არა მხოლოდ მართლმადიდებლური, არამედ მეჩეთი, სინაგოგა, ლუთერანული თუ კათოლიკური ტაძრარი, პირდაპირი მნიშვნელობით, რეჟიმის მსხვერპლი აღმოჩნდა. ახლადშექმნილი სახელმწიფო, რომლის იდეოლოგია ათეიზმის ნიადაგიდან საზრდოობდა, მტრად აღიქვამდა რელიგიის არსებულ ფორმებს და უპირისპირდებოდა მას.
კომუნისტური მმართველობის პერიოდში არაერთი ისტორიული და კულტურული ნაგებობა განადგურდა სწორედ იმის გამო, რომ მას სასულიერო დანიშნულება გააჩნდა. განადგურებული ეკლესიების, სალოცავების ნაწილის ამსახველი ფოტოგამოფენა პარასკევს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ოფისში გახლდათ წარმოდგენილი.
გამოფენის პარალელურად, აქვე გაიმართა ღონისძიება საბჭოთა ანტირელიგიური პოლიტიკის შესახებ, სადაც სპიკერებმა ისაუბრეს საბჭოთა კავშირის პოლიტიკის თაობაზე, როგორც ზოგადად რელიგიის, ისე სხვადასხვა კონფესიის მიმართ. რის დეკლარირებას აკეთებდნენ ქაღალდზე ახლადშექმნილი საბჭოთა სახელმწიფოს ლიდერები და როგორ სრულდებოდა ეს ყველაფერი პრაქტიკაში; რატომ და ვის მიერ დაიწყო სამლოცველოებიდან წმინდა ნივთების იძულებით გატანა, განადგურება თუ ჩამორთმევა, იმისდა მიხედვით, თუ როგორი მატერიალური ღირებულება გააჩნდა მათ; როგორ აღმოჩნდა 70 წლიანი წნეხის შემდგომ სამღვდელოების ნაწილი საგანგებო დანიშნულების სამსახურის აქტივში – ეს გახლავთ იმ თემატიკის არასრული ჩამონათვალი, რასაც ამ ღონისძიებაზე მოისმენდით.
"ამერიკის ხმასთან" საუბრისას, თეოლოგი ბექა მინდიაშვილი, რომელიც ღონისძიების მოდერატორი და სპიკერი გახლდათ, ამბობს, რომ ეკლესია კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლი საქართველოში ორმაგად იყო, რადგან ის გახლდათ მსხვერპლი რუსული იმერიალიზმისა და ამავდროულად, კომუნისტური ტოტალიტარიზმისა.
„თუკი კომუნიზმი თავდაპირველად გარედან ებრძოდა ეკლესიას: ტეხდა და ფიზიკურად ანადგურებდა სასულიერო პირებს, მორწმუნეებს, ასახლებდა მათ გულაგებში, აიძულებდა მღვდლებს გაეხადათ სამღვდლო სამოსელი, უარი ეთქვათ მღვდლობაზე, კეტავდა ეკლესიებს (1939 წელს სულ 5 ეკლესია მოქმედებდა მთელ საქართველოში), მეორე, თითქოს სტალინური დათბობის ეტაპი დაკავშირებულია არა რეალურად კეთილგანწყობასთან რელიგიისა და მართლმადიდებლური ეკლესიისადმი, არამედ იმასთან, რომ ფაქტობრივად, საბჭოთა ტოტალიტარიზმი ამოიზარდა უკვე ეკლესიის შიგნდან. ეკლესიაში არსებობა დაიწყეს არა გატეხილმა სასულიერო პირებმა, არამედ სტალინისა და კომუნიზმის მიერ შექმნილმა და დატრენინგებულმა [შინსახკომის, ე.წ.] нквд– ს თანამშრომლებმა, რომლებმაც ჩაიცვეს სასულიერო სამოსელი“ – აღნიშნავს თეოლოგი.
ბექა მინდიაშვილი საუბრობს იმ შედეგების შესახებაც, რაც ეკლესიას კომუნისტური მმართველობის სტილმა მოიტანა და რაც დღეს, როგორც მნიშვნელოვანი პრობლემა, ისე იჩენს თავს საქართველოში: „საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდგომ, მართლმადიდებლობის ის მოდელი, რომელიც ჩვენ გვაქვს, ამბობს, რომ ძალადობის გარეშე შეუძლებელია მართლმადიდებლობა. ის ამტკიცებს, რომ მართლმადიდებლობა – ესაა ძალადობა განსხვავებულზე, რომ ეს არის წყევლა–კრულვა, დაცვა ღმერთისა, რომელსაც არ სჭირდება ასეთი დაცვა. ეს გახლავთ, სწორედ, სტალინური მართლმადიდებლობის ერთგვარი რუდიმენტი დღეს, ჩვენს რეალობაში, რომელსაც ასევე იყენებს თანამედროვე პუტინისტური იმპერიალიზმი და იყენებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.“
ერთ–ერთმა სპიკერმა, სულხან–საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პროფესორმა ნუგზარ პაპუაშვილმა, რამდენიმე ფაქტი მოიყვანა საბჭოთა სახელმწიფოს პოლიტიკის შესახებ რელიგიურ მოღვაწეებთან მიმართებაში: „არსებობს 1922 წლის 10 თებერვლის ლენინის საიდუმლო წერილი პოლიტბიუროსადმი. ის ეხმაურება ამბოხს პეტროგრადთან ახლოს მდებარე ქალაქ შუიაში, რაც გამოიწვია რელიგიური სიწმინდეების ეკლესიიდან ძალადობრივმა გამოტანამ. ლენინი ამბობს, რომ უნდა დაიხვრიტონ სასულიერო პირები. მოვლენები სწორედ მისი მითითებისამებრ განვითარდა. დახვრიტეს პეტროგრადის მიტროპოლიტი ბენიამინი... ანალოგიური პროცესი, რა თქმა უნდა, საქართველოშიც მიმდინარეობდა, დაიხვრიტა მიტროპოლიტი ნაზარ ლეჟავა და მასთან ერთად, ბევრი სხვა სასულიერო პირი.“
„საბჭოთა ანტირელიგიური პოლიტიკის“ შესახებ, ღონისძიების მასპინძელი ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი გახლდათ. მისი გამგეობის წევრი მარიამ ღავთაძე "ამერიკის ხმასთან" ამბობს: „დღევანდელი ღონისძიება „საბჭოთა ანტირელიგიური პოლიტიკა“ აერთიანებდა გამოფენასა და დისკუსიას ამ თემაზე. გამოფენაზე ჩვენ წარმოვადგინეთ სინაგოგები, მეჩეთები, სომხური, კათოლიკური, ლუთერანული ეკლესიები, რაც ჩამოერთვათ მესაკუთრეებს საბჭოთა პერიოდში და ეს ისტორიული ქონება დღემდე არ დაბრუნებიათ. რა თქმა უნდა, ეს არ მოიცავს იმ რელიგიური გაერთიანებების სრულ მასშტაბს, რომელთაც ზიანი მიადგათ საბჭოთა პერიოდში. ჩვენ გვინდოდა ხაზი გაგვესვა რესტიტუციის პრობლემისთვის, რაც ყველაზე მწვავედ დგას სწორედ ამ ხუთი რელიგიური გაერთიანების მიმართ. სახელმწიფოს არ აქვს არც პოლიტიკა და არც ნება ისტორიულ მესაკუთრეს დაუბრუნოს ქონება.“
საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლი უამრავი სასულიერო პირი აღმოჩნდა და არა მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიიდან. გასული საუკუნის 20–იან წლებში საბჭოთა ხელისუფლებამ დააპატიმრა საკათალიკოსო საბჭოს სრული შემადგენლობა, 20–30–იან გადაასახლეს და დახვრიტეს უამრავი სასულიერო პირი, 1938–1939 წლებში დახურული იყო სვეტიცხოველი... დოკუმენტური მასალა საბჭოთა პერიოდში რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი და მავნებლური ქმედებების შესახებ დღემდე მხოლოდ ფრაგმენტულადაა მოკვლეული.
Facebook Forum