ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„მკვდარი სტალინი“ საჭიროებისამებრ


„13 მითი სტალინის შესახებ" პუბლიკაციაა, რომელიც ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოს ოფისის მიერ გამოქვეყნდა. „საქართველოს ქალაქებში კვლავ ვხვდებით სტალინის გამზირებს, სკვერებს თუ ბიუსტებს, ხოლო გორში არსებული სტალინის მუზეუმი მის განმადიდებელ გამოფენას წარმოადგენს. რთულია წარმოიდგინო, როგორ შეიძლება ქვეყანამ დემოკრატიული პროგრესის გზა სტალინის გამზირით გაიაროს. ამიტომაც გამოდის ეს პუბლიკაცია, როგორც ჩვენი წვლილი თავისუფლების, დემოკრატიისა და დემოკრატიების მხარდაჭერის საქმეში“,– ნათქვამია წინასიტყვაობაში. „13 მითის“ პრეზენტაცია დღეს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში მოეწყო.

"ამერიკის ხმასთან" მისი ერთ–ერთი ავტორი და ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ლევან ცუცქირიძე ამბობს: „ამ პუბლიკაციის გამოცემა გადავწყვიტეთ იმიტომ, რომ სამწუხაროდ, თანამედროვე საქართველოშიც, როგორც ჩანს, არის ძალიან ბევრი, მრავალრიცხოვანი ჯგუფები, რომლებიც ფიქრობენ, რომ იმას, რასაც აკეთებდა სტალინი, იყო გამართლებული. ჩვენ ვნახეთ ჩვენი საქმიანობის განმავლობაში სხვადასხვა ქალაქში, მთლიანად ქვეყნის მასშტაბით, რომ ეს მოძრაობები ძალასაც იკრებენ, ახალ მომხრეებსაც იმატებენ და ზოგადად, შეადგენენ იმ ანტიდემოკრატიული ტალღის ნაწილს, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით, ჩვენს რეგიონში ვრცელდება. ამიტომ, ჩვენ გვინდოდა გვეთქვა სიმართლე ფართოდ გავრცელებული არასწორი მითების შესახებ, რომელიც სტალინის ფენომენის გარშემო არსებობს, ისეთ მტკივნეულ საკითხებზე, როგორიცაა ადამიანთა მასობრივი განადგურება, გადასახლება, დახვრეტა, რეპრესიები, იძულებითი კოლექტივიზაცია და სხვა და სხვა. გვეთქვა სიმართლე და ადამიანებისთვის მიგვეწოდებინა რეალური, ისტორიული ინფორმაცია.“

რა სახის ბმა არსებობს დღევანდელობასა და საბჭოურ წარსულს შორის? როგორ იბადება და ვრცელდება მითები? ამის შესახებ "ამერიკის ხმასთან" პუბლიკაციის ერთ–ერთმა ავტორმა, ისტორიკოსმა ბონდო კუპატაძემ ისაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ სტალინის შესახებ მითები თანამედროვე ეპოქაშიც იქმნება და მისი ავტორები რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლები არიან: „არა სტალინის სიცოცხლეში და მის შემდგომ პერიოდში, არამედ გაცილებით გვიან, პოსტ საბჭოთა ეპოქაშია შექმნილი მაგალითად, მითი სტალინის რელიგიურობის შესახებ, რომ თითქოსდა სტალინი იყო ღრმადმორწმუნე მართლმადიდებელი. რა თქმა უნდა, საბჭოთა პერიოდში საერთოდ არანაირი საუბარი ეკლესიურობაზე და რელიგიურობაზე არ შეიძლებოდა. ეს მითი შეიქმნა რეალურად, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, 90–იანი წლებში, როდესაც ახლებური იდეოლოგიური პოსტულატები ითხოვდა რელიგიური იდენტობის გაძლიერებას, რელიგიურობის ხაზგასმას და შესაბამისად, შეიქმნა მითი იმის შესახებ, რომ სტალინი იყო ღრმადმორწმუნე ადამიანი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სტალინის პიროვნება, დღეს–დღეობით რუსული სახელმწიფო იდეოლოგიის ერთ–ერთ მთავარ დასაყრდენს წარმოადგენს, ესაა ფაქტობრივად, სწორედ ამ იდეოლოგიის ფუნდამენტი და მეორეს მხრივაა, რუსული მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც ისტორიულად იყო რუსული იმპერიული იდეის ერთ–ერთი მთავარი მხარდამჭერი. სწორედ აქ მოხდა თანამედროვე მითის რეალიზება: რუსული ეკლესია, რომელიც მხარს უჭერს რუსულ იმეპრიულ იდეას და სტალინი, როგორც რუსული იმპერიული იდეის ერთ–ერთი რეალიზატორი და შესაბამისად, ივანე მრისხანის, პეტრე პირველის, ეკატერინე მეორის საქმის გამგრძელებელი მეოცე საუკუნეში. ეს ხაზი, რომელიც უკავშირდება ერთიან რუსულ იმპერიულ იდეას, სწორედ ამ კონკრეტულ მითში ჰპოვებს გამოხატვას. ეს მითები, რა თქმა უნდა იქმნება კონკრეტული ჯგუფების მიერ, როგორიცაა, რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახურები და სხვა, მაგრამ ისინი შემდგომში ფართოდაა მხარდაჭერილი სხვადასხვა სახელმწიფო და სოციალური ინსტიტუტების მიერ. რაც უფრო მეტადაა ჩაკეტილი საზოგადოება, რაც უფრო მეტადაა ამგვარი მითების ტყვეობაში, ბუნებრივია, ის უფრო მეტად მანიპულირებადი ხდება. აქედან გამოსავალი ერთადერთია: რაც შეიძლება მეტი განათლება, მეტი ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის და რეალური ისტორიის გაცნობა, რომ ეს მითები დაინგრეს.“

ისტორიკოსი, ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე ამერიკის ხმასთან ამბობს: „დღეს იმიტომაა აქტრუალური სტალინი, სტალინთან დაკავშირებული ძველი თუ ახალი მითები, რომ სტალინი არის საბჭოთა კავშირის შემქმნელი იმ ფორმით, რომელსაც ჩვენ მას ვიცნობთ. ამდენად, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ სტალინზე, ფაქტობრივად, ჩვენ ვლაპარაკობთ საბჭოთა კავშირზე. ჩვენ დღემდე ვერ მოვახერხეთ, რომ საბჭოთა წარსულის შესახებ საკმარისი რაოდენობით მეცნიერული შრომები გამოსულიყო, ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით ყოფილიყო ლიტერატურა, ისეთი, რომელიც ასევე სკოლებში იქნებოდა გამოყენებადი. საერთოდ, სკოლის წიგნებს რომ გადახედოთ, თქვენ დაინახავთ რას ვასწავლით სკოლებში ისტორიის მაგივრად. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ასეთი, შემეცნებით ხასიათის წიგნების გამოსვლა. საინტერესოა, რომ მითები არა მხოლოდ სტალინის სიცოცხლეში შეიქმნა, არამედ მისი სიკვდილის შემდეგაც და კიდევ უფრო გასაკვირი შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგაც გაგრძელდა იგივე პროცესი. ამის კარგი მაგალითია მითი იმის შესახებ, რომ სტალინი ძალიან კარგი ადამიანი იყო და ეს ადამიანი გახლდათ თურმე დიდი მოყვარული ეკლესიისა და საერთოდ, რელიგიურ პიროვნებას წარმოადგენდა. ეს ამბავი, რა თქმა უნდა, სრულიად აბსურდულია, მაგრამ დღეს, როდესაც ასე პოპულარულია ეკლესია გარკვეულ ჯგუფებში, რომლებსაც მოსწონს და (ძალიან მნიშვნელოვანია, რომ) სჭირდება სტალინი, მათთვის მისაღებია, მოიგონონ ახალი მითი მისი რელიგიურობისა და ეკლესიურობის შესახებ, რომ მან გადაარჩინა თურმე ეკლესია კიდევ უარესს და ასე შემდეგ. მე მგონია, რომ ასეთი დიდი პოპულარობა, გავლენა ეკლესიისა ღრმა ფესვებითაა ჩადგმული საბჭოთა ეპოქაში, როგორც დოგმატური აზროვნება, როგორც აზროვნება, რომელიც სხვანაირების არსებობას კრძალავს, ყოველგვარი თავისუფლების გამოვლინებას მტრულად უყურებს – აი ესაა სწორედ საბჭოური. მკვდარი სტალინი დღეს ბევრისთვის საჭიროა. სტალინი დღეს სჭირდებათ იმისთვის, რომ არატოლერანტულობა, მტრული განწყობა ყოველგვარი უცხოსადმი, დასავლეთისადმი, მათ შორის, სტალინითაც გაამართლონ. ანუ, მკვდარი სტალინი დღეს შეიძლება ითქვას, ძალიან ბევრისთვის საჭიროა. საჭიროა მათთვის, რომლებიც არა მხოლოდ გარკვეული კონკრეტული წარსულისაკენ იყურებიან ნოსტალგიით, არამედ, რომლებიც არიან კონსერვატიულები, რომლებსაც არ უნდათ პროგრესი, რომლებსაც უნდათ კარჩაკეტილობა და სიბნელე.“

რუსული პროპაგანდისთვის „მკვდარი სტალინი“ მნიშვნელოვან საჭიროებას წარმოადგენს. ასე რომ შესაძლოა მის შესახებ ახალი მითების დაბადების მომსწრენიც გავხდეთ.

XS
SM
MD
LG