ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბინ ლადენის სიკვდილის შემდეგ ესპანეთი უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს


ბინ ლადენის სიკვდილის შემდეგ ესპანეთი უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს
ბინ ლადენის სიკვდილის შემდეგ ესპანეთი უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს

2004 წელს ესპანეთმა ევროპის ისტორიაში ისლამური ტერორიზმის ყველაზე მუხანათური თავდასხმა გადაიტანა, როცა ალ ყაიდასთან დაკავშირებულმა პირებმა მადრიდის რკინიგზის სადგურზე ბომბები ააფეთქეს, რასაც 191 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ალ ყაიდას ლიდერის ოსამა ბინ ლადენის სიკვდილის შემდეგ, ესპანეთის მთავრობამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა, იუწყება მადრიდიდან ამერიკის ხმის კორესპონდენტი ლორენ ფრეიერი.

2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ დასავლეთზე ყველაზე მნიშვნელოვანი ტერორისტული თავდასხმა მადრიდის ატოჩას რკინიგზის სადგურზე მოხდა. 2004 წლის 11 მარტს ოთხ სამგზავრო მატარებელზე დამონტაჟებული ბომბების აფეთქების შედეგად დაიღუპა 191 და დაიჭრა 1,800-ზე მეტი ადამიანი.

ხესუს და გლორია სერონებმა 37 წლის ნათესავი ფედერიკო სიერა სერონი დაკარგეს. ესპანეთის სამხედრო ძალების ოფიცრის საფლავს ახლა 3 წლის ვაჟიშვილი და დაქვრივებული ცოლი უვლიან.

ხესუს სერონი აღნიშნავს, რომ იმის გათვალისწინებით თუ რა გადაიტანა მისმა ოჯახმა, ბინ ლადენის სიკვდილი ნამდვილად სასიხარულო ამბავს წარმოადგენს.

მაგრამ გლორია სერონი მეუღლეს არ ეთანხმება.

გლორია სერონს მიაჩნია, რომ ბინ ლადენის სიკვდილი არც წარმატებაა და არც წარუმატებლობა. გლორია აღნიშნავს, რომ მას ალ ყაიდას ლიდერის განადგურების მნიშვნელობა კარგად ესმის, მაგრამ ეჭვი ეპარება, რომ ბინ ლადენის სიკვდილის შემდეგ ესპანეთის და მსოფლიოს უსაფრთხოება გაუმჯობესდება. იგი იესო ქრისტეს სიტყვებს იხსენებს, რომ „ვინც მახვილი აიღოს, მახვილით მოკვდეს.“

ბინ ლადენი შთაგონებას აძლევდა იმ ტერორისტებს, რომლებმაც მადრიდში 191 ადამიანი დახოცეს. მაგრამ გლორია სერონი შიშობს, რომ ბინ ლადენის სიკვდილის შემდეგ მისი გავლენა არ შეიცვლება.

გლორია სერონის თქმით, მას ეშინია, რომ ტერორისტები ბინ ლადენს გმირად შერაცხავენ და რომ ალ ყაიდას ლიდერის სიკვდილი უფრო მეტ ძალადობას გამოიწვევს იმ პირთა მხრიდან, ვისაც ბინ ლადენის ღირსების დაცვა სურთ.

ესპაენთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალფრედო პერეზ რუბაკალბამ მადრიდში გამართულ პრეს კონფერენციაზე მსგავსი მოსაზრება გაიზიარა. მან კერძოდ აღნიშნა, რომ მართალია ბინ ლადენის სიკვდილმა მას შვება მოუტანა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ესპანეთის მთავრობამ უსაფრთხოების უზრუნველყოფას ნაკლები ყურადღება უნდა დაუთმოს.

ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, მას ეჭვი არ ეპარება, რომ ბინ ლადენის სიკვდილი ალ ყაიდას მძიმე დარტყმას მიაყენებს. მაგრამ ეს გაზრდის იმის საშიშროებასაც, რომ ალ ყაიდას მიმდევრები შურისძიების მიზნით თავდასხმებს დაგეგმავენ. ამ მხრივ რუბაკალბამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე ალ ყაიდასთან დაკავშირებულ ტერორისტულ ორგანიზაციას ესპანეთში თავდასხმების მოწყობა ძალუძს. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ მოროკოს ერთ-ერთ ტურისტულ კაფეში მომხდარი აფეთქების ორგანიზებაში სწორედ ალ ყაიდას ჩრდილოეთ აფრიკულ ფრთას ადანაშაულებენ.

ამჟამად ესპანეთში ტერორისტული საფრთხე მეორე დონეზეა დაფიქსირებული. ნიშანდობლივია, რომ ესპანეთი ტერორისტული საფრთხის ოთხ დონეს იყენებს. რუბაკალბას თქმით, სამშაბათს ესპანეთის მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომაზე დაბატებითი უსაფრთხოების ზომების მიღება იყო განხილული. თუმცა ესპანეთის მთავრობა ტერორისტული საფრთხის დონის შეცვლას არ აპირებს.

XS
SM
MD
LG