ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საშიშროება რომელიც სომალელ მეკობრეებს უკავშირდება


საშიშროება რომელიც სომალელ მეკობრეებს უკავშირდება
საშიშროება რომელიც სომალელ მეკობრეებს უკავშირდება

სომალელი მეკობრეები საერთაშორისო მეზღვაურობას კვლავინდებურად დიდ საფრთხეს უქმნიან. საერთაშორისო საზღვაოსნო ბიუროს ახალხან გამოქვეყნებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ წელს მსოფლიოში 300 დაფიქსირებული მეკობრეების თავდასხმებიდან თითქმის ნახევარი სომალელი მეკობრეების დამსახურებაა.

მიმდინარე კვირის მანძილზე სომალელმა მეკობრეებმა საერთაშორისო სანაოსნო ძალებს ცეცხლი გაუხსნენს. ხოლო ევროკავშირის მეკობრეობის საწინააღმდეგოდ შექმნილი საგანგებო საზღვაო ძალების ცნობით, ტანზანიის სანაპიროს მახლობლად სომალელმა მეკობრეებმა ფრანგულ გემზე წარუმატებელი თავდასხმა მოაწყვეს. ევროკავშირის ცნობით ამჟამად სომალელი მეკობრეების ხელში 19 გემი და 400-ზე მეტი მძევალი იმყოფება. მაგრამ როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი მარიამა დიალო იუწყება, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამ პრობლემის გადაჭრა მეკობრებობის აღკვეთით არ შემოიფარგლება.

შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მოიერიშე გემზე ამერიკელი მეზღვაურები საბრძოლო წვრთნებს გადიან. ხსენებული წვრთნები მეკობრეობის საწინააღმდეგოდ შექმნილი საერთაშორისო საზღვაო საბრძოლო ძალების ფარგლებში იმართება. სომალის სანაპიროს გასწვრივ საერთაშორისო წყლების პატრულირება სწორედ ამ ძალებს ევალებათ. მაგრამ საერთაშორისო მცდელობების მიუხედავად სომალელი მეკობრეების თავდასხმები გრძელდება. ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ გარკვეული თვალსაზრისით სომალის სანაპიროს გასწვრივ მეკობრეობის პრობლემა ამ წარუმატებელ სახელმწიფოში შექმნილ სავალალო მდგომარეობას უკავშირდება. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე აფრიკის საკითხებში ჯონი კარსონი აღნიშნავს, რომ მეკობრეობა სომალიში შექმნილი მდგომარეობს ერთ-ერთ შედეგს წარმოადგენს.

„მეკობრეობა განპირობებულია იმით, რომ არ არსებობს ეფექტური მექანიზმი, რომელიც კრიმინალური საქმიანობის ჩადენისგან ამ პირებს შეაკავებდა. ამ ქვეყანაში ეკონომიკა და სახელმწიფო სტრუქტურები ძალიან სუსტია. რასაკვირველია საზღვაო ძალებს ბევრის გაკეთება ძალუძთ, მაგრამ ეს ამ საკითხის საბოლოოდ გადაჭრის მეთოდი როდია,“ აღნიშნა ჯონი კარსონმა.

მისი თქმით, ბოლო სამი წლის მანძილზე მეკობრეებმა 450 გემზე თავდასხმა მოაწყვეს. ამ პერიოდის მანძილზე მათ მძევლად 2,400 ადამიანი აიყვანეს და გამოსასყიდ თანხებში სულ დაახლოებით 100 მილიონი დოლარი მიიღეს. რეგიონში უსაფრთხოების დასამყარებლად ბევრმა ქვეყანამ საკუთარი საზღვაო ძალები გაგზავნა. მაგრამ რადგან ადენის ყურეში ყოველწლიურად დაახლოებით 30,000 გემი გადის, ამ რეგიონის სათანადოდ დაცვა ძალზედ რთულია. სილვია კოფლერი ვაშინგტონში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომელია. მისი თქმით, ევროკავშირი ამ სახიფათო რეგიონში 2008 წლიდან მოღვაწეობს, როცა ბრიუსელის ბრძანებით იქ პირველი საზღვაო ოპერაცია სახელწოდებით „ატლანტა“ გაიმართა.

„ამჟამად ჩვენ 1,800 სამხედრო გვყავს დისლოცირებული იქ. საზღვაო პატრულირებაში 20-ზე მეტი გემი და თვითმფრინავი მონაწილეობს. ამდენად იქ საკმაოდ მნიშვნელოვანი ძალებია მობილიზებული,“ აღნიშნა სილვია კოფლერმა.

მისი თქმით, ევროკავშირის საზღვაო ძალების მთავარი ამოცანა სომალიში იძულებით გადაადგილებული პირებისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული ტვირთით დატვირთული გემების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ამას გარდა ევროკავშირის საზღვაო ძალები სომალის სანაპიროს გასწვრივ მეკობრეობის აღკვეთას ცდილობენ. საერთაშორისო საზღვაოსნო ბიუროს განცხადებით მართალია ევროკავშირის საზღვაო ძალების დისლოცირებას მეკობრეობაზე კონტროლის დაწესებაში წვლილი შეაქვს, სომალელმა მეკობრეებმა თავდასხმების რადიუსი მნიშვნელოვნად გაზარდეს და ახლა ისინი ინდოეთის ოკეანეს ჩრდილოეთ ნაწილსა და წითელი ზღვის სამხრეთ ნაწილში მოქმედებენ.

კოფლერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი სომალიში ეკონომიკური განვითარებისა და შერიგების ხელშეწყობას ცდილობს რადგან ბრიუსელს კარგად ესმის, რომ იქ სახელმწიფოებრიობის დამკვიდრების გარეშე მეკობრეობის პრობლემა არ გადაიჭრება. მისი თქმით, ევროკავშირი სომალიში 100 პროექტზე მუშაობს, რომელიც მთლიანად დაახლოებით 250 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

XS
SM
MD
LG