გერმანული გამოცემა "ბილდის" ინფორმაციით, გერმანიის ახალ კანცლერს, ოლაფ შოლცს, მოსკოვთან ურთიერთობების გადატვირთვა სურს. ამ მიზნით, შოლცი ვლადიმირ პუტინთან პირისპირ შეხვედრას, მიმდინარე თვის დასასრულს გეგმავს.
მიმდინარე კრიზისის ფონზე, როცა არსებობს შეშფოთებები, რომ კრემლი უკრაინაზე თავდასხმას გეგმავს, გეოპოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, გერმანელი მაღალი რანგის თანამდებობის პირები, რუს კოლეგებთან შეხვედრას უკვე გეგმავდნენ.
„ბილდის“ ცნობით, შოლცისა და პუტინის შეხვედრისთვის მზადება, მხარეებს შორის ორ კვირაზე მეტია მიმდინარეობს. გამოცემა აცხადებს, რომ ბერლინი მოსკოვთან ურთიერთობებში „ახალ დასაწყისს“ ეძებს, ფოკუსირებას კი ენერგოპოლიტიკასა და უკრაინის საკითხებზე გეგმავს.
აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები
რუსეთის მიერ, უკრაინის საზღვართან სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდის და 100 000-ზე მეტი ჯარისკაცის განთავსების ფონზე, ამერიკელ და რუს მაღალჩინოსნებს მოლაპარაკებების გამართვა, 9-10 იანვარსაა დაგეგმილი.
დასავლელმა ლიდერებმა და ოფიციალურმა პირებმა, უკვე უარყვეს რუსეთის მიერ წამოყენებული მოთხოვნების ნაწილი. მათ შორისაა მოთხოვნა, ნატოს აღმოსავლეთ გაფართოების შესახებ და ცენტრალური ევროპის ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, სამხედრო წარმომადგენლობის უკან გაწვევა.
აშშ-რუსეთს შორის დაგეგმილ მოლაპარაკებებს, ამერიკის მხრიდან სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირები უდგანან სათავეში. გარდა ამისა, ჟენევაში დაგეგმილია ნატო-რუსეთის საბჭოს შეკრება და ეუთო-რუსეთის შეხვედრა.
იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი 2014 წლის მსგავსად, უკრაინაზე თავდასხმას გადაწყვეტს, დასავლეთი კრემლს მძიმე შედეგების შესახებ აფრთხილებს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ბოლო სატელეფონო საუბრისას, მან ვლადიმირ პუტინს უთხრა, რომ დაგეგმილი შეხვედრები მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავებს, თუ „ვითარების დეესკალაციას გეგმავს და არა ესკალაციას.“ ჟურნალისტებთან საუბრისას ბაიდენი ასევე ამბობს, რომ ის შეეცადა ვლადიმირ პუტინისთვის ნათელი გამხდარიყო, რომ აშშ და ევროპელი მოკავშირეები, მზად არიან რუსეთი მკაცრი ეკონომიკური სანქციებით დასაჯონ.
„ცხადად ვუთხარი პრეზიდენტ პუტინს - თუ ის უკრაინაში დამატებით ნაბიჯებს გადადგამს, ჩვენ ამაზე მკაცრი სანქციები გვექნება“ - აცხადებს პრეზიდენტი ბაიდენი და ამბობს, რომ შეერთებული შტატები, „ნატოელ მოკავშირეებთან ერთად, ევროპაში წარმომადგენლობას გაზრდის“.
უხერხულობა ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში
მოსკოვთან ვაშინგტონის მკაცრი რიტორიკის მიუხედავად, პატარა ევროპულ ერებს შორის უხერხულობას ქმნის შიში, რომ შესაძლოა უფრო დიდმა დასავლურმა ძალებმა, მოსკოვთან შეთანხმებას, მათი თანხმობის გარეშე მიაღწიოს.
ფინეთის პრეზიდენტი, საული ნიინისტო ითხოვს, რომ ყველა ევროპული ქვეყანა, მიუხედავად იმისა, ფორმალურად არის თუ არა დასავლური ალიანსის წევრი, უნდა იყოს რუსეთს, შეერთებულ შტატებსა და ნატოს შორის უსაფრთხოების მოლაპარაკებებში ჩართული.
მან თქვა, რომ რუსეთის ულტიმატუმები „ეწინააღმდეგება ევროპულ უსაფრთხოების წესრიგს“ და მას სურს, რომ ევროკავშირმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ნებისმიერ მოლაპარაკებებში, რათა დაეხმაროს პატარა ქვეყნების უსაფრთხოების საჭიროებებისა და შეხედულებების გამოხატვას.
„ამ სიტუაციაში, ევროპას არ შეუძლია უბრალოდ მოუსმინოს. ევროკავშირმა არ უნდა მოირგოს მხოლოდ სანქციების ტექნიკური კოორდინატორის როლი“ - აცხადებს ფინეთის პრეზიდენტი.
ამ ფონზე, ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინელ კოლეგას, ვოლოდირ ზელენსკის, ბოლო სამ კვირაში მეორედ ესაუბრა. 2 იანვარს გამართული სატელეფონო საუბრისას, ამერიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ვაშინგტონი მოკავშირეებთან ერთად, "გადაჭრით საპასუხო ზომებს" მიმართავს, თუკი რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრება.