ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი სენატორები ახალ წელს კონფლიქტის ზონაში


ამერიკელი სენატორები ახალ წელს კონფლიქტის ზონაში, 1 იანვარი, 2017
ამერიკელი სენატორები ახალ წელს კონფლიქტის ზონაში, 1 იანვარი, 2017

ახალ წელს საქართველოს ამერიკელი სენატორები სტუმრობდნენ. ორი რესპუბლიკელი ჯონ მაკკეინი და ლინდსი გრემი და დემოკრატი ემი ქლობუჩერის პირველი სავიზიტო ადგილი საოკუპაციო ზოლი გახლდათ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთთან, სადაც მავთულხლართებია გავლებული. მავთულხლართებმა სოფელი ხურვალეთი ორ ნაწილად გაყო და მისი ერთ–ერთი მცხოვრების, დათა ვანიშვილის სახლი საოკუპატიო ხაზს მიღმა აღმოჩნდა. რუსმა მესაზღვრეებმა ვანიშვილის არც სურვილი და არც მოთხოვნა გაითვალისწინეს, მარტივად და ერთი ჩაქუჩის დარტყმით სახლის წინ ეკლიანი მავთულხლართი გაუბეს. მას შემდეგ 83 წლის დათა ვანიშვილი, მეუღლესთან ერთად, ბარიერს მიღმა ცხოვრობს, უარს ამბობს რუსული პასპორტის აღებაზე, ქართული პენსიის ასაღებად და საკვების საყიდლად კი ეკლიანი მავთულხლართის ქვეშ რუსების თვალისგან მალულად გაძვრომა არც თუ ისე იშვიათად უწევს. დათა ვანიშვილი გაუტეხელობის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. სწორედ ამიტომაც ამერიკელი სენატრორებისთვის ის საქართველოში პირველი მასპინძელი აღმოჩნდა.

ხურვალეთი, 1 იანვარი, 2017
ხურვალეთი, 1 იანვარი, 2017

მართალია, მან ისინი სახლში ვერ შეიპატიჟა, მაგრამ მავთულხლართის ორივე მხრიდან საუბრისა და კეთილი სურვილების გაზიარების აკრძალვა რუსი მესაზღვრეებისთვისაც კი შეუძლებელია. „ამ ადამიანს, ისევე როგორც სხვებს, რუსეთის აგრესიის გამო ცხოვრება დაენგრა. ისინი იმსახურებენ მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრებას. აშშ განაგრძობს მეგობრობას საქართველისთან. ქართველი სამხედროები მონაწილეობენ სამხედრო მისიებში. ჩვენ მადლობას ვუხდით მათ ამისთვის. თუ ჩვენ ერთად არ ვიქნებით, რუსეთს ექნება შანსი, რომ დაგვამარცხოს“, – განაცხადა მაკკეინმა ხურვალეთში, სადაც ამერიკის ელჩთან იან კელისთან ერთად, მას ხელისუფლების წარმომადგენლები და აშშ–ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე ახლდნენ.

ამ ადამიანს, ისევე როგორც სხვებს, რუსეთის აგრესიის გამო ცხოვრება დაენგრა. ისინი იმსახურებენ მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრებას.
სენატორი მაკკეინი

რუსეთი აგრესიულ პოლიტიკას ვერ ელევა. აშშ–ს სენატორების რიტორიკაში იგრძნობოდა შეშფოთება რუსეთის მხრიდან განხორციელებული ჰაკერული თავდასხმების გამო. გარდა ამისა, მათ განაცხადეს, რომ პუტინი ერეოდა შეერთებულ შტატებში ჩატარებულ არჩევნებში. სენატორები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას მხარს უჭერენ და პარტნიორი ქვეყნებისთვის სამხრედრო მხარდაჭერის გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობენ.

საქართველოს ევროინტეგრაციის მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ხურვალეთში ყოფნისას განაცხადა, რომ ამერიკის მხრიდან დღევანდელ დღეს გადადგმული ნაბიჯი მოწმობს მის უდიდეს მხარდაჭერას საქართველოს მიმართ.

ამერიკელ სენატრორებს თბილისში დღეს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უმასპინძლა. ხვალ კი დაგეგმილია შეხვედრა პრეზიდენტთან, ოპოზიციურ პარტიებთან, ასევე სენატორები კრწანისის სასწავლო ცენტრს დაათვალიერებენ.

ამერიკელი სენატორებისთვის ეს ერთგვარი ტურნეა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში. მათი ვიზიტები უკვე შედგა ლიტვაში, ლატვიაში, ესტონეთსა და უკრაინაში. საქართველოს შემდეგ კი ისინი მონტენეგროში გაემგზავრებიან.

XS
SM
MD
LG