შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ირანული წარმოშობის ამერიკელმა ჟურნალისტმა „უდიდესი სიმამაცე გამოიჩინა“. მასიჰ ალინეჯადის გატაცების გეგმა გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გამოავლინა და აღკვეთა.
ბლინკენმა ორშაბათს „ტვიტერზე“ დაწერა, რომ „ამერიკის ხმის“ ირანული რედაქციის ტელეწამყვანთან, რომელიც ირანის მთავრობის ხმამაღალი კრიტიკოსია, „კარგი საუბარი“ ჰქონდა.
„მე დავადასტურე, რომ შეერთებული შტატები ყოველთვის დაუჭერს მხარს დამოუკიდებელი ჟურნალისტების ფასდაუდებელ მუშაობას მსოფლიოს მასშტაბით“, წერს ამერიკის პირველი დიპლომატი. „ჩვენ არ მოვითმენთ მათი დაშინების ან მათი გაჩუმების მცდელობებს“.
ალინეჯადის განცხადებით, ბლინკენი მას 15 წუთის განმავლობაში ესაუბრა და ხაზი გაუსვა იმას, რომ ის იდეა, რომ ირანი მას შეერთებული შტატების ტერიტორიიდან გაიტაცებდა განსაკუთრებით შოკისმომგვრელია.
„სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა თქვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ისლამური რესპუბლიკისგან მომავალ საფრთხეებს ძალიან, ძალიან სერიოზულად აღიქვამს და იცოდა ის, რომ თეირანის რეჟიმი შეერთებულ შტატებსა და ევროპაში დისიდენტებს მიზანში იღებს“, დაწერა „ტვიტერზე“ ალინეჯადმა
Facebook Forum