საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ მრავალმხირივი და ყოვლისმომცველი მოლაპარაკებები დასრულდა. ამის შესახებ გუშინ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ეს წარმოადგენს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ნაწილს, მის ეკონომიკურ კომპონენტს. დოკუმენტი ქართველ ბიზნესმენებსა და მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს ევროკავშირის ბაზარზე განახორციელონ საქონლის ექსპორტი ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. მინისტრის განცხადებით, საქართველოს წინაშეა შესაძლებლობები, რაც მოიცავს 28 ქვეყნის 500 მილიონზე მეტი მომხმარებლის ინტერესის ათვისებას.
ვაჭრობის თემაზე მოლაპარაკებები საქართველოსა და ევროკავშირს შორის 17 თვის მანძილზე მიმდინარეობდა. სულ გაიმართა შეხვედრების 6 რაუნდი. ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ მიღწეული შეთანხმება დადებითად იმოქმედებს ვილნიუსში ნოემბერში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე. „დასრულდა ოფიციალურად საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი და ყოვლისმომცველი შეთანხმება, ეგრეთ წოდებული DC 1A, ესაა ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება ნოემერში ვილნიუსში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ. ეს შეთანხმება გულისხმობს არა მხოლოდ სატარიფო ლიბერალიზაციას, არამედ ტექნიკური ბარიერების მოხსნას საქართველოში წარმოებული პროდუქციის გატანისას. ეს მოიცავს 28 ქვეყანას, სადაც ცხოვრობს ნახევარ მილიარდზე მეტი მომხმარებელი. ევროკავშირი საქართველოსთვის გახლავთ უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი. 2,8 მილიარდი დოლარის სავაჭრო ბრუნვა გვაქვს მათთან. აქედან იმპორტი არის 2.4 მილიარდი, ხოლო ექსპორტი 400 მილიონი დოლარი. ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. ახლა იწყება ხელშეკრულების სამართლებრივი ექსპერტისა და ხელმოსაწერად მომზადება და ეს გახლავთ კიდევ ერთი დადასტურება საქართველოს ევროპული არჩევანის. მოლაპარაკებების განგრძლივმა პროცესმა აჩვენა, რომ საქართველოს ევროპელ პარტნიორებთან აქვს ურთიერთნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა,“- განაცხადა მინისტრმა.
საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმებას ბრიუსელიდან გამოეხმაურა. იგი ამბობს:
„როდესაც მოხდება მისი ხორცშესხმა და ცხოვრებაში გადატანა, ეს საქართველოსთვის ძალიან მომგებიანი იქნება, რადგანაც გაიხსნება ევროპული ეკონომიკური სივრცე საქართველოსთვის და ეს უფრო მიმზიდველს გახდის ჩვენს ქვეყანას ინვესტორებისთვის.“
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში ევროკავშირთან მუშაობა სავაჭრო საკითხებზე გაგრძელდა, რაც მისასალმებელია:
„ეს პროცესი გაგრძელდა, რასაც ჩვენ მივესამლებით ახალი ხელისუფლების პირობებშიც. თუ ეს ტექსტი ჩამოყალიბდება ისე, როგორც საქართველოს ინტერესებს შეესაბამება, მოგვცემს ევროკავშირთან დაახლოების საშუალებას. ეს გზას გაუხსნის ჩვენს ქვეყანაში წარმოებულ პროდუქციას. ეს მნიშვნელოვანია ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნისთვის, რასაც ჩვენ მხოლოდ მივესალმებით.“
ეკონომიკის მკვლევარი გიორგი აბაშიშვილი ამერიკის ხმასთან საუბრისას მიღწეულ შეთანხმებას დადებითად აფასებს. მისი თქმით, ევროკავშირის ბაზარზე ადგილის დამკვიდრება ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტების დაკმაყოფილებას, რაც ქართული პროდუქციის მწარმოებელთათვის დიდი გამოწვევაა. იგი ამბობს იმასაც, რომ ხარისხზე ზრუნვა, სავარაუდოდ იმოქმედებს პროდუქციის ფასზეც შიდა ბაზარზე.
„ქართულ მეწარმეებს უჩნდებათ მეტი შანსი საკუთარი პროდუქცია გააცნონ უფრო მეტ მომხმარებელს. გარდა ამისა, ქართველი მეწარმეებისთვის ევროული ბაზარი, წარმატებით ათვისების შემთხვევაში, შესაძლოა იქცეს სტაბილურობის გარანტად მათი ბიზნეს საქმიანობის. ქართველ მეწარმეებს აქვთ საკმაოდ რთული ქეისი რუსულ ბაზართან დაკავშირებით. რუსული ბაზარიც შეიძლება იყოს ათვისებული, მაგრამ რუსულ ბაზარზე გადაწყვეტილებების მიღება, სამწუხაროდ, ხშირად ხდება ხოლმე პოლიტიკური ნიშნით და არა წმინდა ეკონომიკური გათვლებით. ევროკავშირის ბაზარზე ვართ დაზღვეულები ამ კუთხით. ამავე დროს არის გარკვეული მინუსები. პირველი ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ხელშეკრულება ძალაში შევიდეს უახლოეს მომავალში, ისმის კითხვა, რამდენად მზად იქნებიან ქართველი მეწარმეები ამისთვის? შეიძლება ეს ხელშეკრულება დარცეს ხელშეკრულებად, თუ ქართველი მეწარმეები არ გადადგამენ შესაბამის ქმედით ნაბიჯებს. ეს ერთი და მეორეც: თუ მეწარმეები გააუმჯობესენებ პროდუქციის ხარისხს, ეს აუცილებლად გამოიწვევს ფასების ზრდას. ანუ ქართული პროდუქცია გაძვირდება. გაძვირდება ექსპორტზეც და ქართულ ბაზარზეც და ეს შეიძლება მომხმარებლისთვის ოდნავ რთულად მისაღები იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში ხასიხსის გაუმჯობესებას ფასების ზრდაც ახლავს ხოლმე თან,“- ამბობს გიორგი აბაშიშვილი.
2011 წელს ევროკავშირმა წარმატებით დაასრულა მოლაპარაკებები რუსეთთან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად, რასაც საქართველომაც დაუჭირა მხარი იმ პირობით, რომ ფსოუზე და როკის გვირაბთან ტვირთების მონიტორინგი განხორციელებულიყო. მონიტორინგი იგეგმებოდა კერძო შვიცარული კომპანიის მეშვეობით, თუმცა ამ მიმართულებით ჯერ არანაირი შედეგი არ დამდგარა. გიორგი აბაშიშვილი ამბობს:
„ზოგადად ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესში შედიოდა რუსეთი გაწევრიანებულყო ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში. საქართველოს მისი დასავლელი მეზობლები ურჩევნდნენ გადაეხედა საკუთარი ხისტი პოლიტიკისთვის ამ მიმართულებით, რაც საქართველომ გაითვალისწინა. თუმცა გაითვალისწინა გარკვეული პირობებით, რაც გულისხმობდა ფსოუსა და როკის გვირაბზე მოძრავი ტვირთების მონიტორინგს. არა დაბეგვრა და გაკონტროლება, ასე პირდაპირ, არამედ მხოლოდ მონიტორინგი, რათა ყოფილიყო ინფომაცია, რა სახის ტვირთები მოძრაობდა. შვეიცარულმა მხარემ აიღო შუამავლობა. მონიტორინგის საკითხი ახლა ღიადაა. ამ მიმართულებით რაიმე სიახლე საქართველოს არ აქვს. ეს საიტნერესო თემაა, რადგან ჩვენ მკაცრად ვაყენებდით ამ პირობას და მხოლოდ მისი გაზიარების შემდეგ დავუჭირეთ მხარი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას.“
ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულება ძალაში ხელმოწერის შემდეგ შევა. მანამდე იგი სამართლებრივ ექსპერტიზას გაივლის. ერთი წლის ან წელიწადნახევრის შემდეგ ქართველ ბიზნესმენებს, ამ შეთანხმების საფუძველზე შეეძლებათ საკუთარი პროდუქცია ევროპის 28 ქვეყანაში შეზღუდვების გარეშე გაიტანონ.
ნინო დალაქიშვილი