საქართველოს ხელისუფლების მუდმივი გამაღიზიანებელი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაშია და მას ამ ეტაპზე ერთადერთი სტატუსი აქვს. ისევე როგორც წლების წინ ბიძინა ივანიშვილს, სააკაშვილი ამჯერად მხოლოდ მოქალაქეა. ეს მოქალაქე საქართველოში ძებნილია.
დღეს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილის საკითხს ბრიფინგი მიუძღვნა, სადაც პროკურატურის წარმომადგენელმა კოკა კაციტაძემ განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის საექსტრადიციო პროცედურები გრძელდება. „მოქალაქეობის დაკარგვა ან მისი აღდგენა ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს მის მიმართ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნაზე და საექსტრადიციო პროცედურებზე. მიხეილ სააკაშვილი გასამართლებულია ქართული სასამართლოს მიერ. მას მოუწევს ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა და პასუხისმგებლობის დაკისრება იმ დანაშაულებისთვის, რისთვისაც ის უკვე გასამართლებულია. კერძოდ, იგი მსჯავრდებულია სანდრო გირგვლიანის საქმეზე, პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე, ხოლო ბრალდებულია და სასამართლო განხილვები მიმდინარეობს სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის საქმეზე და შვიდი ნოემბრისა და ტელეიმედის დარბევის საქმეებზე.“
სააკაშვილს პეტრო პოროშენკომ 2017 წელს ჩამოართვა უკრაინის მოქალაქეობა. ახლა კი, უკრაინის ახალი პრეზიდენტის ქმედებას სამართლიანობის აღდგენად მიიჩნევენ სააკაშვილის ქართველი თანაგუნდელები.
მამუკა მდინარაძე, პარლამენტის წევრი ქართული ოცნებიდან ამბობს: „პოლიტიკურ კონტექსტში ჩვენ პრობლემა უკრაინასთან, ახლო, სტრატეგიულ მეგობარ ქვეყანასთან, არ გვექნება.“
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა: „სააკაშვილი, თანდათანობით, სულ უფრო კარგავს აქტუალობას საქართველოში, აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას მე ამ ყველაფერს არ მივანიჭებდი“.
„ნგრევა და შურისძიება ჩემი სტილი არაა, მე აქ აღმშენებლობისთვის ჩამოვედი. მე მინდა ახალ პრეზიდენტთან და მის გუნდთან ერთად მონაწილეობა მივიღო ახალი უკრაინის შენებაში“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში ჩასვლისას.
"ამერიკის ხმამ" რამდენიმე მოსაზრება ჩაიწერა სააკაშვილთან დაკავშირებული აღქმებისა და პერსპექტივების შესახებ.
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე მიიჩნევს: „არის საქმეები, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია. მათ შორის, ერთ-ერთი საკმაოდ საეჭვო განაჩენი, რომელიც ძალაში დატოვეს, ესაა შეწყალების უფლებამოსილების გამოყენების შესახებ მსჯავრდების საქმე. ის მსჯავრდებულია. შეფარდებული აქვს სანქცია და თუკი დაბრუნდება საქართველოს ტერიტორიაზე, უნდა დააკაონ. სწორია, თუ არასწორი, ესაა მოცემულობა.“
ამ ეტაპზე გაცხადებული შეთავაზება სააკაშვილისთვის უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ცნობილი არაა. რამდენად შესაძლებელია, სააკაშვილი ოფიციალურ რანგში ვიხილოთ, ეს მხოლოდ მარჩიელობის საგანი შეიძლება იყოს. „დიპლომატიური იმუნიტეტი იცავს პირს. სახელმწიფოს, ალბათ გაუჭირდება სააკაშვილის დაკავება, თუ მას რაიმე ამგვარი ექნება, რადგან ეს დიპლომატიურ სკანდალს გულისხმობს. თუმცა, არამგონია, დიპლომატიური სტატუსი მიანიჭონ მას და უკრაინამ გადაწყვიტოს, ის იყოს ელჩი საქართველოში. არამგონია, ასე მოხდეს, რადგან ეს საკმაოდ არარეალისტური სცენარია და არც განვიხილავ. მას, უბრალოდ, არ შემოუშვებენ ქვეყანაში, ასეთ შემთხვევაში“,- გვეუბნება გიორგი მშვენიერაძე.
გია ნოდია, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი "ამერიკის ხმასთან" აცხადებს: „სააკაშვილს ამჯერად მხოლოდ ერთი სტატუსი აქვს, ესაა მოქალაქე. რა თქმა უნდა, ეს მისთვის მორალურად, ძალიან სასიამოვნო იქნება. აეროპორტში დახვედრა ისე, როგორც დახვდნენ, ესეც ძალიან სასიამოვნო იქნებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი გარკვეულწილად, გამართლება მოხდა, აღიარეს, რომ უსამართლოდ მოექცნენ და ამით სამართლიანობა აღდგა. უკრაინის მოქალაქის ფორმალური სტატუსი აქვს და შეუძლია უკრაინის სამოქალაქო-პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვა, მაგრამ რა ფორმით ჩაერთვება, ეს ჯერჯერობით სრულიად გაურკვეველია. ნაწილობრივ მასზეა ბევრი რამ დამოკიდებული, მაგრამ ზელენსკის განზრახვებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ცხადია, რომ ის ზელენსკის ოპოზიციაში ვერ იქნება, უახლოეს ხანებში, ყოველ შემთხვევაში, თუმცა რა ადგილს დაიკავებს უკრაინის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, ეს არ ვიცით. ამ ეტაპზე ჩანს, რომ მოწადინებულია რაღაც ადგილი იპოვოს“.
გია ნოდია მიიჩნევს, რომ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნება საქართველოს ხელისუფლებისთვის მთლად მოსაწონი და სასიამოვნო არაა, მაგრამ ჯერჯერობით, რაიმე საფრთხეს მათ არ უქმნის. „მაინცდამაინც მაღალი შეშფოთების ხარისხი არ გამოუმჟავნებიათ. მე ვგულისმობ არა იმას, გამონათქვამებიდან რა ჩანს, არამედ იმას, ობიექტურად, ძალიან სერიოზული შეშფოთების საფუძველი არ აქვთ სააკაშვილის გამო,“- ამბობს ნოდია.
პოლიტოლოგი, ჯიპას პროფესორი თორნიკე შარაშენიძე გვეუბნება: „სააკაშვილი ქართული ხელისუფლებისთვის გამაღიზიანებელი, რა თქმა უნდა, არის და უფრო მეტად, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. გუშინდელი "ოცნების" წარმომადგენლების რექციები იყო მძიმე კი არა, კომიკური. მათთვის ესაა სერიოზული დისკომფორტი. ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლებაში მიიჩნევენ და მეც ვეთანხმები მათ, რომ ერთადერთი, თუ ვინმე შეარყევს მათ კომფორტს, ესაა სააკაშვილი, მხოლოდ ძლიერი სააკაშვილი. ამავდროულად, სააკაშვილი შეიძლება გაძლიერდეს მხოლოდ უკრაინაში, სხვა შანსი, ამ ეტაპზე არ არსებობს. ხელისუფლებამ საქართველოში მოახერხა, რომ გადაიყვანა საარჩევნო სისტემა ორპოლუსიან მდგომარეობაში: ან ჩვენ, ან სააკაშვილი. ხელისუფლება არჩევნებს იგებს მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსის მობილიზების წყალობით. მაგრამ თუ რესურსები გაუჩნდება სააკაშვილსაც და გაუთანაბრდება მათი ძალები ერთმანეთს, დიდი შანსია, რომ "ოცნების" ხელისუფლებამ, ორპოლუსიან სისტემაში არჩევნები ვეღარ მოიგოს. ჩვენ ვნახეთ, რით და როგორ გაიმარჯვა არჩევნებში მმართველმა გუნდმა ზუგდიდში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში. ეს იყო მოგება მხოლოდ რესურსების ამოქმედებით, ფულის დარიგებით, დაშინებით. თუ მეორე მხარესაც გაუჩნდება ფული, თამაში ასე მარტივი აღარ იქნება.“
ჩვენთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძე იმასაც უსვამს ხაზს, რომ სააკაშვილის დაბრუნებას ფსიქოლოგიური ეფექტიც ექნება. მისი აზრით, „სულ რომ არაფერი, სააკაშვილის ფაქტორი გააძლიერებს, შეაგულიანებს, გაამხნევებს თავის მომხრეებს საქართველოში, "ოცნების" მხარდამჭერებს კი დემორალიზებას გაუკეთებს. თავი რომ დავანებოთ, რესურსების მოზიდვას.“
ფაქტია, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა რეაბილიტაცია თავის მეორე სამშობლოში, გარკვეულწილად შეძლო. მისი დაუდეგარი ხასიათიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ საზოგადოებას მის შესახებ სიახლეები არ მოაკლდება.
Facebook Forum