ოთხშაბათს, მოსკოვის პოლიციამ ოპოზიციური ჯგუფის "ღია რუსეთის" ოფისში ჩხრეკა ჩაატარა. სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს ოპოზიციის რამდენიმე ლიდერის საცხოვრებელი სახლიც. კრემლის კრიტიკოსებმა ეს ოპოზიციის დაშინებად შეააფასეს.
მიხაილ ხოდორკოვსკიმ, რომელიც კრემლის კრიტიკოსი და "ღია რუსეთის" დამფინანსებელია, განაცხადა, რომ პოლიციის ჩხრეკა სისხლის სამართლის ძველ საქმეს უკავშირდებოდა. საუბარია "იუკოსის", ახლა უფუნქციო, საწვავის გიგანტი კომპანიის საქმიანობის შესახებ დაწყებულ გამოძიებაზე. ამ კომპანიას ხადარკოვსკი ფლობდა.
ჩხრეკა დაემთხვა იმ დროს, როდესაც ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციამ გადაწყვიტა მონაწილეობის მიღება. ჯგუფი, რომელსაც "გაერთიანებული დემოკრატები" ჰქვია, იმედოვნებს, რომ ბარიერს გადალახავს და რეგიონულ პოლიტიკაში ჩაერთვება, სადაც ახლა დომინანტი როლი მმართველ პარტიას აქვს.
"ღია რუსეთის" განცხადებით, პოლიციამ რეიდი მოსკოვში, მათი ოფისის გარდა, ასევე ორგანიზაციის წევრი 7 სხვადასხვა ადამიანის სახლში ჩაატარა. შვიდივე ადამიანი საარჩევნო კამპანიაში სხვადასხვა ფორმით მონაწილეობს, ან ეხმარება ორგანიზაციას წინასაარჩევნო საქმიანობაში.
ორგანიზაციის განცხადებით, პოლიციამ, ასევე გაჩხრიკა ხოდორკოვსკის მფლობელობაში მყოფი მედიის ოფისი მოსკოვში.
"ცხადია, რომ "გაერთიანებული დემოკრატების" კანდიდატები და ოფისები არანაირ კავშირში არ არიან "იუკოსთან". ეს არის ზეწოლისა და უკანონობის აქტი სახელმწიფოსგან..." თქვა ანასტასია ბურაკოვამ, "ღია რუსეთის" აქტივისტმა.
Facebook Forum