ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში დემოგრაფიული კრიზისია


ამერიკის წამოწყებათა ინსტიტუტის წამყვანი ექსპერტი დემოგრაფიულ საკითხებში ნიკოლას ებერსტადი აღნიშნავს, რომ რუსეთი ახალ დემოგრაფიულ კრიზისს განიცდის

შეხვედრა ვაშინგტონში მდებარე ჰადსონის ინსტიტუტში მიეძღვნა აზიური კვლევის ეროვნული ბიუროს მიერ გამოცემულ გამოკვლევას სათაურით „რუსეთის დემოგრაფიული კრიზისი: მნიშვნელობა, მიზეზები და შედეგები,“ რომლის ავტორია ამერიკის წამოწყებათა ინსტიტუტის წამყვანი ექსპერტი დემოგრაფიულ საკითხებში ნიკოლას ებერსტადი.

თავის გამოსვლაში ებერსტადმა ყურადღება გაამახვილა ხსენებული გამოკვლევის მთავარ აღმოჩენებზე. მან კერძოდ აღნიშნა:

„ჩემი წიგნის მთავარი არგუმენტი ის გახლავთ, რომ რუსეთი ძლიერ და ფუნდამენტურად ახალ დემოგრაფიულ კრიზისს განიცდის, რომელსაც ძალზედ მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება. ის, რასაც ჩვენ რუსეთში ვხედავთ, უზარმაზარ ჰუმანიტარულ კრიზისს წარმოადგენს, რაც რასაკვირველია ზეგავლენას ახდენს ეკონომიკაზე, პოლიტიკასა და უსაფრთხოებაზე.“

ებერსტადის თქმით, ძალზედ მნიშვნელოვანია ის, რომ რუსეთი დემოგრაფიულ კრიზისს მშვიდობიანობის დროს განიცდის, რაც საკმაოდ უჩვეულოა. დემოგრაფიული პროგნოზების თანახმად ახლო მომავალაში რუსეთის მოსახლეობა მკვეთრად შემცირდება.

„კომუნისტური ეპოქის დასასრულიდან მოყოლებული რუსეთის მოსახლეობა 7 მილიონით შემცირდა, რაც მოსახლეობის დაახლოებით 5 პროცენტს შეადგენს. პროპორციულად ეს შემცირება შეიძლება ჩინეთში დამღუპველი მაოისტური ექსპერიმეტების ანუ ‘კულტურული რევოლუციის’ შედეგებს შევადაროთ. რუსეთის მოსახლეობის შემცირება უმეტეს წილად სიკვდილიანობის ზრდითა და შობადობის დაცემით განისაზღვრება. გარკვეული თვალსაზრისით რუსეთის მოსახლეობის შემცირებას იმიგრანტების ნაკადი ანელებს,“ აღნიშნა ებერსტადმა.

ევროპულ კონტექსტში რუსეთის შობადობის მაჩვენებელი ანომალიას არ წარმოადგენს რადგან ევროპაში შობადობის დონე ზოგადად 20-35 პროცენტით დაბალია იმაზე რაც საჭიროა მოსახლეობის გრძელვადიანი ზრდისთვის. ევროპელი დემოგრაფები აღნიშნავენ, რომ რუსეთში, დასავლეთ ევროპის მსგავსად, მეორე გარდამავალი დემოგრაფიული ტენდენცია დაიწყო, რაც ოჯახების არასტაბილურობასა და ქორწინების გარეშე მზარდ შობადობაში გამოიხატება. ებერსტადის თქმით:

„ნამდვილი კრიზისი არა შობადობაში არამედ სიკვდილიანობაში აისახება. რუსეთი არის იმ არგუმენტის ნამდვილი დადასტურება, რომ მშვიდობიანობის დროს განათლებული და ურბანიზირებული მოსახლეობის მქონე ქვეყანა ხუთი ათწლეულის მანძილზე შეიძლება მნიშვნელოვნად დაზარალდეს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაკნინების გამო. 2008 წელს რუსეთში დაბადებულ ბავშვთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 1960 წლის მაჩვენებელზე ოდნავ ნაკლები იყო. ხოლო მამამკაცებისთვის სიცოცხლის ხანგრძლივობა 50 წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით მნიშვნელოვნად ნაკლები.“

ბრიფინგზე კომენტარით გამოვიდა ჰადსონის ინსტიტუტის ვიცე პრეზიდენტი ენდერს ვიმბუში. ვიმბუშმა აღნიშნა, რომ რუსეთში ნეგატიური დემოგრაფიული პროცესები შეუქცევადია. მისი აზრით, მომავალში რუსეთს უბრალოდ გემოელევა ადამიანური კაპიტალი და შედეგად ეს ქვეყანა არა მხოლოდ ვერ შეძლებს სხვა ქვეყნებთან კონკურენციას არამედ თვით მისი სახელმწიფოებრიობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. აი როგორ ესახება ვიმბუშს რუსეთის დემოგრაფიული ტენდენციები მომავალში:

„ბევრი რუსისთვის, განსაკუთრებით იმათთვის, ვისაც კარგი განათლება აქვს მიღებული და ვინც მაშასადამე პროფესიული თვალსაზრისით უფრო მობილურია, რუსეთიდან წასვლა და საზღვარგარეთ უკეთესი შესაძლებლობების ძებნა ძალზედ ძლიერი მასტიმულირებელი ფაქტორი გახდება. ეს კიდევ უფრო გაარღმავებს დემოგრაფიულ პათოლოგიას. ადამიანების ამგვარი რეაქცია საკმაოდ ლოგიკურია თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთში განათლება დაკნინებას განიცდის, მრეწველობაში ინნოვაციები არ ხდება, საზოგადოებრივი ჯანდაცვა დაშლის პროცესშია და ხალხის უმრავლესობა უკმაყოფილოა.“

ვიმბუშს მიაჩნია, რომ დემოგრაფიული კრიზისი რუსეთის საგარეო და უშიშროების პოლიტიკაში მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს.

„რუსეთი ვეღარ შესძლებს დიდი არმიის მობილიზაციას მტრებთან გამკლავების მიზნით. ომებით გამოწვეული დანაკარგების მიმართ საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება კიდევ უფრო გაძლიერდება. და თუ ჩემი სცენარი გამართლდა, რუსეთის ხელმძღვანელობას ძალიან გაუჭირდება ქვეყნის შიგნით პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა საომარი მოქმედებების წარმართვის მიზნით. რუსეთი უკვე კარგა ხანია აღარ წარმოადგენს გლობალური მნიშვნელობის სახელმწიფოს. თუ ჩვენ გავითვალისწინებთ რუსეთის დემოგრაფიულ კატასტროფას ძალიან ძნელია იმის წარმოდგენა, რომ რუსეთი რეგიონალური მნიშვნელობის სახელმწიფოს სტატუსსაც შეინარჩუნებს. სწორედ ეს არის ის სამხედრო დასკვნა, რომელიც მე 2008 წლის აგვისტოს ამბებიდან გამოვიტანე. ამდენად დემოგრაფიულად დასუსტებული რუსეთი გამოწვევებს შერჩევითად მიუდგება.“

XS
SM
MD
LG