„ესაა სამუშაო შეხვედრა, საუბარი გვექნება სერტიფიცირებისა და იმის შესახებ, თუ რა უნდა დაიგეგმოს, როგორ შეიძლება თანმიმდევრულად რუსეთის ბაზარზე დაბრუნება, ხარისხის კონტროლის რა სისტემების გავლაა ამისთვის აუცილებელი. ფაქტობრივად, ჩვენ გვექნება პატარა პრეზენტაცია საქართველოში არსებული ხასისხის კონტროლის თაობაზე. შემდეგ, თუ იქნება შენიშვნები და მოსაზრებები, ჩვენ მათ რუსულ მხარესთან განვიხილავთ და დავგეგმავთ შემდეგ ნაბიჯებს, რომლის შედეგადაც, სავარაუდოდ რუსეთის დელეგაციის საქართველოში ვიზიტი დაიგეგმება,“– ამბობს ლევან დავითაშვილი.
შვიდი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფის მიზანი ერთის მხრივ ქართული პროდუქციის წარდგენა, მეორეს მხრივ კი იმ კონკრეტულ ღონისძიებებზე შეთანხმებაა, რაც ნაბიჯ–ნაბიჯ უნდა განხორციელდეს ქართული ნაწარმის რუსეთის ბაზარზე დასაბრუნებლად.
რა საფრთხეები დგას და რა სარგებლობა შეიძლება მოჰყვეს რუსულ ბაზარზე ხელახლა ფეხის მოკიდებას, ამის თაობაზე ჩვენთან საუბრისას ეკონომიკის ექსპერტმა ლადო პაპავამ ისაუბრა. მისი აზრით, ყველაზე დიდი რისკი ქართული პროდუქციისთვის არასტაბილურობის ფაქტორია.
„ბაზარს, რუსეთის სახით ,აქვს აქვს პრინციპული მნიშვნელობა, რადგან ჩვენი ექსპორტი თითქმის ოთხჯერ ჩამოუვარდება იმპორტს, რაც ეკონომიკის სუსტ განვითარებულობაზე მიუთითებს. აქედან გამომდინარე, რუსეთის ბაზრის გახსნას საქართველოსთვის აქვს დიდი მნიშვნელობა. ყველაზე დიდი საფრთხე, რაც შეიძლება ამ ბაზრის გახსნას მოჰყვეს, გახლავთ ის, რომ რუსეთის ბაზარი საკმაოდ არასტაბილურია, მასში საკმაოდ დიდი დოზითაა პოლიტიკური კომპონენტი და ის ნებისმიერ მომენტში ისევე შეიძლება დაიხუროს, როგორც ადრე, ყოველგვარი სპეციალური გამაფრთხილებელი და ობიექტური მიზეზების გარეშე.
რუსეთის ბაზარი არის დიდი რისკის შემცველი და ეს რისკი ბიზნეისთვის კარგადაა ცნობილი, არ ვგულისხმობ მხოლოდ ქართულ ბაზარს, ეს მთელი მსოფლიოსთვის ასეა, მაგრამ მიუხედავად ამ მაღალრისკიანი კომპონენტისა, რუსეთის ბაზარზე უარს მსოფლიოში არავინ არ ამბობს. ეს ის რისკია, რომელიც ბიზნესმა უნდა გაითვალისწინოს.
ყველაზე საუკეთესო ვარიანტი იქნება ბორჯომის იმპორტის აღდგენა სრული ოდენობით, როგორც იყო 2006 წლამდე, სანამ დაიხურებოდა რუსული ბაზარი ქართული პროდუქტებისთვის.
ცოტა უფრო რთული პერსპექტივა ექნება ქართულ ღვინოს და სასოფლო–სამეურნეო პროდუქტიას. ყველაზე ცუდი პერსპექტივა შეიძლება იყოს ის, რომ მას შემდეგ, რაც ქართული პროდუქცია შევა რუსულ ბაზარზე და ამაში ჩაიდება გარკვეული ფინანსები, კომპანიები აიღებენ კრედიტს და შევლენ ბაზარზე, რუსეთის მთავრობამ კვლავ მოინდომოს მოულოდნელად საქართველოს დასჯა და კიდევ ერთხელ გადაკეტოს ბაზარი, რითაც ზარალი მიადგებათ კომპანიებს.
ყველა ეს პერსპექტივა, უწინარეს ყოვლისა უნდა შეისწავლოს თითოეულმა კომპანიამ, ეს ის რისკებია, რომელიც უნდა გაითვალისწინოს ბიზნესმა. ამ რისკების შესახებ, რა თქმა უნდა უნდა ისაუბროს მთავრობამ, მაგრამ ამ რისკებს ვერ დააზღვევს მთავრობა, ეს ის რისკებია, რომელიც ბიზნესის ასაღებია,“– განაცხადა ლადო პაპავამ.
ღვინის კომპანია „თბილღვინო“, რომელიც საქართველოში არსებულ ბრენდებს შორის ერთ–ერთია, 1962 წლიდან არსებობს. 1999 წლიდან კომპანია განახლებული სახით მუშაობს და ამ დრომდე მსოფლიოს 30 ქვეყანაში ექსპორტს აწარმოებს. თბილღვინოს ხელმძღვანელი გიორგი მარგველაშვილი, რომელსაც აზრის გამოხატვა რუსულ ბაზარზე დაბრუნების პერსპექტივის შესახებ ვთხოვეთ, ამბობს:
„სადღეისოდ ყველა წინაპირობაა, რომ ეკონომიკური ურთირთობა რუსეთთან დარეგულირდეს. ჩვენ კომპანიას და სხვვებს ეს მისცემს შესაძლებლობას გააფართოვონ რეალიზაციის არეალი, შევიდნენ რუსეთის ბაზარზე და გაზარდონ გაყიდვები და შემოსავლები.
რაც შეეხება საფრთხეებს, ეს დაკავშირებულია ეკონომიკურ და პოლიტიკურ რისკებთან, რომელიც შეიძლება თან სდევდეს ამ ბაზარს. თუმცა ამგვარი რისკები არსებობს სხვა ბაზრებზეც, სადაც ღვინის მწარმოებელ კომპანიებს უწევთ ოპერირება. ასე რომ რუსეთის ბაზრის აღდგენის შემთხვევაში, გაცილების უფრო მეტი შესაძლებლობაა, ვიდრე საფრთხეები.
თუ ვაჭრობა აღდგა თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე, ანუ თუ ჩვენ გვექნა თავისუფალი არჩევანი პარტნიორის მოძიებისას და იქითა მხარესაც ექნა პარტნიორის სახით მისთვის სასურველი ღვინის მწარმოებელი კომპანიის თავისუფალი არჩევანის საშუალება, ჩვენ ცალსახად გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობებს და წარვადგენთ ჩვენ ღვინოებს რუსეთის ბაზარზე.
თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია,რაც აუცლებლად უნდა გავითვალისწინოთ. ესაა წონასწორობის პრინციპის დაცვა რუსეთის ბაზარსა და იმ დანარჩენი 30–მდე ქვეყნის ბაზარს შორის, სადაც ჩვენი ღვინოები იყიდება. ბალანსის დაცვა მნიშვნელოვანია, რათა არ მოხდეს ჭარბი დამოკიდებულების ჩამოყალიბება რუსეთის ბაზარზე.“
საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ბიზნეს კომპანიების ხელმძღვანელებიც შედიან, ხვალ მოსკოვში რუსეთის ფედერაციის მთავარ სანიტარს, გენადი ონიშენკოს შეხვდება.