შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ის დაემორჩილება რუსეთის მოთხოვნას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს - „იუ-ეს-ეიდის” - ყველა არსებული პროგრამის შეწყვეტის თაობაზე, რასაც შეერთებული შტატები „სამწუხარო” ფაქტს უწოდებს. „ამერიკის ხმის” კორესპონდენტი, ანდრე დე ნეშნერა მოგვითხრობს ვაშინგტონიდან და ამბობს, რომ ექსპერტების რწმენით ამ ქმედებით რუსეთში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები დაზარალდებიან.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ვიქტორია ნულანდის თქმით, შეერთებული შტატები უაღრესად ამაყობს უკანასკნელი 20 წლის მანძილზე „იუ-ეს-ეიდის” მიერ გარემოსდაცვით და ჯანდაცვის სფეროებში რუსეთში გაწეული საქმიანობის გამო.
„რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობის მხარდაჭერას, ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების იმ წარმომადგენლებთან, რომელთაც სურთ ჩვენთან თანამშრომლობა,” - განმარტავს ვიქტორია ნულანდი.
წლების მანძილზე, „იუ-ეს-ეიდმა” რუსეთში რამდენიმე ისეთი ცნობილი სამოქალაქო-საზოგადოებრივი ორგანიზაცია დააფინანსა, როგორიცაა მოსკოვის ერთადერთი დამოუკიდებელი საარჩევნო ხმების დამთვლელი ჯგუფი „გოლოსი” და ქვეყნის წამყვანი ადამიანის უფლებების დამცველი ჯგუფი - „მემორიალი”.
„ფრიდომ ჰაუზის” პრეზიდენტი და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ჯორჯ ბუში უმცროსის ადმინისტრაციაში, დევიდ კრამერი, ამბობს, რომ სწორედ „გოლოსის” და „მემორიალის” მსგავსი ჯგუფები დაზარალდებიან ყველაზე მეტად.
„ამ გადაწყვეტილებით ისინი მარტო რჩებიან. ეს მათთვის საშინელი დარტყმაა. შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი ვარაუდობდა, რომ რაღაც ამის მსგავსი მოხდებოდა და შესაბამისი ნაბიჯებიც გადადგეს, მაგრამ ზოგიერთი ორგანიზაცია გარე დაფინანსებაზეა დამოკიდებული, რაც მათი საქმიანობის გაგრძელებას რისკის ქვეშ აყენებს. ამდენად, გამოდის, რომ სანამ ისინი ფეხზე დადგომას ცდილობენ, ჩვენ ხელიდან ვეცლებით. ეს, ჩემი აზრით, საშინელი გზავნილია,” - აცხადებს დევიდ კრამერი.
კრამერის თქმით, რუსეთში „იუ-ეს-ეიდის” პროგრამების შეწყვეტის მოთხოვნა, ნათელია, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებაა.
„ეს ნაბიჯი პუტინის მიერ რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების დაშლის ერთ-ერთი უკანასკნელი მცდელობაა, რასაც წინ უძღოდა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მათი სტატუსის უცხოელ აგენტებად განსაზღვრის მოთხოვნა, პროტესტის გამოხატვის გამო გაზრდილი ჯარიმები, ცილისწამების რეკრიმინალიზაცია, ოპოზიციური ლიდერების სახლებში შეჭრა, მათი მეუღლეების დაპატიმრება და მათი ოჯახების მოკვლევაში გადაცემა,” - განმარტავს კრამერი.
ამ მოსაზრებას ეთანხმება ექსპერტი რუსეთის საკითხებში და ჰარვარდის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, მარშალ გოლდმანი.
„თუ რუსეთში მოღვაწეობ და პუტინმა გამოგარჩია, უნდა შეგაშფოთოს იმ ფაქტმა, რომ ახლა ყურადღების ცენტრში ხარ - რუსეთში არასოდეს იცი, რა მოხდება, თუ სამიზნეთა სიაში აღმოჩნდები,” - ამბობს გოლდმანი.
რუსეთში მისიის დასასრულებლად „იუ-ეს-ეიდს” ვადა 1 ოქტომრამდე აქვს.