კრემლი აცხადებს, რომ ამ კვირაში მიმდინარე შეხვედრებზე გადამწყვეტი შეთანხმების მიღწევის იმედი ნაკლებად არსებობს. შეხვედრები ამერიკელ და ევროპელ კოლეგებთან არის დაგეგმილი და განხილვის მთავარი საგანი უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარების მობილიზება და კრემლის მოთხოვნებია.
ორშაბათს, ამერიკელი და რუსი დიპლომატები ჟენევაში შეხვდნენ. 8-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ კრემლი ამბობს, რომ ოთხშაბათს და ხუთშაბათს ჩანიშნული შეხვედრების შედეგებს დაელოდება იმის გადასაწყვეტად, განაგრძოს ვაშინგტონთან საუბარი, თუ არა.
თუმცა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში ვიქტორია ნულანდმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთის მხრიდან დე-ესკალაციის მცირე ნიშნებიც კი არ არსებობს. "ეს კრიზისი რუსეთმა შექმნა" იმით, რომ "უკრაინის საზღვრებთან 100 000 სამხედრო განათავსა."
ჟენევის მოლაპარაკებებში რუსეთი გარანტიებს ითხოვდა, რომლებზეც ვაშინგტონი არ თანხმდება. კრემლს სურს, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდეს და აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო ჩართულობაც შეამციროს. "ნატო რუსეთისთვის საფრთხე არ არის. ნატო თავდაცვითი ალიანსია, რომლის ერთადერთი მიზანიც საკუთარი წევრების დაცვაა", - განმარტავს ნულანდი.
კრემლის პრეს-სპიკერი დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ მოლაპარაკებების პირველი დღე პირდაპირი, ყოვლისმომცველი და "გახსნილი" იყო. მსგავს შეფასებებს აკეთებენ ვაშინგტონშიც. თუმცა პესკოვი ამბობს, რომ საბოლოოდ, მხოლოდ ამ მოლაპარაკებების შედეგს აქვს მნიშვნელობა. "ამ დროისთვის ოპტიმიზმის მნიშვნელოვანი მიზეზი არ გვაქვს", - უთხრა მან ჟურნალისტებს.
Facebook Forum