ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსულ-ამერიკული პერსპექტივა


კრემლის პრაგმატიზმი ეფუძნება არსებულ რეალობას, რომ ორივე პრეზიდენტს ოთხი წლის მანძილზე მოუწევთ ერთმანეთთან მუშაობა

ანტიამერიკული განწყობების ერთწლიანი პერიოდის შემდეგ, კრემლს ობამას ადმინისტრაციასთან ურთიერთობის ოთხი წელი ელის. დეტალებს „ამერიკის ხმის“ მოსკოველი კორესპონდენტი, ჯეიმს ბრუკი არკვევდა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელი კოლეგა უკვე მიიწვია მოსკოვში. ბატონი პუტინის გაწვდილი ხელი აშკარად განსხვავდება ოთხი წლის წინანდელი ცივი დამოკიდებულებისგან, რომელიც პუტინმა ობამას პირველი არჩევის დროს გამოამჟღავნა. იმ დროს, ევროპა ობამას მიმართ პატივისცემით იყო გამსჭვალული. თუმცა, რუსეთმა შეერთებული შტატების ახალ პრეზიდენტს ახალი გეგმა შეაგება, რომელიც კალინინგრადის ოლქში რაკეტების განთავსებას ითვალისწინებდა.

ალექსანდერ რომანოვიჩი რუსეთის დუმის დეპუტატია. ის ამბობს, რომ კრემლმა ვაშინგტონთან ურთიერთობა შეამსუბუქა. მისი თქმით:

„ამერიკის და რუსეთის პრეზიდენტებს და პრემიერ მინისტრს, დმიტრი მედვედევს კარგად ესმით ერთმანეთის და შეუძლიათ ააგონ ურთიერთობა.“

კრემლის პრაგმატიზმი ეფუძნება არსებულ რეალობას, რომ ორივე პრეზიდენტს ოთხი წლის მანძილზე მოუწევთ ერთმანეთთან მუშაობა. ობამას ოთხწლიანი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, პრეზიდენტი პუტინი კვლავ რჩება თანამდებობაზე 6 წლიანი ვადის ამოწურვამდე.

მოსკოვმა შვებით ამოისუნთქა, როცა რესპუბლიკელების კანდიდატი მიტ რომნი დამარცხდა. რუსეთში ბევრი მიიჩნევდა, რომ რომნის გამარჯვებით ცივი ომის ეპოქა დაბრუნდებოდა. ამის საფუძველს მოსკოვს კი რომნის განცხადება აძლევდა, როდესაც მან რუსეთი ამერიკის ნომერ პირველ გეოსტრატეგიულ მეტოქედ მიიჩნია.

არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, პრემიერმა მედვედევმა განაცხადა, რომ ობამასთან მუშაობა გაცილებით ადვილია, რადგან ის პროგნოზირებადი პარტნიორია.

„ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი პერსპექტივა, რომ რუსეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობები გამოვასწოროთ, რადგანაც ბარაკ ობამა არ აზროვნებს მტრული, ცივი ომის დროინდელი სტერეოტიპებით. ის გახსნილი და თანამედროვე მსოფლიოს მომხრეა. ბარაკ ობამა ხედავს ახალ, თანამედროვე რუსეთს,“ - აცხადებს დუმის ყოფილი დეპუტატი სერგეი მარკოვი.

ანალიტიკოსები ფიქრობენ რომ ამერიკას და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები ჩამოყალიბდება. ერთის მხრივ, ამერიკა რუსეთის სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზას ავღანეთის კამპანიისთვის იყენებს. ასევე შეერთებული შტატების საჰაერო გადაზიდვებისთვის რუსეთის სივრცე ღიაა. ასეთ თანამშრომლობას ზოგჯერ ჩრდილს აყენებს ანტიამერიკული განწყობების გაძლიერება, რამაც უკანასკნელი წლის განმავლობაში იჩინა თავი.

ოპოზიციის აქტივისტი ვლადიმირ მილოვი აცხადებს, რომ ანტიამერიკული განწყობების გაძლიერება, ვლადიმირ პუტინის დაკვეთით ხდება.

„ჩვენ გვაქვს უცნაური ვითარება - შეერთებული შტატების პოსტსაბჭოური კრიტიკა, რომელსაც თან სდევს დასავლეთის ქვეყნებთან რუსული ისტებლიშმენტის ინტეგრაცია,“ - ამბობს მილოვი.

რუსეთში არსებული ანტიამერიკული განწყობის მთავარი სამიზნე შეერთებული შტატების ელჩი მაიკლ მაკფოლი გახდა. ობამას ხელახალი არჩევის შემდეგ, მაკფოლმა განაცხადა, რომ ორივე ქვეყანა ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე იზრუნებს. ამერიკული ექსპორტის მოცულობამ რუსეთში 2012 წელს 10 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს 10 წლის წინანდელ მონაცემს ხუთჯერ აღემატება.

ანალიტიკოსი ედ ლოზანსკი მიიჩნევს, რომ სტრატეგიული უთანხმოების საკითხად რჩება ევროპაში ანტისარაკეტო ფარის განთავსების ამერიკული გეგმა, რასაც რუსეთი ეწინააღმდეგება. თუმცა, ვაშინგტონი აცხადებს მისი ანტისარაკეტო სისტემა ირანიდან მომდინარე საფრთხის აღსაკვეთად არის გამიზნული.

„პუტინი მზად არის იმუშავოვს ამერიკასთან და გახდეს ამერიკის მოკავშირე, თუკი ჩვენ სარაკეტო თავდაცვის საკითხზე მივაღწევთ შეთანხმებას,“ - ამბობს ლოზანსკი.

დუმის დეპუტატი რომანოვიჩი ამბობს, რომ ეთანხმება რუსული ტელევიზიის მიერ ჩატარებულ გამოკითხვას, რომლის თანახმადაც რუსი მოქალაქეების 75 პროცენტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას ვარაუდობს. რომანოვიჩი ამერიკულ-რუსულ ურთიერთობებში მთავარ ბარიერებად ნატოს გაფართოვებას, საქართველოს პროდასავალურ განწყობას და დასავლეთის სირიაში მოქმედებას ასახელებს. ამდენად, შეძლებენ თუ არა ვლადიმირ პუტინი და ბარაკ ობამა პროდუქტიულ თანამშრომლობას, კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
XS
SM
MD
LG